საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
ირაკლი კობახიძე - გილოცავთ ზესტაფონის შემოვლითი გზის გახსნას, რომელიც საუკუნის პროექტის - რიკოთის მაგისტრალური გზის მნიშვნელოვანი ნაწილია
2024-04-26 მინდა, მოგილოცოთ ზესტაფონის შემოვლითი გზის გახსნა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი იმ დიდი პროექტისა, რასაც ჰქვია - საუკუნის პროექტი - რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი მაგისტრალური გზის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისივე თქმით, პროექტი, რომელიც სრულად შეესაბამება გარემოსდაცვით სტანდარტებს და გამოირჩევა უსაფრთხოების მაღალი ხარისხით, დაახლოებით ნახევარი საათით შეამცირებს მგზავრობის დროს აღნიშნულ მონაკვეთზე. მთავრობის მეთაურის შეფასებით, აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გზა ხელს შეუწყობს ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის განვითარებას, რასაც აქვს არსებითი მნიშვნელობა ქვეყნის ეკონომიკური წინსვლის უზრუნველყოფისთვის. „გასული წლის შემოდგომაზე გაიხსნა რიკოთის მაგისტრალის 27 კმ-იანი მონაკვეთი, რომლითაც ჩვენი მოსახლეობა და სტუმრები უკვე სარგებლობენ და სერიოზულად ამცირებს მგზავრობის დროს. დღეს იხსნება ზესტაფონის შემოვლითი, 9 კმ-იანი, 4-ზოლიანი გზა. ეს ახალი გზა ასევე განტვირთავს ქალაქ ზესტაფონს და მისცემს განვითარების ახალ შესაძლებლობებს. ამ კუთხითაც მნიშვნელოვანია ახალი მონაკვეთის მშენებლობა. ამ გზის დასრულებით აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გზის უკვე 276 კმ იქნება აშენებული. მათ შორის, აშენებულია რიკოთის პროექტით გათვალისწინებული 52 კმ-იანი გზიდან 36 კმ. დარჩენილი მონაკვეთების მშენებლობა გრძელდება და ეტაპობრივად დასრულდება ყველა დაგეგმილი პროექტი. ირაკლი კობახიძის თქმით, ყველა ეს პროექტი ხელს უწყობს რეგიონების განვითარებას და მოსახლეობის კეთილდღეობის ხარისხის ამაღლებას. „ამ პროექტებს რეგიონებში შეაქვს ახალი სიცოცხლე, რაც არა მხოლოდ მგზავრობის შემცირებულ დროსა და მანძილში გამოიხატება, ასევე -კომფორტულ, უსაფრთხო მგზავრობაში; იმ ეკონომიკურ სარგებელშიც, რომელიც ამ პროექტებს მოაქვს ჩვენი რეგიონების მოსახლეობისთვის. შესაბამისად, ყველა ეს პროექტი ხელს შეუწყობს ჩვენი რეგიონების განვითარებას და მოსახლეობის კეთილდღეობის ხარისხის ამაღლებას. მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც დაუღალავად შრომობდა პროექტის წარმატებით განხორციელებისთვის, მათ შორის, საერთაშორისო პარტნიორებს, აზიის განვითარების ბანკს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, პირადად მინისტრს, ირაკლი ქარსელაძეს და საავტომობილო გზების დეპარტამენტის თითოეულ თანამშრომელს. „ასევე მადლობა მინდა გადავუხადო უამრავ ქართველ თუ უცხოელ სპეციალისტს, რომელიც ჩართული იყო სამუშაოებში - ინჟინრებს, მშენებლებს, გეოლოგებს, ჰიდროლოგებს, გეოტექნოლოგებს. თითოეული ამ ადამიანის წვლილი პროექტის წარმატებით განხორციელებაში არის განსაკუთრებული. კიდევ ერთხელ მინდა მოგილოცოთ ამ ძალიან წარმატებული პროექტის განხორციელება და მომავალშიც წარმატებები გისურვოთ,"- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. ღონისძიებას საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები, ადგილობრივი ხელისუფლებისა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლები დაესწრნენ. რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი მაგისტრალური გზა ავტოტრანსპორტისთვის დღეიდან გაიხსნა. ახალი გზა ზესტაფონს განტვირთავს სატრანზიტო მოძრაობისგან და შეამცირებს მაგისტრალით მგზავრობის დროს. შემოვლითი გზის გავლას მხოლოდ 6 წუთი დასჭირდება. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური |