2025-02-24
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს მთავრობის სხდომა გაიმართა. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უკრაინაში ომის დაწყების სამი წლისთავზე ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ უკრაინაში მალე დამყარდება მშვიდობა.
„სამი წელი შესრულდა დღეს უკრაინაში ომის დაწყებიდან. ეს არის ნამდვილად ტრაგიკული თარიღი ჩვენი მეგობარი ქვეყნის, უკრაინის ისტორიაში. ძალიან მძიმეა ომის შედეგები ჩვენი მეგობარი ქვეყნისთვის, ჩვენი მეგობარი ხალხისთვის. უამრავი ადამიანია დაღუპული ამ ომის შედეგად. ათ მილიონამდე უკრაინელი იქცა დევნილად, ლტოლვილად. უკრაინის ტერიტორიების 20% დღეს არის ოკუპირებული რუსეთის ფედერაციის მიერ, განადგურებულია ინფრასტრუქტურა, ეკონომიკა, ენერგეტიკა. უკრაინის საგარეო ვალი აღწევს ეკონომიკის თითქმის 100%-ს. 96%-ია წლევანდელი მაჩვენებელი და წლის ბოლოსთვის უკვე გადასცდება 100%-ს ეს მაჩვენებელი. ჩვენ ჩვენს მეგობარ ქვეყანას, მეგობარ ხალხს ვუსურვებთ, პირველ რიგში, მშვიდობას. პრინციპულად მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება სწრაფად, წარმატებით დასრულდეს ის პროცესი, რომელიც არის დაწყებული და რომელიც უკავშირდება უკრაინაში მშვიდობის დამყარებას. კიდევ ერთხელ მინდა, გამოვთქვა იმედი, რომ რაც შეიძლება მალე დამყარდება მშვიდობა ჩვენს მეგობარ ქვეყანაში, უკრაინაში", - განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურმა ქვეყანაში დიდთოვლობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საჭიროა ყველა უწყების მობილიზება სტიქიასთან საბრძოლველად.
„დიდთოვლობა არის რამდენიმე რეგიონში. საჭიროა ყველა უწყების სრული მობილიზება, რათა ვებრძოლოთ სტიქიის შედეგებს და ვიზრუნოთ მოსახლეობის ინტერესების მაქსიმალურად დაცვაზე. დღესაც არის მაქსიმალური მობილიზება და მომდევნო დღეების განმავლობაშიც ყველა ზომა იქნება მიღებული იმისათვის, რომ მაქსიმალურად ვიზრუნოთ მოსახლეობაზე დიდთოვლობიდან გამომდინარე", - განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი კობახიძემ ყურადღება გაამახვილა ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის წარმატებით ჩატარებაზე და მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც ჩართული იყო ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ორგანიზებაში.
„ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი ძალიან დიდი წარმატებით ჩატარდა ჩვენს ქვეყანაში. მაღალი შეფასება მოვისმინეთ საერთაშორისო პარტნიორების, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის, ევროპული კომიტეტების წარმომადგენლების, მათი ხელმძღვანელების მხრიდან. აღინიშნა, რომ თამასა ასწია ჩვენმა ქვეყანამ ასეთი ტურნირის მასპინძლობის თვალსაზრისით და მადლობა უნდა გადავუხადო ყველას, ვინც ჩართული იყო ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ორგანიზებაში. მადლობა სპორტის სამინისტროს, მინისტრს, შალვა გოგოლაძეს, ოლიმპიურ კომიტეტს, ლერი ხაბელოვს. მინდა, მადლობა გადავუხადო მამუკა ხაბარელს, რომელიც საორგანიზაციო ჯგუფს ხელმძღვანელობდა. ჩემთვის ნამდვილად საამაყოა ასეთი ტურნირის მასპინძლობა ჩვენს ქვეყანაში და მოხარული ვართ, რომ უმაღლესი შეფასება მიიღო მასპინძლობამ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან. მომავალშიც ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ მაქსიმალურად მოვიზიდოთ ასეთი შეჯიბრებები ჩვენს ქვეყანაში და ამ ტურნირებს ვუმასპინძლოთ უმაღლეს დონეზე", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ამასთან, მთავრობის მეთაურმა კალათბურთელების წარმატებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია და გიორგი შერმადინი წარდგენილი იქნებიან ბრწყინვალების ორდენზე.
„გაგვახარეს ჩვენმა კალათბურთელებმა, რომლებმაც ზედიზედ უკვე მეექვსედ მოიპოვეს ევრობასკეტის, ევროპის ჩემპიონატის საგზური. მნიშვნელოვანია ამ წარმატების სათანადოდ დაფასება და ამასთან დაკავშირებით, როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს პრეზიდენტთან კონსულტაციების საფუძველზე, მივიღეთ გადაწყვეტილება ჩვენი კალათბურთელებისა და მთლიანად გუნდის წევრების უმაღლეს სახელმწიფო ჯილდოებზე წარდგენის თაობაზე. ღირსების ორდენზე იქნებიან წარდგენილი ჩვენი ეროვნული საკალათბურთო გუნდის წევრები, ფედერაციის ხელმძღვანელები და, პირველ რიგში, კალათბურთელები. გამოვარჩიეთ 2 კალათბურთელი, კაპიტანი, თორნიკე შენგელია და ასევე გიორგი შერმადინი, რომლებსაც აქვთ განსაკუთრებული მიღწევები და ისინი იქნებიან წარდგენილი ბრწყინვალების ორდენზე. ყველა მათგანს მინდა, მივულოცო ეს ჯილდო. მათი დაჯილდოება მოხდება უახლოეს მომავალში", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერ-მინისტრმა ქვეყანაში დასაქმების მაჩვენებელზეც ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, მთლიანობაში დასაქმებულთა რაოდენობამ მიაღწია 1 412 500-ს, რაც არის რეკორდული მაჩვენებელი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში.
„რაც შეეხება ეკონომიკას, დასაქმების კუთხით გვაქვს ძალიან კარგი მაჩვენებლები. საქსტატმა შეაჯამა გასული წლის მე-4 კვარტლის მონაცემები და წინა წლის ანალოგიურ მონაცემებთან შედარებით, დაქირავებულთა რიცხოვნობა გაიზარდა 20 100 ადამიანით, მიაღწია 978 500-ს ამ მაჩვენებელმა. რაც შეეხება თვითდასაქმებულთა რიცხოვნობას, გაიზარდა 19 700 ადამიანით და მიაღწია 433 500-ს. ამავე პერიოდში უმუშევართა რაოდენობა შემცირდა 14 700-ით. მთლიანობაში, გასული 3 წლის განმავლობაში, დასაქმების თვალსაზრისით გვქონდა ძალიან კარგი ზრდა. დასაქმებულთა რაოდენობამ მიაღწია 1 412 500-ს, რაც არის რეკორდული მაჩვენებელი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში და მხოლოდ ბოლო 3 წლის განმავლობაში დასაქმების მაჩვენებელი გაიზარდა 195 000-ით. შესაბამისად, ჩვენი ამბიციური მიზანი, რომ მომდევნო 4 წლის განმავლობაში 200 000 ახალი სამუშაო ადგილი შევქმნათ, არის აბსოლუტურად რეალისტური და მთავრობის საქმიანობის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი იქნება სწორედ ახალი სამუშაო ადგილების შექმნა.
საგარეო ვაჭრობის მიმართულებით გვაქვს ძალიან კარგი მაჩვენებელი - 2025 წლის იანვრის მონაცემები გამოაქვეყნა საქსტატმა და საგარეო ვაჭრობა გაზრდილია 39.3 %-ით, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი ზრდა ჩვენი ქვეყნისთვის. რაც შეეხება ეკონომიკურ ზრდას, ჯერჯერობით არ არის დაზუსტებული სახით გამოქვეყნებული იანვრის მონაცემები, თუმცა წინასწარი შეფასებით, შეიძლება ითქვას, რომ ეკონომიკური ზრდა იქნება ორნიშნასთან საკმაოდ ახლოს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, ქვეყანას ყველა მიმართულებით აქვს კარგი მონაცემები როგორც დასაქმების, ასევე სავაჭრო ურთიერთობების და ეკონომიკური ზრდის ნაწილში.
გარკვეულ სუბიექტებს ჩვენს ქვეყანაში და ქვეყნის გარეთ ჰქონდათ ეკონომიკური კრიზისის ხელოვნურად შექმნის, გამოწვევის გეგმა, თუმცა ეს გეგმა რეალურად ჩავარდა. ყველა მიმართულებით გვაქვს ძალიან კარგი მონაცემები როგორც დასაქმების, ასევე სავაჭრო ურთიერთობებისა და ეკონომიკური ზრდის ნაწილში. ქვეყანა განაგრძობს შეუფერხებლად განვითარებას. ჩვენი ამოცანაა, დაახლოებით ზრდის იმავე მაჩვენებელზე გავიდეთ, რაც გვქონდა 2024 წელს. შარშან ზრდამ შეადგინა 9.5% და სავსებით რეალურია ასეთი მაჩვენებლის გამეორება მიმდინარე წელსაც. ჩვენი პოლიტიკური ოპონენტები ცდილობენ საპირისპირო მიმართულებით ქვეყნის განვითარების წარმართვას, თუმცა მათ გეგმებს, რა თქმა უნდა, განხორციელება არ უწერია, მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ ოპოზიციის რადიკალური ნაწილი არის, რბილად რომ აღვნიშნოთ, თავიდან ბოლომდე რთულ მდგომარეობაში. პირველად, გასული 20 წლის განმავლობაში, კოლექტიური ნაცმოძრაობა არ არის წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტში, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ შეუფერხებლად განვითარდეს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული სისტემა. ჩვენ ეს დაპირება მივეცით ქართულ საზოგადოებას, ეს დაპირება დიდწილად შესრულდა და, რა თქმა უნდა, განვაგრძობთ ამ დაპირების შესრულებას. რადიკალიზმის გარეშე ჩვენი დემოკრატიული სისტემა ბევრად უფრო სწრაფად განვითარდება და ბევრად ნაკლები შეფერხება ექნება ასეთ პირობებში ჩვენს ეკონომიკურ წინსვლასაც და, ზოგადად, განვითარებას ყველა მიმართულებით", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური