საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენი სარაგბო ინფრასტრუქტურის განვითარების გეგმა ითვალისწინებს დაახლოებით 100-მდე ბაზის მშენებლობას ყველა მუნიციპალიტეტში
2021-09-04 რაგბი რომ ჩვენი თამაშია, ეს თქვენ თქვენი მიღწევებით, თქვენი გმირობით დაამტკიცეთ; ის შედეგი, რომელიც თქვენ ამ ძალიან მოკლე პერიოდში დადეთ, ნამდვილად მისასალმებელია, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მორაგბეებს, რომლებსაც დღეს ქუთაისში, „აიას" სარაგბო არენაზე შეხვდა. „ჩვენს საამაყო მორაგბეებს, ჩვენს საამაყო და ლეგენდარულ სპორტსმენებს, მინდა, დიდი პატივისცემით მოგესალმოთ და მადლობა გითხრათ, როგორც მთავრობის მეთაურმა და როგორც რიგითმა მოქალაქემ იმ დიდი სიამაყისა და სიხარულისთვის, რომელიც თქვენ მოგინიჭებიათ ჩვენთვის, მთელი ერისთვის. რაგბი რომ ჩვენი თამაშია, ეს თქვენ თქვენი მიღწევებით, თქვენი გმირობით დაამტკიცეთ. ის შედეგი, რომელიც თქვენ ამ ძალიან მოკლე პერიოდში დადეთ, ნამდვილად მისასალმებელია. ფონდმა „ქართუმ" და კერძოდ, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა ძალიან დიდი წვლილი შეიტანა რაგბის განვითარების საქმეში. 12 წლის წინ დაიწყო ბატონმა ბიძინამ სწორედ რაგბის განვითარებაში სერიოზული, სოლიდური ინვესტიციების ჩადება. 100 მილიონი აშშ დოლარი ჩაიდო სწორედ სარაგბო ინფრასტრუქტურის განვითარებაში და ეს თანხა, თითოეული ჩადებული ლარი კონვერტირდა რეალურ, ხელშესახებ შედეგში. ეს, რა თქმა უნდა, თქვენ დაიმსახურეთ, ჩვენო ძვირფასო, ჩვენო საამაყო სპორტსმენებო და ეს არის იმ სწორად განსაზღვრული, დაგეგმილი და სწორად განხორციელებული ინვესტიციების შედეგი", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. რაც შეეხება მომავალ გეგმებს, მთავრობის მეთაურის თქმით, რაგბის კავშირის პრეზიდენტმა სოსო ტყემალაძემ მთავრობას წარუდგინა ხედვა, თუ როგორ უნდა განვითარდეს რაგბი და გადავიდეს შემდგომ ეტაპზე. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, გეგმა მთელი ქვეყნის მასშტაბით 100-მდე ახალი ბაზის მშენებლობას ითვალისწინებს. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური
|