საქართველოს მთავრობა
government.gov.ge

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამძიმარი

2021-12-18

დიდ გულისტკივილს გამოვთქვამ ცნობილი მომღერლისა და ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის ჯემალ ჭკუასელის გარდაცვალების გამო. მრავალმხრივი ნიჭით გამორჩეულმა ყველასათვის საყვარელმა მომღერალმა და არტისტმა ჯემალ ჭკუასელმა მდიდარი შემოქმედება დაგვიტოვა მემკვიდრეობად. იგი მრავალი წლის განმავლობაში ერთგულად ემსახურა ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის აღორძინების, დაცვისა და განვითარების საქმეს.

ჯემალ ჭკუასელის ხელმძღვანელობით, ანსამბლმა „ერისიონმა" მსოფლიოს გააცნო უნიკალური ქართული კულტურა და აღიარება მოუტანა ჩვენს ქვეყანას. ჯემალ ჭკუასელის გარდაცვალება დიდი დანაკარგია ქვეყნისათვის. მთელი გულით თანავუგრძნობ განსვენებულის ოჯახსა და ახლობლებს, ყველას, ვისთვისაც ძვირფასია ქართული ფოლკლორი.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი
ირაკლი ღარიბაშვილი