საქართველოს პრემიერ-მინისტრი სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
2018-09-16
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა. ვიზიტის პირველი შეხვედრა 17 სექტემბერს ვაშინგტონში, თეთრ სახლში გაიმართება. საქართველოს მთავრობის მეთაურს აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯონ ბოლტონი უმასპინძლებს.
20 სეტემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკლ პომპეოს შეხვდება. ვიზიტის ფარგლებში გაიმართება მოლაპარაკებები სენატორებთან. პრემიერ-მინისტრი ასევე შეხვდება USAID-ის მმართველ მარკ გრინს, OPIC-ის აღმასრულებელ დირექტორ რეი უოშბერნს, მსოფლიო ბანკის ჯგუფის პრეზიდენტ ჯიმ იონგ კიმს და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველ დირექტორ კრისტინ ლაგარდს. მთავრობის მეთაური, აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში, 27 სექტემბერს გაერო-ს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიის გენერალურ დებატების მონაწილეებს ქართულ ენაზე მიმართავს. მანამდე პრემიერი გაეროს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიის გახსნის ცერემონიას დაესწრება.
მამუკა ბახტაძე ასევე მიწვეულია აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და მისი მეუღლის სახელით ორგანიზებულ მიღებაზე, რომელიც გაერო-ს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიის მონაწილე სახელმწიფოებისა და მთავრობის მეთაურების პატივსაცემად იმართება.
ნიუ-იორკში ვიზიტისას დაგეგმილია პრემიერის ორმხრივი შეხვედრები ევროკავშირის ლიდერებთან, სხვადასხვა სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაურთან. პრემიერ-მინისტრი ასევე შეხვედრებს გამართავს აშშ-ის ბიზნესწრეების, საერთაშორისო ორგანიზაციების, ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან და ქართველ სტუდენტებთან, რომლებიც ნიუ-იორკში სწავლობენ.
|