საქართველოს მთავრობა – სიახლეები

მთაში მცხოვრები მოქალაქეების მხარდაჭერა ამოსაბეჭდი ვერსია

2020-12-11



მთაში მცხოვრები მოქალაქეების მხარდაჭერისა და მაღალმთიანი რეგიონების განვითარებისთვის სახელმწიფო არაერთ პროექტს ახორციელებს.

2015 წლიდან ამოქმედდა მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ კანონი, რომლის მიხედვითაც მაღალმთიან დასახლებებში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი უკვე 256 500-მდე ადამიანს აქვს და სოციალური ან/და საგადასახადო შეღავათებით სარგებლობს. მთის სტატუსი მინიჭებული აქვს 1 797 დასახლებას.

კანონის ამოქმედების შემდეგ:

სახელმწიფო პენსიაზე დანამატს (+20%) წლიურად საშუალოდ 75 300-მდე პენსიონერი იღებს.
► ჯამში გაცემულია - 132 მლნ ლარზე მეტი (2020 წლის ოქტომბრის ჩათვლით);
► პენსია მთაში - 264 ლარი, 70 წელს ზემოთ პენსიონერებისთვის კი 300 ლარია;
► პენსია მთაში 2021 წლიდან - 288 ლარი, 70 წლის ან მეტი ასაკის პენსიონერთათვის 330 ლარი იქნება.

 

სამედიცინო პერსონალისათვის გაიცემა დანამატები - წლიურად 1600-ზე მეტ ექიმსა და ექთანზე:
► ექიმებისათვის - სახელმწიფო პენსიის ორმაგი ოდენობით ;
► ექთნისათვის - სახელმწიფო პენსიის ოდენობით;
► ჯამში გაცემულია -20 მლნ ლარამდე.
დანამატები გაიცემა სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულ და მის მართვაში არსებულ სამედიცინო დაწესებულებაში.
გარდა ამისა, 2015 წლიდან დიპლომის შემდგომი განათლების პროგრამის ფარგლებში, მომზადებული ექიმები 3 წლის განმავლობაში მაღალმთიან რეგიონებშიც საქმდებიან, სახელმწიფო მათ სწავლის საფასურს უფინანსებს განსაზღვრულ სპეციალობებში.

 

წლიურად 10 ათასზე მეტ მასწავლებელზე გაიცემა დანამატი - საბაზო თანამდებობრივი სარგოს არანაკლებ 35%-ის ოდენობით
► ჯამში გაცემულია - 62 მლნ ლარზე მეტი;
► ამასთან მასწავლებელთა ხელფასების ზრდა უწყვეტად მიმდინარეობს. მასწავლებლების ანაზღაურება მთაში:
• 2020 წელს - 800-დან 1880-ლარამდე;
• 2021 წელს იქნება 865-დან - 1980-ლარამდე.

 

ახალშობილისთვის დახმარება გაიცემა წლიურად საშუალოდ 5000-მდე ბენეფიციარზე
► პირველ და მეორე შვილზე 1 წლის განმავლობაში - 100 ლარი;
► მესამე და შემდგომ შვილზე 2 წლის განმავლობაში - 200 ლარი;
► ჯამში გაცემულია 29 მლნ ლარზე მეტი.


სოციალური პაკეტის დანამატი (+20%) წლიურად გაიცემა საშუალოდ 14 400-ზე მეტ ბენეფიციარზე
► ჯამში გაცემულია - 16 მლნ ლარზე მეტი.

 

ელექტრო ენერგიის შეღავათით წლიურად სარგებლობს 84 ათასამდე აბონენტი
► ფინანსდება მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის 50%-ი, მაგრამ არა უმეტეს 100 კვტ.სთ.
► ჯამში გაცემულია - 33 მლნ ლარამდე;
აღსანიშნავია, რომ პანდემიის პირობებში დაწესებული შეღავათებით - პირველ ეტაპზე 3 თვის, ახლა კი 4 თვის განმავლობაში ოჯახებს კომუნალური გადასახადები უფინანსდებათ.

 

გაიცემა დანამატი მწვრთნელებისთვის (50 ლარიდან ზევით) - წლიურად სარგებლობს 340-მდე მწვრთნელი
► ჯამში გაცემულია - 900 ათას ლარზე მეტი.

 

მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მქონე უკვე 429 საწარმო სარგებლობს საგადასახადო შეღავათებით.
10 წლის ვადით:
► მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მქონე იურიდიული პირები თავისუფლდებიან ქონების და მოგების გადასახადისგან;
► მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირები თავისუფლდებიან ქონებისა და საშემოსავლო გადასახადისგან.

გარდა ამისა, ქონების გადასახადისაგან თავისუფლდება მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირების საკუთრებაში არსებული მაღალმთიანი დასახლების ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთი.

 

2016-2020 წლებში მაღალმთიანი დასახლებების ფონდიდან დაფინანსდა ინფრასტრუქტურული პროექტები:
► საგზაო ინფრასტრუქტურა - 33.7 მლნ ლარი;
► წყალმომარაგება-წყალანირება - 4.8 მლნ ლარი;
► საბავშვო ბაღები - 2.5 მლნ ლარი;
► კულტურული ობიექტები - 2.1 მლნ ლარი;
► სპორტული ინფრასტრუქტურა - 1.2 მლნ ლარი;
► ნაპირსამაგრი სამუშაოები - 900 ათას ლარამდე;
► ხიდები - 1.8 მლნ ლარი.
► სხვა ინფრასტრუქტურული პროექტები - 2.3 მლნ ლარი.

2013-2018 წლებში მთაში, ჯამში რეაბილიტაცია ჩაუტარდა 747.1 კმ გზას. მთის ფონდის ფარგლებში 2016 წლიდან დღემდე განხორციელდა 155 პროექტი.

 

ფშავ-ხევსურეთ-გუდამაყარში ინტერნეტი ხელმისაწვდომი გახდა 500-მდე ოჯახისთვის.

2013-2020 წლებში 106 მაღალმთიანი დასახლება გაზიფიცირდა და ბუნებრივი აირის ქსელში ჩართვის შესაძლებლობა მიეცა 16 559 აბონენტს. აშენდა და რეაბილიტირდა ელექტროგადამცემი ხაზები. მიმდინარე წელს 95 სოფლის 207 ოჯახში მზის პანელები დამონტაჟდა.

2013-2020 წლებში, მაღალმთიანი სტატუსის მქონე დასახლებებში გაიხსნა იუსტიციის სახლის 4 ფილიალი და 24 საზოგადოებრივი ცენტრი. 2016 წლიდან ნოტარიუსები დაინიშნენ 15 მაღალმთიან დასახლებაში.
მოეწყო მოქალაქეთა მომსახურების ცენტრები.

ამოქმედდა ახალი პროექტი - „სახელმწიფო - შენი პარტნიორი", რომლის ფარგლებშიც, ყველა მხარდამჭერი პროგრამა მოქალაქეებისთვის კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდა. მათ, ვისაც სურვილი აქვს გახდეს მეწარმე ან ფერმერი, სახელმწიფო პროგრამებზე ინფორმაცია შეუძლია მიიღოს უკვე ერთ სივრცეში, ერთი ფანჯრის პრინციპით. მომსახურების მიღება შესაძლებელია საქართველოს მასშტაბით საზოგადოებრივ ცენტრებსა და იუსტიციის სახლებში, ასევე მოქმედებს გაერთიანებული ელექტრონული პორტალი - https://programs.gov.ge/.

 

სოფლის მეურნეობის მხარდამჭერი პროგრამებს ფარგლებში:
► გაიხსნა 19 ახალი საწარმო, ასევე 21 კოოპერაციული საწარმო;
► 715 ჰა ფართობზე გაშენდა ხეხილის 140 ბაღი;
► 8 728 პირმა დააზღვია 87 მლნ ლარის ღირებულების მოსავალი;
► სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის მისაღებად, მაღალმთიან დასახლებაში, კოოპერატივის შექმნისთვის საკმარისია 3 წევრი (9-ის ნაცვლად);
► მაღალმთიან რეგიონებში რეგისტრირებულია 429 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი, ისინი სარგებლობენ სხვადასხვა მხარდამჭერი პროგრამით:
• სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების სახელმწიფო პროგრამაში ჩართულია 38 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი;
• რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში რძის გადამმუშავებელი სხვადასხვა სიმძლავრის 21 კოოპერაციული საწარმო შეიქმნა;
• მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამაში ჩართულია 108 კოოპერატივი.
► გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტით მაღალმთიანი დასახლებების შემთხვევაში თანადაფინანსების ოდენობა გაზრდილია 10%-ით. (დამტკიცდა 16 პროექტი);
► სოფლად ახალგაზრდა მეწარმეების მხარდაჭერის პროგრამით ისარგებლა 28 პირმა;
► „სოფლის მეურნეობის მოდერნიზაციის, ბაზარზე წვდომისა და მოქნილობის (AMMAR)" თანადაფინანსების პროგრამაში ჩაერთო 50-მდე პირი;
► 25 ჰა ფართობზე დაფინანსდა ჩაის პლანტაციების რეაბილიტაცია;
►,,მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის და ბაზარზე წვდომის" სახელმწიფო პროგრამაში ჩაერთო 51 ფერმერი;
► განხორციელდა სამელიორაციო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო 36 პროექტი;
► Covid-19-ის პანდემიის პირობებში, მევენახეობის და მეღვინეობის დარგის მხარდასაჭერად, რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში სახელმწიფო მართვის ქვეშ მყოფმა საწარმომ მოსახლეობისგან შეისყიდა 1,2 ათას ტონამდე სხვადასხვა ჯიშის ყურძენი, რომელზეც კერძო სექტორის მხრიდან არ იყო მოთხოვნა;
აღნიშნული სოციალური მხარდაჭერით 1400-მდე ადგილობრივმა მევენახე-ფერმერმა ისარგებლა, რომლებმაც შემოსავლების სახით 8.03 მლნ ლარი მიიღეს;
► მესტიაში სურსათის ეროვნული სააგენტოს ახალი ოფისი ამოქმედდა.

 

სამედიცინო ინფრასტრუქტურის განახლება და ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა:
► აშენდა სასწრაფო სამედიცინო ცენტრის 13 ახალი შენობა;
► სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტოპარკი უკვე სრულად განახლდა, მაღალმთიან რაიონებს მაღალი გამავლობის სამედიცინო ავტომობილები გადაეცათ;
► ლენტეხსა და ხარაგაულში ახალი სამედიცინო დაწესებულებები გაიხსნა;
► გუდაურში გაიხსნა ტრავმატოლოგიური პუნქტი;
► აშენდა და რეაბილიტირდა სოფლის ამბულატორიები;
► ამასთან, მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომია სამედიცინო მომსახურება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით, ასევე ძვირადღირებული მედიკამენტები C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამით.

 

საპოლიციო ინფრასტრუქტურა და პროექტები პოლიციელთათვის
► 2021 წელს დასრულდება პოლიციის შენობების მშენებლობა მესტიაში, აბასთუმანში და თუშეთის სოფელ ომალოში.
► 2020 წელს პოლიციელებს და მეხანძრე-მაშველებს ხელფასები 125 ლარით გაეზარდათ.

 

საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურა და პროექტები
► აშენდა 37 სკოლა;
► სრული რეაბილიტაცია ჩატარდა 31 საჯარო სკოლაში
ასევე ჩატარდა სხვადასხვა სარემონტო სამუშაოების 100-ზე მეტი პროექტი;
► მიმდინარეობს 18 სკოლის პროექტირება/მშენებლობა;
► აშენდა შატილის სკოლა-პანსიონი;
► რეაბილიტირდა მაღაროსკარისა და ბარისახოს სკოლა-პანსიონები;
► ტრანსპორტი ემსახურება მაღალმთიანი სოფლების თითქმის ყველა სკოლას;
► არაფორმალური განათლების ფარგლებში სკოლებში გაიხსნა უფასო წრეები;
► მოქმედებს სტუდენტთა დაფინანსების სოციალური პროგრამა, სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვება შეუძლია სტუდენტებს, რომლებიც ბოლო 3 სასწავლო წელი სწავლობდნენ და ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს მაღალმთიან დასახლებაში;
► პროგრამა „ასწავლე საქართველოსთვის" ფარგლებში შორეულ, მათ შორის მაღალმთიანი სოფლების სკოლებში დასაქმდა სხვადასხვა საგნობრივი მიმართულების 150-ზე მეტი კონსულტანტ-მასწავლებელი;
► 28 მცირეკონტიგენტიანი საჯარო სკოლა ჩართულია მაღალი კვალიფიკაციის მქონე კადრებით დისტანციური სწავლების პროგრამაში;
► მაღალმთიან დასახლებაში მდებარე მრავალსექტორიანი საჯარო სკოლის მოსწავლისათვის, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტისათვის ვაუჩერის გაზრდილი ოდენობა გაიცემა;
► მაღალმთიან დასახლებებში პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების მასწავლებლები ასევე უზრუნველყოფილნი არიან 35%-ით გაზრდილი სახელფასო დანამატით;
► რეაბილიტირდა და გაიხსნა პროფესიული სასწავლებლების ახალი ფილიალები/ლაბორატორიები/სახელოსნოები;
► გუდაურში დაფუძნდა სათავგადასავლო ტურიზმის სკოლა;
► შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული, მიმდინარე და დასრულებული სხვადასხვა სამეცნიერო მიმართულების პროექტები, რომლებიც მთიანი რეგიონების პრობლემატიკას, აქტუალურ საკითხებს ეხება.
► ამბროლაურში საფეხბურთო კომპლექსი გაიხსნა.

 

აქტიურად მიმდინარეობს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების და კულტურული ობიექტების სარეაბილიტაციო სამუშაოები.

დასრულებულ და მიმდინარე პროექტებს შორისაა:
► სარეაბილიტაციო-საკონსერვაციო სამუშაოები ვარძიის სამონასტრო კომპლექსში;
► სვანური კოშკების და მაჩუბის რეაბილიტაცია;
► სოფ. ჩაჟაშის ნაგებობების რეაბილიტაცია;
► შატილის ავარიული კოშკების სარეაბილიტაციო სამუშაოები;
► სოფელ მუცოში სარეაბილიტაციო სამუშაოები ;
► მესტიაში ლეო ფილფანის სახელობის ფოლკლორის ცენტრის სრული რეაბილიტაცია;
► ცაგერის ისტორიული მუზეუმის საგამოფენო დარბაზების რეაბილიტაცია;
► დართლოს რეაბილიტაცია - კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე სახლების რეაბილიტაცია;
► აბასთუმნის ისტორიული სახლების აღდგენა, ევგენი ხარაძის სახელობის ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორიის რეაბილიტაცია;
► აშენდა გოდერძი ჩოხელის სახლ-მუზეუმი სოფელ ჩოხში;
► რეაბილიტირდა ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმი ჩარგალში;
► მიმდინარეობს ონის მუზეუმის მშენებლობა და სტეფანწმინდის მუზეუმის რეაბილიტაცია;
► განხორციელდა არაერთი ტაძრის რეაბილიტაციის პროექტი;
► რეაბილიტირდა კულტურის 3 სახლი.
და სხვ.


2013-2020 წლებში იუსტიციის სასწავლო ცენტრმა მაღალმთიანი რეგიონების მცხოვრებლებისათვის არაერთი აქტივობა განახორციელა, მათ შორის ტრენინგები იურიდიული და სოციალური მიმართულებით, ტურიზმის მართვის, პროექტების წერის, ეფექტიანი კომუნიკაციის, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ და სხვა მიმართულებებით, ასევე ქართული და ინგლისური ენის კურსები და ა.შ.

ეროვნული არქივის რესტავრაციის ლაბორატორიაში მიმდინარეობს სოფელ ლახამულში დაცული XII საუკუნის ოთხთავის კონსერვაცია/რესტავრაცია. სრულად რესტავრირებული ხელნაწერი კვლავ სოფელს დაუბრუნდება.

2016 წლის 1 აგვისტოდან მთელი ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის მაღალმთიანი რეგიონებშიც, დაიწყო მიწის რეგისტრაციის რეფორმა. მნიშვნელოვნად გამარტივდა რეგისტრაციის პროცედურები, მომსახურება მოქალაქეებისათვის გახდა უფასო, მათ შორის, სანოტარო მედიაცია.

2020 წლის ზაფხულიდან საჯარო რეესტრი მაღალმთიან დასახლებებში სისტემური რეგისტრაციის პროექტს ახორციელებს.

მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მქონე ყველა ქალაქსა და დაბაში შეგროვდა და დამუშავდა სანავიგაციო მონაცემები სატრანსპორტო ქსელის, საზოგადოებრივი მნიშვნელობის ინტერესის ობიექტების ობიექტების შესახებ.

2013-2019 წლებში მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში შემავალ ყველა ქალაქსა და დაბაში არსებულ მისამართებზე ინფორმაცია საველე წესით შეგროვდა და სამისამართო რეესტრში აღირიცხა.

 

საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ ორგანიზებითა და მონაწილეობით 2013-2020ლებში საქართველოს მაღალმთიან რეგიონებსა და დასახლებებში ნატოსა და ევროკავშირის, ასევე საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის შესახებ 280-მდე საინფორმაციო და საგანმანათლებლო ღონისძიება გაიმართა. 2019 წლიდან ცენტრს ორი ახალი ბიურო დაემატა მაღალმთიან აჭარაში (შუახევში) და რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში. სხვადასხვა საჯარო სკოლასა და ბიბლიოთეკაში გაიხსნა ნატოსა და ევროკავშირის შესახებ 15- მდე საინფორმაციო კუთხე

 

ტურიზმი/სამთო ტურიზმი და დაცული ტერიტორიები
► აშენდა საბაგიროები გუდაურში, ბაკურიანში, გოდერძიზე და სვანეთში;
► მიმდინარეობს კობი-გუდაურის სათხილამურო არეალის აღიჭურვა საზვავე უსაფრთხოების სისტემებით;
► მოეწყო ხელოვნური გათოვლიანების სისტემები;
► 2023 წელს, საქართველო თავისუფალი სტილით თხილამურებით სრიალსა და სნოუბორდში მსოფლიო ჩემპიონატს ბაკურიანი და გუდაური უმასპინძლებს.
► 2025 წელს, საქართველო ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს ბაკურიანი უმასპინძლებს.
► აშენდა ვიზიტორთა ცენტრები ყაზბეგსა და დუშეთში, ხარაგაულისა და ბორჯომის ვიზიტორთა ცენტრებში განახლდა საგამოფენო სივრცეები;
► მოეწყო საფეხმავლო და ველო ბილიკები;
► მოეწყო თოკების პარკი ალგეთისა და მტირალას ეროვნულ პარკებში;
► მაჭახელას ხეობაში განვითარდა ღვინის მარშრუტი;
► ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭახათში განხორციელდა არსებული ადმინისტრაციული შენობის რეკონსტრუქცია;
► თუშეთის დაცულ ტერიტორიებზე ჰოსტელი მოეწყო;
► თუშეთის დაცულ ტერიტორიებზე, სოფელ ომალოში, ქუეს გადასახედთან კაფეტერია მოეწყო;
► ფშავ-ხევსურეთში საფეხმავლო და საცხენოსნო ბილიკი აღდგა.