საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
ასოცირებული ტრიოს პრემიერ-მინისტრების ერთობლივი განცხადებები
2021-11-30 საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემთვის დიდი პატივია, რომ კოლეგებთან, უკრაინის და მოლდოვას პრემიერ-მინისტრებთან ერთად ვიმყოფები ბრიუსელში.
მადლობელი ვარ ევროპელი პარტნიორების, იმ ღია და გახსნილი საუბრისთვის, რაც მრავალი მიმართულებით გაიშალა ასოცირებული ტრიოს ფარგლებში. ასოცირებული ტრიოს ინიციატივა მიზნად ისახავს აღმოსავლეთ პარტნიორობის გაძლიერებას და მდგრადობას, იმისათვის, რომ ინკლუზიურობის, დიფერენცირების და "მეტი მეტისთვის" მიდგომის მიზნების მისაღწევად. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს პარტნიორობა განვითარდეს მიღწეული წინსვლის საფუძველზე და არსებული სისუსტეები გამოსწორდეს და მოგვარდეს. აღმოსავლეთ პარტნიორობის არსებული მდგომარეობა მოსალოდნელი სამიტის წინ აჩვენებს, რამდენად დიდია სტრატეგიული მიზნების მიღწევის აუცილებლობა ამ ინიციატივის ფარგლებში. ჩვენ აუცილებლად უნდა გავაძლიეროთ გეოპოლიტიკური პოზიცია და ნათელი გზავნილი მივცეთ იმ ქვეყნებს, რომლებსაც სურთ, კიდევ მეტი გააკეთონ მათ ურთიერთობებში ევროკავშირთან. ტრიოს თანამშრომლობის დღის წესრიგი გააძლიერებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ინსტრუმენტებს და არ ჩაანაცვლებს არსებულ ინიციატივებს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მივიღოთ დადებითი შეფასება იმ ძალისხმევისა, რომელიც ტრიომ სამიტამდე განახორციელა. წინსვლა ძირითადი რეფორმების განხორციელების ფარგლებში არის გარკვეულწილად კიდევ უფრო ხელშესახები, ვიდრე ადრე იყო და ეს უნდა იყოს ასახული ევროკავშირის მიდგომებში, დახმარების პაკეტებში. ჩვენ მივესალმებით იმ შემოთავაზებას, რომელიც ეკონომიკურ და საინვესტიციო გეგმას გულისხმობს და მოუთმენლად ველით გამოცხადებული ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის დამტკიცებას ჩვენი ქვეყნებისთვის და მზად ვართ, ვითანამშრომლოთ პარტნიორთან ერთად იმისათვის, რომ ახალი ფლაგმანური ინიციატივები წამოვაყენოთ და ძალიან კონკრეტული პროექტები განვახორციელოთ ხელშესახები სარგებლის მოსატანად ჩვენი მოსახლეობისთვის. მეექვსე სამიტის წინ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა, რომლის ფარგლებშიც ჩვენ კონკრეტული განზრახვა დავაფიქსირეთ. ევროკავშირის მხარდაჭერა ჩვენი სამი ქვეყნისთვის მოახდენს დარგობრივი თანამშრომლობის სტიმულირებას და გაძლიერებას. ასოცირების ტრიო მიზნად ისახავს თანამშრომლობის გაძლიერებას ევროკავშირთან მწვანე და ციფრული გარდაქმნის სფეროში, დაკავშირებადობის, ენერგოუსაფრთხოების, სასამართლო სისტემის გაძლიერების, ჯანდაცვის სისტემის გაუმჯობესების კუთხით, რაც იქნება ჩვენი ერთობლივი დეკლარაციის ტექსტში ასახული, სამიტის შედეგად. ასოცირებული ქვეყნების გაერთიანება ტრიოს ფორმატში დაიბადა ევროპის პარლამენტში. მიმაჩნია, რომ ჩვენი ქვეყნები გააგრძელებენ ევროპის პარლამენტის მხარდაჭერის მიღებას მომავალშიც და ამბიციური მიზნების ფარგლებში დაკმაყოფილდება ჩვენი სურვილები. ევრონესტი არის ის ინსტრუმენტი, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობას დაეხმარება იმისათვის, რომ სამიტის ფარგლებში, 2021 წლის დღის წესრიგი განხორციელდეს და დაკმაყოფილდეს. მოლდოვამ, საქართველომ და უკრაინამ ტრანსპორტის კუთხით გააფორმეს ასოცირების შეთანხმება, მიიღეს ვალდებულება ტრანსპორტის სფეროში გარკვეული რეფორმების განხორციელების მიმართულებით. ჩვენ გვაქვს ძალიან სრულყოფილი პროგრამა, რომელიც სამივე ქვეყანას მოიცავს. ასოცირებული ტრიო უკვე ღრმად არის ინტეგრირებული ევროპის სატრანსპორტო ქსელში. ამავდროულად, სამივე ქვეყანა დაინტერესებულია, რომ მოლაპარაკებები აწარმოოს ევროკავშირთან ასოცირებული ტრიოს ფარგლებში, იმისათვის, რომ მოხდეს ბაზრის ლიბერალიზაცია და სახელმწიფოების გაძლიერება ამ მიმართულებით. ჩვენი სავაჭრო ურთიერთობები ევროკავშირთან იმ ეტაპზეა, რომელიც აღარ გულისხმობს საგზაო ტრანსპორტირების შეთანხმების გადადებას შემდგომისთვის. ასოცირების ტრიოს ქვეყნები მზად ვართ, განვახორციელოთ ის პრიორიტეტები, რომელიც გულისხმობს მდგრად და გონივრულ განვითარებას და ახალი შემდგომი სტრატეგიების მიღებას დაკავშირებადობის კუთხით. სხვა მრავალ ფაქტორებს შორის ჩვენ ვისაუბრეთ საბაჟო სფეროში თანამშრომლობაზე. ჩვენ ვითანამშრომლეთ იმ დათქმების განხორციელების კუთხით, რომელიც გულისხმობს ალტერნატიულ წესებს მთელი ევროპის ტერიტორიის მასშტაბით. ენერგოუსაფრთხოების მნიშვნელობის გათვალისწინებით, მზად ვართ, ევროკავშირთან მივაღწიოთ თანამშრომლობას მთელი რიგი საკითხების მიმართულებით, რომელიც უკავშირდება ენერგოუსაფრთხოების გაძლიერებას ევროპაში. ამ კონტექსტში არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ყველა ქვეყანა ევროკავშირის ფარგლებში არიან ხელმომწერები იმ ენერგო შეთანხმებისა, რომელიც არსებობს და ტრიოს პლატფორმა გულისხმობს მდგრადობას, მედეგობის გაუმჯობესებას, იმისათვის, რომ ენერგოუსაფრთხოების საკითხები და მიწოდების უზრუნველყოფა მოხდეს რეგიონულ დონეზე და საერთო ინტერესები იქნას გათვალისწინებული მწვანე ენერგიის ტრანზიციის მიმართულებით. ძვირფასო კოლეგებო! ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ჩვენი პარტნიორობა ახალი შესაძლებლობებით. ასოცირებული ტრიო ელის, რომ აღმოსავლეთ ევროპის სამიტი იქნება პოლიტიკური სტრატეგიული მუხტის მიმცემი და ჩვენი ორიენტირები გაძლიერდება და აისახება ჩვენი ინტერესები ამ პარტნიორობის ფარგლებში, იმისათვის, რომ წევრ ქვეყნებთან ჩვენი ურთიერთობა გაძლიერდეს. მოლდოვას პრემიერ-მინისტრი ნატალია გავრილიცა: ასოცირებული ტრიოს ძალიან მნიშვნელოვან ვიზიტს ვაჯამებთ. სამიტის დაწყებამდე ორი კვირით ადრე, მოლდოვას, უკრაინის და საქართველოს პრემიერ-მინისტრები ვიმყოფებით ბრიუსელში და ეს არ არის უბრალო დამთხვევა. ჩვენ გავიაზრეთ ყველა ის ქმედება, რაც უკვე განხორციელდა და ის ინიციატივები, რაც ჩვენს ქვეყნებში გვქონდა დანერგილი. აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების ერთგულები ვართ. აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში ჩვენ უფრო დავახლოვდით და ევროკავშირთან ჩვენი ურთიერთობა და დიალოგი უფრო გაღრმავდა. საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ გარკვეულ ეტაპებზე გარკვეული ჩამორჩენები გვქონდა, მაგრამ ახლა ჩამორჩენების დრო აღარ არის. ძალიან ნათელი ხედვა გვაქვს, გზა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტამდე უნდა იყოს მტკიცე და ძლიერი სამომავლო პოლიტიკური დეკლარაციები უნდა მივიღოთ. ბოლო დროინდელი პოლიტიკური ცვლილებები მოლდოვას რესპუბლიკაში მხოლოდ აძლიერებს ჩემი ქვეყნის მტკიცე რწმენას, რომ ევროკავშირთან ასოცირება გვსურს. ჩვენ ძლიერი მანდატი გვაქვს პარლამენტსა და მთავრობაში, იმისათვის, რომ მოლდოვა დავუბრუნოთ ამბიციურ გზას და რეფორმებს და ჩვენ მტკიცე რწმენა გვაქვს, რომ ევროპული ფასეულობები ჩვენთვის ზიარია. ყველა ძალისხმევას გამოვიყენებთ იმისთვის, რომ სასამართლო სისტემაში, კორუფციასთან ბრძოლაში, ინსტიტუტების გაძლიერებაში, ეკონომიკის რეფორმირებაში, ციფრულ ტრანსფორმაციაში და ეკონომიკის გამწვანებაში შედეგებს მივაღწიოთ. ამბიციური ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმა, რომელიც ზაფხულში გამოცხადდა, იქნება ძლიერი და მთავარი მხარდაჭერა, რომელსაც ჩვენი ქვეყნები მიიღებს. ამას დასჭირდება გარკვეული ძალისხმევა და დრო, განსაკუთრებით პანდემიის პერიოდში, ეკონომიკური და ჯანდაცვის სისტემების კრიზისის პირობებში. ჩვენი გზა ნათელია - ძალიან ძლიერი, დამოუკიდებელი და კეთილდღეობის მომტანი მომავალი გვინდა ჩვენი ქვეყნებისთვის, ევროკავშირის ფარგლებში, ჩვენი ყველა მოქალაქის ინტერესების გათვალისწინებით.
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური
|