საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და უკრაინის პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალის ერთობლივი განცხადებები
2021-08-22 უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი: პატივცემულო პრემიერ-მინისტრო! დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი კოლეგის, მეგობრის პრემიერ-მინისტრ ბატონ ირაკლი ღარიბაშვილის ოფიციალური ვიზიტი შესაძლებლობას მოგვცემს, რომ ფოკუსირება მოვახდინოთ ჩვენი პრაქტიკული ნაბიჯების განხილვაზე, ჩვენს ქვეყნებს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის ინტენსიფიკაციის მიზნით. დღეს ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, განგვეხილა ქართულ-უკრაინული ურთიერთობების ყველა ასპექტი, უსაფრთხოების, საგარეო, პოლიტიკური მიმართულებით, ასევე ვაჭრობისა და ეკონომიკურ სფეროებში თანამშრომლობის კუთხით. მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის ურყევი მხარდაჭერისთვის, ასევე რუსეთის მიერ ყირიმის უკანონო ანექსიის არაღიარებისთვის, დონბასზე რუსეთის აგრესიის დაგმობისთვის, ასევე დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დაცვასთან დაკავშირებული აქტიური პოზიციისთვის. რუსეთის ფედერაციიდან გაძლიერებული ზეწოლის პირობებში, ჩვენ ყოველთვის ვგრძნობდით საქართველოს მხარდაჭერას, რომელიც ახლა არის ძალიან ძვირფასი და ღირებული, იმ ფონზე, როდესაც უკრაინამ დააფუძნა წინააღმდეგობის ახალი ფორმატი - ყირიმის პლატფორმა. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მონაწილეობა ყირიმის პლატფორმის სამიტზე შესაძლებლობას მოგვცემს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღება გავამახვილოთ, რომ აუცილებელია იყოს კონსოლიდირებული ძალისხმევები, რომელიც უკავშირდება აფხაზეთის, ცხინვალის რეგიონის,სამხრეთ ოსეთის - საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციის საკითხებს. ჩვენ დეტალურად განვიხილეთ ჩვენი ქვეყნების ურთიერთობა საერთაშორისო დონეზე. კერძოდ, განვიხილეთ ერთობლივი ნაბიჯების კოორდინაცია, რათა დავაჩქაროთ საქართველოს და უკრაინის ევროკავშირსა და ნატოში სრულფასოვანი წევრობის მოპოვება. ჩვენთვის ასევე პრიორიტეტულია ის საკითხები, რომელიც უკავშირდება ნატოსთან თანამშრომლობის მექანიზმების გაღრმავებას და შავი ზღვის უსაფრთხოების მიმართულებით ჩვენი ქვეყნების დიალოგში ჩართვას. ევროინტეგრაციის მიმართულებით მჭიდრო თანამშრომლობის დამატებითი მექანიზმი გახდა ასოცირებული ტრიოს - უკრაინა-საქართველო - მოლდოვას საქმიანობის ფორმატის დაფუძნება. ეს მოხდა სახელმწიფო მეთაურების დონეზე და ასევე, მნიშვნელოვანია შესაბამისი დეკლარაციის ხელმოწერა, რაც 19 ივლისს, ქალაქ ბათუმში მოხდა.
ბატონ პრემიერ-მინისტრთან საუბრის დროს მე გამოვთქვი დაინტერესება საქართველოსა და უკრაინის რკინიგზის ტრანზიტული პოტენციალის ინტენსიური განვითარების მიმართულებით. უნდა გამოვიყენოთ შავი ზღვის პორტებისა და ჩვენს ქვეყნებს შორის საბორნე მიმოსვლების, არსებული ინფრასტრუქტურის პოტენციალი. ასევე უნდა გამოვიყენოთ ყველა ძალისხმევა, იმისათვის რომ გავზარდოთ ტვირთების ნაკადი როგორც ორ ქვეყანას შორის, ასევე უზრუნველვყოთ გადაზიდვები მესამე ქვეყნებში, საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიების გამოყენებით. შევთანხმდით, რომ გავაგრძელებთ ერთობლივ მუშაობას ევროპულ კომისიასთან, საქართველოს, უკრაინისა და ევროკავშირის და სხვა ქვეყნებს შორის საზღვაო პორტებში საკონტეინერო-საფიდერო მიმოსვლის განვითარების ხელსაყრელი პირობების უზრუნველყოფის მიზნით.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი: დიდი მადლობა ძვირფასო კოლეგავ, ბატონო პრემიერ-მინისტრო! დიდი პატივია ჩემთვის, ოფიციალურად ვიმყოფებოდე ჩემთვის და ჩვენი ხალხისთვის გამორჩეულ მეგობარ სახელმწიფოში, უკრაინაში. მე მინდა გულწრფელი მადლობა გადაგიხადოთ თქვენი ძალიან თბილი მასპინძლობისთვის. ბატონმა პრემიერმა გუშინ გვიმასპინძლა თავის მშობლიურ ქალაქში, ლვოვში. მე მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ ჩვენთვის ეს იყო ძალიან დიდი პატივი და მინდა ასევე დავაფიქსირო, თუ რაოდენ მადლიერი ვართ ჩვენ ასეთი მასპინძლობისთვის. უკრაინა და უკრაინელი ხალხი ჩვენთვის ძალიან ძვირფასია. უკრაინა არა მხოლოდ მეგობარი სახელმწიფოა, არამედ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ კიდევ უფრო მაღალ დონეზე ავიყვანოთ ჩვენი ურთიერთობები. ბოლო ორი დღის განმავლობაში ჩვენ განვიხილეთ არაერთი საკითხი, რომელიც აკავშირებს ორ მეგობარ სახელმწიფოს. ფართო სპექტრი საკითხების, რომელიც უკავშირდება უსაფრთხოების საკითხებს, ვაჭრობას და ეკონომიკას, ზოგადად, ჩვენს მეგობრულ ურთიერთობებს. ჩვენ ერთის მხრივ გვაქვს საერთო მისწრაფებები და როგორც უკრაინა, ასევე საქართველო, მივისწრაფვით, რომ გავხდეთ ევროკავშირისა და ნატოს წევრი ქვეყანა და მეორეს მხრივ, გვაქვს ანალოგიური, იდენტური პრობლემები და გამოწვევები. მინდა კიდევ ერთხელ დავადასტურო ჩვენი პატივისცემა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი. ასევე მინდა გამოვხატო მადლიერება და მადლობა გადავუხადო პრემიერ-მინისტრს და პრეზიდენტს, მათ მიერ, ყოველთვის საჯაროდ გაცხადებული მტკიცე მხარდაჭერისთვის. ხვალ მე მივიღებ მონაწილეობას პრეზიდენტ ზელენსკის ინიციატივაში, რომელიც უკავშირდება ყირიმის პლატფორმის შექმნას. ჩვენ კიდევ ერთხელ შევაფასებთ აღნიშნულ ვითარებას, ყირიმის დროებით ოკუპაციას. ასევე ჩვენ განვიხილეთ მძიმე მდგომარეობა, რომელიც ახლა, ამჟამად არის დროებით სეპარატისტულ რეგიონებში. ასევე, მიმოვიხილეთ ჩვენი საკითხები, რომელიც უკავშირდება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობას, აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონს. მოგეხსენებათ, რომ უკვე 13 წელი გავიდა აგვისტოს ომიდან და ჩვენი ტერიტორიების 20% კვლავ ოკუპირებულია. რა თქმა უნდა, შემაშფოთებელია ჩვენთვის რუსეთის ქმედებები როგორც უკრაინაში, ყირიმში, სეპარატისტულ რეგიონებში, ასევე ჩვენს ტერიტორიაზე. ცხინვალში და აფხაზეთში ბორდერიზაცია გრძელდება და ეს რა თქმა უნდა, საერთო შეშფოთებას იწვევს.
ევროკავშირთან ჩვენ ინტენსიური უნდა გავხადოთ პრაქტიკული თანამშრომლობის მექანიზმები, საკითხები, რომელიც უკავშირდება ენერგეტიკას, ტრანსპორტს, ციფრულ ბაზარს, დაკავშირებადობას. ვფიქრობ, ეს ის საკითხებია, რომელიც ჩვენ უნდა წამოვჭრათ და ერთობლივად ვიმუშაოთ ამ მიმართულებით. ჩვენ ასევე მიმოვიხილეთ ჩვენს მთავრობებს შორის არსებული ურთიერთობების საკითხები თავდაცვის და უსაფრთხოების მიმართულებით. ჩვენ გვაქვს ბრწყინვალე თანამშრომლობა. ჩემთან ერთად იმყოფება თავდაცვის მინისტრი და ძალიან კარგი თანამშრომლობა გვაქვს ამ სფეროშიც. ქართველი სამხედროები მონაწილეობას იღებენ ერთობლივ წვრთნებში ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, უკრაინელებთან ერთად. ასევე, უკრაინელი სამხედროები მონაწილეობენ საქართველოში, არაერთ წვრთნაში, რაც ძალიან სასიხარულოა. რაც შეეხება ეკონომიკას და ვაჭრობას, როგორც ბატონმა პრემიერმა აღნიშნა უკვე, ჩვენს ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა 32% -ით არის გაზრდილი. ასევე, ორი სიტყვით მინდა აღვნიშნო ტურიზმის თაობაზე, წელს უკრაინელი ვიზიტორების რაოდენობა 70%-ით არის გაზრდილი. ჩვენ განვიხილეთ ის ნაბიჯები, რომელიც უნდა გადავდგათ ერთობლივად იმისთვის, რომ სავაჭრო ბრუნვა გავზარდოთ მილიარდ დოლარამდე. მინდა აღვნიშნო, რომ COVID- 19-ის სერტიფიკატების გაცვლა წარმატებით დასრულდა და ვფიქრობ, რომ ეს კიდევ უფრო გაამარტივებს როგორც ჩვენი მოქალაქეების ვიზიტებს უკრაინაში, ასევე უკრაინელების ვიზიტს საქართველოში. მე მინდა კიდევ ერთხელ გადავუხადო მადლობა ჩემს ძვირფას კოლეგას მასპინძლობისთვის. ძალიან მიხარია, რომ ვიმყოფები კიევში. ეს არის ჩემი პირველი ვიზიტი თქვენს ქვეყანაში და მჯერა, რომ ბევრჯერ გვექნება წარმატებული ვიზიტები როგორც უკრაინაში, ასევე საქართველოში. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური
|