საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
ირაკლი ღარიბაშვილი რიკოთზე - ეს არის მართლაც საუკუნის პროექტი, რომლის დასრულების შემდეგ, ჩვენს მოქალაქეებს თბილისიდან ბათუმში დაახლოებით 3 საათში შეეძლებათ ჩასვლა
2021-09-01 ეს არის მართლაც საუკუნის პროექტი, ასეთი პროექტი ჩვენს ქვეყანაში არ განხორციელებულა და შეიძლება ითქვას, რომ სირთულის მიხედვით მთელს ევროპაში გამოირჩევა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რიკოთზე განაცხადა, სადაც, პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავასთან ერთად, ახალი მაგისტრალის უბისა-შორაპნის მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო. მიმდინარე და შესრულებული სამუშაოების შესახებ მთავრობის მეთაურს დეტალური ინფორმაცია რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ მიაწოდა. ირაკლი ღარიბაშვილმა მინისტრს და სამშენებლო კომპანიის თანამშრომლებს ინტენსიური მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა პროექტის განსაკუთრებულ მნიშვნელობას. „მინდა, მადლობა გადაგიხადოთ ბატონო ირაკლი, თქვენ და თქვენს გუნდს ასეთი ინტენსიური მუშაობისთვის. ეს არის მართლაც საუკუნის პროექტი, ასეთი პროექტი ჩვენს ქვეყანაში არ განხორციელებულა და შეიძლება ითქვას, რომ სირთულის მიხედვით მთელს ევროპაში გამოირჩევა. ამ პროექტის დასრულების შემდეგ, ჩვენს მოქალაქეებს თბილისიდან ბათუმში დაახლოებით 3 საათში შეეძლებათ ჩასვლა. მინდა მივესალმო სამშენებლო კომპანიის თანამშრომლებს და ყველას მადლობა გადაგიხადოთ ასეთი მუშაობისთვის",- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. მთავრობის მეთაური სამუშაოების შემსრულებელი კომპანიების წარმომადგენლებს პროექტის დეტალებზე გაესაუბრა და მათ მადლობა გადაუხადა. პარალელურად 71 ხიდი და 47 გვირაბი შენდება, საიდანაც 8 გვირაბი უკვე გაჭრილია და მათი მოპირკეთების სამუშაოები მიმდინარეობს. უწყვეტ რეჟიმში გრძელდება სამუშაოები რიკოთის არსებული საუღელტეხილო გვირაბის პარალელურ გვირაბზე, რომელიც ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთზე მდებარეობს. რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოების ჯამური ღირებულება 2.6 მილიარდ ლარამდეა. პრემიერ-მინისტრთან ერთად უბისა-შორაპნის მონაკვეთზე ასევე იმყოფებოდნენ იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი და იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე.
|