საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
2021 წლის 10 მაისის მთავრობის სხდომა
2021-05-10 საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 13 საკითხი განიხილა. დღევანდელ სხდომაზე მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ გარკვეული შეღავათები დაუწესდეთ ფერმერებს, რომლებსაც იჯარით აღებული მიწის გამოსყიდვა სურთ. კერძოდ, ფერმერები, რომლებსაც შედარებით მცირე მიწის ნაკვეთები იჯარით აქვთ აღებული, მის შეძენას 25%-იანი ფასდაკლებით შეძლებენ. გადაწყვეტილება 2000-მდე მოიჯარეს შეეხება. აღნიშნული გადაწყვეტილების მიზანია, გაიზარდოს სასოფლო-სამეურნეო მიწის ხელმისაწვდომობა, რაც ხელს შეუწყობს ეკონომიკის განვითარებასა და დასაქმებას. ასევე, დღევანდელ სხდომაზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ მთავრობის მეთაურს მიაწოდა ინფორმაცია პროგრამა „განახლებული რეგიონების" მიმდინარეობის შესახებ. აღინიშნა, რომ აქტიურად იმართება სპეციალური კომისიის სხდომები, ხდება კონკრეტული არეალების შერჩევა, სადაც პროგრამით გათვალისწინებული პროექტები უნდა განხორციელდეს. პროგრამის ფარგლებში, გასული კვირის განმავლობაში, კომისიის სხდომები დასავლეთ საქართველოში გაიმართა. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური |