საქართველოს მთავრობა – სიახლეები

პანდემიით შექმნილ ვითარებაში სახელმწიფო მევენახეებს და მეღვინეებს მხარში დაუდგება ამოსაბეჭდი ვერსია

2020-07-09

პანდემიით შექმნილ ვითარებაში, მევენახეობა-მეღვინეობის დარგის მხარდასაჭერად, სახელმწიფო 2020 წლის რთველის სუბსიდირებას განახორციელებს.

მთავრობის გადაწყვეტილებით, მევენახეები მიიღებენ არანაკლებ 80 თეთრს 1 კგ. რქაწითელსა და კახურ მწვანეზე.

სუბსიდიას მიიღებენ ის ღვინის კომპანიები, რომლებიც 2020 წლის რთველის განმავლობაში შეისყიდის და გადაამუშავებს კახეთის რეგიონიდან არანაკლებ 1000 ტონა რქაწითელის ან კახური მწვანის ჯიშის ყურძენს და შესყიდული 1 კგ ყურძნის სანაცვლოდ ყურძნის ჩამბარებელს გადაუხდის არანაკლებ 0,80 ლარს.

1 კგ ყურძნის შესყიდვის სანაცვლოდ, ღვინის კომპანიებზე სუბსიდია გაიცემა: 1 კგ რქაწითელისათვის - 0,30 ლარი და 1 კგ კახური მწვანისთვის - 0,30 ლარი; ამ მიზნისთვის, ბიუჯეტიდან გათვალისწინებულია 40 მლნ ლარის გამოყოფა.

ღვინის კომპანიების მხრიდან ყურძენზე მოთხოვნის ნაკლებობის შემთხვევაში, სახელმწიფო მმართველობაში არსებული სს „აკურა" ჩაერთვება ყურძნის მიღება-გადამუშავების პროცესში.

რთველი 2020-ის ორგანიზებულად წარმართვის მიზნით, შეიქმნება რთველის საკოორდინაციო შტაბი, ყურძნის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, თვითმმართველ ქალაქებში გამოიყოფა შესაბამისი ადგილები.

შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, მევენახე-მეღვინეებისთვის იაფ ფინანსურ რესურსზე ხელმისაწვდომობისთვის, შეღავათიანი აგროკრედიტის სახელმწიფო პროგრამაში განხორციელდა რიგი ცვლილებები, ასევე დარგის მხარდაჭერას ახორციელებს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა.

სტრატეგიულ ბაზრებზე ახალი ონლაინ პლატფორმების გამოყენებაში მცირე მარნებს მხარდაჭერას ღვინის ეროვნული სააგენტო აღმოუჩენს.

ღვინის ეროვნული სააგენტო უზრუნველყოფს სადეგუსტაციო ღვინის გაგზავნას საერთაშორისო ბაზრებზე.

მევენახეობა-მეღვინეობის დარგში სახელმწიფოს მიერ გატარებული სწორი პოლიტიკის შედეგად, ბოლო 2 წლის განმავლობაში რთველი სუბსიდიის ფორმით მხარდაჭერის გარეშე წარმატებით ტარდებოდა.

სწორმა პოლიტიკამ დარგი მნიშვნელოვნად გააძლიერა: გაშენდა ახალი ვენახები, შეიქმნა ახალი საწარმოები, გაუმჯობესებულია ღვინის ხარისხი, გაფართოვდა საექსპორტო ბაზრების არეალი, 2019 წელს რეკორდულ რაოდენობამდე გაიზარდა ღვინის ექსპორტი, მუშაობს აგროკრედიტისა და აგროდაზღვევის სისტემა.

2013 წლიდან შემუშავებულია რთველის ორგანიზებულად ჩატარების ეფექტიანი სისტემა.