საქართველოს მთავრობა
government.gov.ge

პრემიერ-მინისტრმა ბაღდათი-აბასთუმნის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა

2021-09-12

  ..

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბაღდათი-აბასთუმნის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. პრემიერს სამუშაოების მიმდინარეობის პროცესი რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ გააცნო.

გზის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

როგორც რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრმა აღნიშნა, ჩატარებული სამუშაოების შედეგად, მნიშვნელოვნად გაიზრდება გზის უსაფრთხოებისა და მომსახურების სტანდარტი, შემცირდება მგზავრობის დრო დასავლეთ საქართველოს ცენტრალური ნაწილიდან თურქეთის საზღვრამდე. პროექტის დასრულების შემდეგ, ქუთაისის აეროპორტიდან აბასთუმნამდე მგზავრობის დრო 1.5 საათით შემცირდება და მგზავრობას 4 საათის ნაცვლად 2.5 საათი დასჭირდება.


აღნიშნული საავტომობილო გზის 4 კმ-იანი ნაწილი ამჟამად გადის დაბა აბასთუმნის ხეობაში, სადაც საცხოვრებელი და საყოფაცხოვრებო ნაგებობები ძირითადად გზის გასწვრივ არის განლაგებული. შესაბამისად, კურორტის ეკოლოგიური მდგომარეობის შენარჩუნებისა და გაუმჯობესების მიზნით, დაიწყო აბასთუმნის შემოვლითი 16 კმ-იანი გზის მშენებლობა. პროექტი ბაღდათი-აბასთუმნის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის პროექტის შემადგენელი ნაწილია, რომლის სამშენებლო სამუშაოების დასრულება 2022 წელს იგეგმება.


ბაღდათიდან-აბასთუმნამდე მისასვლელი გზის დღევანდელი ალტერნატივა ბაღდათი-ხაშური-აბასთუმნის გზის მარშრუტია, რომელიც ქუთაისის აეროპორტიდან მანძილს საგრძნობლად ზრდის. ახალი გზის მშენებლობით, ჩრდილოეთ-სამხრეთის კავშირი შენარჩუნდება იმდაგვარად, რომ კურორტის ტერიტორიაზე ავტოტრანსპორტი არ გაივლის. ბაღდათი-აბასთუმნის განახლებული მარშრუტით ერთმანეთს უმოკლესი გზით დაუკავშირდება იმერეთის, სამცხე-ჯავახეთისა და აჭარის რეგიონები.
აბასთუმნის შემოვლითი საავტომობილო გზის მშენებლობით შესაძლებელი გახდება კურორტზე გამავალი გამჭოლი სატრანსპორტო მოძრაობისაგან თავის არიდება, რითაც მაქსიმალურად იქნება შენარჩუნებული კურორტის უნიკალური ეკოლოგიური პირობები.


ბაღდათი-აბასთუმნის დამაკავშირებელი გზის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის სამუშაოებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი აწარმოებს. პროექტის საერთო ღირებულება 210 მილიონი ლარს შეადგენს. საავტომობილო გზების დეპარტამენტი მომავალ წელს აბასთუმანი-ბენარას დამაკავშირებელი არსებული 8 კმ-იანი გზის რეაბილიტაციას დაიწყებს, რომლის ღირებულება დაახლოებით 10 მილიონი ლარი იქნება.

 

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური