საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
პრემიერ–მინისტრი ბაქოში პირველი ევროპული თამაშების გახსნის ცერემონიას დაესწრება
2015-06-11 12 ივნისს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის დედაქალაქში „ბაქო 2015- პირველი ევროპული თამაშების" გახსნის ოფიციალურ ცერემონიას დაესწრება. აზერბაიჯანში ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის პირისპირ შეხვედრა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან. ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრება აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის სახელით გამართულ „ბაქო 2015 - პირველი ევროპული თამაშების" გახსნისადმი მიძღვნილ ოფიციალურ მიღებას. პრემიერ-მინისტრი ასევე ეწვევა ოლიმპიურ სოფელს და შეხვდება საქართველოს ოლიმპიურ ნაკრებს. ოლიმპიადაში სპორტის 20 სახეობის 253 დისციპლინაში 50 ქვეყნის 6 ათასზე მეტი სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას. აზერბაიჯანში 105 ქართველი ათლეტი სპორტის 17 სახეობაში იასპარეზებს. საქართველოს დელეგაცია, რომლის შემადგენლობაში შედიან: ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, სახელმწიფო რწმუნებული ქვემო ქართლის რეგიონში პაატა ხიზანაშვილი,- აზერბაიჯანის დედაქალაქს 11 ივნისს ეწვევა.
|