საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
პრემიერ-მინისტრის ანგარიში პარლამენტში
2021-06-25 პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში ანგარიში და ქვეყნის განვითარების ათწლიანი გეგმა წარადგინა.
ჩვენი საზოგადოებისთვის უმწვავეს რეალურ პრობლემებს ბოლო თვეების განმავლობაში დაემატა ხელოვნურად შექმნილი ე.წ. პოლიტიკური კრიზისიც. მე სწორედ ამ რთულ პირობებში, სამიოდე თვის წინ დამეკისრა ეს საპასუხისმგებლო თანამდებობა. საანგარიშო პერიოდის ვრცელი მიმოხილვა ცოტა ხნის წინ გამოგიგზავნეთ. კიდევ ერთხელ, მოკლედ შევაჯამოთ მთავრობის საქმიანობა ამ პერიოდში. პანდემიის გამო შარშან ჩვენი ეკონომიკა 6.2%-ით შემცირდა. თუმცა, ჩვენ არც ერთი წუთით არ შეგვიწყვეტია ინფრასტრუქტურული პროექტები, სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები, არ გაჩერებულა წარმოების მნიშვნელოვანი დარგები. სახელმწიფომ, სხვადასხვა პირდაპირი დახმარებისა თუ შეღავათების სახით, მაქსიმალური დახმარება გაუწია მეწარმეებსა და დასაქმებულ ადამიანებს. დროის მოკლე პერიოდში საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან მოვიზიდეთ ორი მილიარდ ასი მილიონი აშშ დოლარის დაფინანსება. ამან შესაძლებელი გახადა პანდემიის საპასუხო ღონისძიებების სრული დაფინანსება და მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნება. ვითარდება სატრანზიტო და ლოჯისტიკური პოტენციალი, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა. გრძელდება საერთაშორისო სატრანსპორტო ქსელებში ინტეგრაცია და საქართველოს რეგიონალურ ჰაბად ჩამოყალიბება. საანგარიშო პერიოდში განხორციელდა 600 კმ-მდე გზის რეაბილიტაცია, გაიხსნა მაგისტრალური გზის 70-მდე კმ. ასევე გეტყვით, რომ ამ სამუშაოებმა თბილისი-ბათუმის გზა 1 საათით უკვე შეამცირა. აქტიურ ფაზაშია ფოთის საზღვაო ტერმინალის მშენებლობა, პრიორიტეტად რჩება ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური. დასრულებულია ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტის სამშენებლო სამუშაოების დაახლოებით 82 %. საპილოტე რეჟიმში უკვე ხორციელდება გადაზიდვები. შეგახსენებთ, ჩვენ დავიწყეთ რეგულარული საჰაერო მიმოსვლის აღდგენა. დასრულდა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ახალი ტერმინალი. ეკონომიკური სტაბილურობისა და სიძლიერისთვის აუცილებელია რეგიონების განვითარება და ადგილებზე ახალი სამუშაოების შექმნა. ყველა დიდი თუ მცირე პროექტი სწორედ რეგიონების გაძლიერებას, ახალი სამუშაო ადგილების გაჩენას ემსახურება. სახელმწიფო პროგრამა „განახლებული რეგიონების" პირველი ეტაპის საორიენტაციო ღირებულება 500 მილიონი ლარია. აქტიურად მიმდინარეობს რეგიონების გაზიფიცირება და წყალმომარაგება. საგარეო პოლიტიკის მხრივ მინდა კიდევ ერთხელ შევაჯამოთ განვლილი პერიოდი. ჩვენი უმთავრესი მიზანია საქართველოს ევროკავშირში და ევროატლანტიკურ სივრცეში სრულფასოვანი ინტეგრაცია. საქართველოსადმი აშშ-ის ურყევი მხარდაჭერის დადასტურებაა კონგრესის მიერ 2020 წლის ბოლოს დამტკიცებული საკანონდებლო აქტები. ასევე წელს, თებერვალში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე კონგრესმენთა მიერ ხელახლა ინიციირებულია „საქართველოს მხარდამჭერი აქტი", გაზრდილია დაფინანსება. საერთაშორისო დონეზე სულ უფრო ძლიერდება მხარდაჭერა ოკუპაციის წინააღმდეგ და არაღიარების პოლიტიკა, ძალიან ეფექტიანად ვმუშაობთ. ვმუშაობთ, რომ დაისაჯონ ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლის ხელყოფაში დამნაშავეები, გათავისუფლდნენ უკანონოდ დაკავებულები, მათ შორის, ზაზა გახელაძე და ირაკლი ბებუა. ჩვენი ძალისხმევის თვალსაჩინო დასტურია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (II)". ადამიანის უფლებათა მასობრივი დარღვევებისათვის რუსეთს ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის მიმართ პასუხისმგებლობა დაეკისრა. ამასთან, ვაგრძელებთ აფხაზ და ოს ძმებთან ნდობის აღდგენის აქტიურ, შედეგზე ორიენტირებულ შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკას; მათ შორის, გამყოფი ხაზების გასწვრივ ერთობლივი ეკონომიკური საქმიანობის წახალისებას სამშვიდობო ინიციატივის - „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ" ფარგლებში. ასევე მინდა გითხრათ, ოკუპირებული რეგიონების მოსახლეობა ჩვენი მოქალაქეები არიან და მათზე ზრუნვა ჩვენი პასუხისმგებლობაა. პანდემიის პერიოდში ჩვენ მათ, ჩვენს პარტნიორებთან ერთად, სხვადასხვა მიმართულებით გავუწიეთ დახმარება, მივაწოდეთ დაახლოებით 4 მილიონი ლარის სამედიცინო აღჭურვილობა, მედიკამენტები, ვაქცინები. ვუმკურნალეთ 1,500-მდე ადამიანს. გამყოფი ხაზების სიახლოვეს მცხოვრები მოქალაქეებისათვის ხორციელდება ინფრასტრუქტურული, სოციალურ-ეკონომიკური, ჯანდაცვის და საგანმანათლებლო პროგრამები. ომმა მთიან ყარაბაღში მნიშვნელოვანი სირთულეების წინაშე დააყენა მთელი რეგიონი. ბუნებრივია, ჩვენი ქვეყნისთვის არსებითია სამეზობლოში მშვიდობა და სტაბილურობა. ჩვენ ვაგრძელებთ დაბალანსებულ და, ამავდროულად, ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის პოლიტიკას. ჩვენი პოლიტიკის უმნიშვნელოვანესი წარმატებაა სულ ახლახან ჩემი შუამავლობით და ამერიკის თანადგომით სომხეთ-აზერბაიჯანის შეთანხმება. ეს მართლაც უპრეცედენტო მოვლენაა, რომელიც ხაზს უსვამს ჩვენს განსაკუთრებულ როლს რეგიონში მშვიდობის უზრუნველსაყოფად. მე მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ორივე ქვეყნის ლიდერს, პრეზიდენტ ალიევს და პრემიერ-მინისტრ ფაშინიანს. აქვე ვაცხადებ მზადყოფნას, რომ გავაგრძელოთ ეს პროცესი საერთო მშვიდობისა და სტაბილურობის მისაღწევად. ინტენსიურად წარვმართავთ დიალოგს თურქეთთან ეკონომიკის, ვაჭრობის, სოფლის მეურნეობის და სხვა სფეროებში თანამშრომლობის გასაღრმავებლად. ჩვენი საერთაშორისო პოლიტიკის წარმატების დასტურია ის, რომ იზრდება საქართველოს წარმომადგენლობა საერთაშორისო ორგანიზაციებში. საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებს უდიდესი წვლილის შეტანა შეუძლიათ როგორც ქვეყნის განვითარებაში, ისე საქართველოს საერთაშორისო პოპულარიზაციაში. ჩვენი პრიორიტეტია საზღვარგარეთ ჩვენი მოქალაქეების უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა. ამასთან, მიუხედავად პანდემიისა, აქტიურად ვახორციელებთ დიასპორაში შემოქმედებითი ჯგუფებისა თუ ახალგაზრდობის მხარდაჭერას, ქართული ენის სწავლებას, კულტურის კერებისა და ისტორიული ძეგლების მოვლა-პატრონობას. განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ დასრულდა ლევილის მამულის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის პირველი ფაზა. გრძელდება რეფორმები ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისა და ტოტალური თავდაცვის განსამტკიცებლად. ნატოსთან თავსებადობის გაზრდის, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების და სამხედრო მოსამსახურეების დაფასების მიზნით გადაიდგა არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი. განათლების ყველა საფეხურზე მიმდინარე რეფორმის მიზანია სისტემური განვითარება. განათლებისა და მეცნიერების გრძელვადიანი პერსპექტივა აისახება ათწლიანი განვითარების გეგმაში, რომელზეც აქტიურად მუშაობს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. განათლების თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად 2021 წელს პირველად ჩატარდა სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვების მონიტორინგის სახელმწიფო პროგრამა. პარალელურად, შემუშავდა განსხვავებული სასწავლო გეგმა და ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ მათ სკოლაში დასაბრუნებლად. ასევე გეტყვით, რომ ბოლო 8 წლის განმავლობში ჩვენ ავაშენეთ 174 ახალი საჯარო სკოლა და სრულად რეაბილიტირდა 257 სკოლა; პანდემიის გამო სასწავლო პროცესი ნაწილობრივ დისტანციურად ხორციელდებოდა. ჩვენი მასწავლებლებისა და სამინისტროს ძალისხმევით არა მხოლოდ კარგად გავართვით თავი ამოცანას, არამედ საერთაშორისო მასშტაბითაც ერთ-ერთი გამორჩეული ქვეყანა გავხდით. პროფესიული განათლების მიმართულებით განხორციელდა მასშტაბური რეფორმა და ეს პროცესი გრძელდება. სისტემა კიდევ უფრო დაუახლოვდა ევროპულ სტანდარტს. განხორციელდა ეროვნული კვალიფიკაციების მოდერნიზაცია, მომზადდა შესაბამისი კვალიფიკაციის მასწავლებელთა კორპუსი, შეიქმნა სასწავლო რესურსები. პროფესიული განათლების სისტემა გახდა უფრო მოქნილი და მოერგო ყველა დაინტერესებული პირის საჭიროებას. ზრდასრულებისთვის შეთავაზებულია მოსამზადებელი პროგრამები სწრაფი დასაქმების ხელშესაწყობად. აშენდა და მოეწყო ინფრასტრუქტურა. ეს პროცესი გრძელდება. პროფესიული პროგრამები ხელმისაწვდომი გახდა ყველა რეგიონში. ყველა მუნიციპალიტეტში უნდა იყოს პროფესიული სასწავლებელი. ეს არის ჩვენი მიზანი და ამოცანა. რამდენიმე ახალი კოლეჯი უახლოეს პერიოდში იქნება მზად სტუდენტების მისაღებად. პანდემიის პერიოდში უნივერსიტეტებმა გაითვალისწინეს ჩვენი რეკომენდაცია და, სოციალური მხარდაჭერის სახით, სტუდენტებს საფასურის გადახდის გადავადება ან მოქნილი ინდივიდუალური გრაფიკი შესთავაზეს. ჩვენ მნიშვნელოვანი პროგრესი გვაქვს უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციისა და ხარისხის განვითარების მიმართულებით. ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო საგანმანათლებლო ჰაბად ჩამოყალიბებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მეგაპროექტ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს, რომელმაც წელს პირველი სტუდენტები მიიღო. უნივერსიტეტში ადრონული თერაპიის ცენტრის პროექტის დასრულების შემდეგ საქართველოში თავს მოიყრის მსოფლიოს დონის მეცნიერთა საუკეთესო გუნდი, რაც ეროვნული მეცნიერების ინტერნაციონალიზაციას შეუწყობს ხელს. ვმუშაობთ „კულტურის კოდექსზე", რომელიც სამართლიანობის, პროპორციულობის და ადამიანის უფლებების დაცვის პრინციპებს დაეფუძნება. მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის, გელათის კომპლექსის ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების სრულად დაცვის მიზნით, საქმეში ჩაერთვებიან ევროპელი უმაღლესი კლასის სპეციალისტები. ასევე გეტყვით, რომ გაიზარდა კულტურის ხელმისაწვდომობა, განსაკუთრებით, მაღალმთიანი რეგიონების, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილი და გამყოფი ხაზის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობისათვის, შშმ პირთათვის. ასევე გაცნობებთ, რომ საანგარიშო პერიოდში ქართველმა სპორტსმენებმა საერთაშორისო ასპარეზზე 200, მათ შორის, 65 ოქროს მედალი მოიპოვეს, მადლობა მათ. ჩვენმა ქვეყანამ არაერთ მასშტაბურ სპორტულ შეჯიბრებას უმასპინძლა და გამორჩეული ადგილი დაიკავა მსოფლიო სპორტულ რუკაზე. 2022 წელს თბილისი კალათბურთის ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპს მიიღებს, 2023 წელს - თხილამურსა და სნოუბორდში თავისუფალი სტილით სრიალში მსოფლიოს ჩემპიონატს, 2025 წელს კი ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს ვუმასპინძლებთ. ჩვენი მთავრობის მხარდაჭერით ბოლო წლებში აშენდა მნიშვნელოვანი სპორტული ობიექტები. ოლიმპიური სასახლე, ტანვარჯიშის და ფრენბურთის არენები, ოლიმპიური სტანდარტების საცურაო აუზი, ბათუმის სტადიონი და სპორტის სასახლე, არაერთი სარაგბო და საფეხბურთო მოედანი მზად არის დიდი საერთაშორისო ტურნირების მისაღებად. შენდება კალათბურთის სპორტის სასახლე, რომელიც 2022 წელს ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს. აქტიურად ვემზადებით ტოკიოს ოლიმპიადისთვის და მინდა თქვენთან ერთად წარმატება ვუსურვო ჩვენს ოლიმპიელებს. რა შეეხება სახელმწიფო მმართველობის სისტემის დეცენტრალიზაციას და ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარებას, რა თქმა უნდა, ჩვენი ამოცანაა ევროპულ ღირებულებებზე დაფუძნებული ადგილობრივი ხელისუფლების სისტემის დამკვიდრება. კორუფციის წინააღმდეგ ჩვენი ბრძოლის ეფექტიანობას ცხადყოფს საერთაშორისო გამჭვირვალობის ბოლო კვლევა. კორუფციის აღქმის ინდექსით ჩვენი ქვეყანა ინარჩუნებს მოწინავე პოზიციებს და წელსაც პირველია რეგიონში; მსოფლიო მასშტაბით კი, 180 ქვეყანას შორის 45-ე ადგილს ვიკავებთ და ვუსწრებთ ევროკავშირის 9 ქვეყანას. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ბიუჯეტის გამჭვირვალობას კუთხით სრულიად გამჭვირვალე ქვეყნების რიგში მსოფლიოს 117 ქვეყანას შორის საქართველო სწორედ მე-5 ადგილს ვიკავებთ. ასეთი გახლავთ ძალზე მოკლედ, ზოგად შტრიხებში, ბოლო ერთი წლის განმავლობაში განხორციელებული საქმე და შედეგები. ვფიქრობ, საკმაოდ რთული პროცესების შემდეგ, დღეს უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ხელისუფლების დიდი ძალისხმევით, კანონის უზენაესობისა და სახელმწიფო ინტერესების განუხრელი ერთგულებით, ყველა მიმართულებით ახალ ეტაპზე გადავედით. დღეს დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ უახლოეს დღეებში ვაქცინის მილიონ დოზაზე მეტს მივიღებთ. შეგახსენებთ, რომ ჩვენ ფაიზერთან მივაღწიეთ შეთანხმებას მილიონი ვაქცინის მიღებაზე, ასევე გვექნება ერთი მილიონი სინოფარმი, მილიონი სინოვაკი, ნოვავაქსის 700 000 დოზა. ჯამში, წლის ბოლომდე 4 მილიონ დოზას მივიღებთ, რაც იქნება სრულიად საკმარისი იმისთვის, რომ, როგორც დავგეგმეთ, მოსახლეობის 60 პროცენტი იქნეს აცრილი. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ჩვენს გმირ ექიმებს! განვლილი ურთულესი პერიოდის შემდეგ ჩვენმა ეკონომიკამ ზრდა დაიწყო. გასული წელი იყო ძალიან რთული არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის. მარტში ეკონომიკა 4 %-ით გაიზარდა და აპრილში გვქონდა რეკორდული - 44.8% ზრდა. მაისში ჩვენ ველოდებით 20%-ზე მეტ ზდას. არ მინდა მოვლენებს დავასწრო. ძალიან მალე იქნება გამოქვეყნებული მაისის თვის ზრდის სტატისტიკური მონაცემები. დღეს პარლამენტი უკვე სრულფასოვნად, ხალხის მიერ მიცემული მანდატების შესაბამისად ფუნქციონირებს. მინდა აქვე ვისარგებლო შემთხვევით და ამ პროცესში მადლობა გადავუხადო ჩვენს პარტნიორებს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტს ბატონ შარლ მიშელს და ყველას, ვინც ჩართული იყო მედიაციის პროცესში. ახლა ჩვენს წინაშეა პანდემიის საბოლოოდ დაძლევის, ეკონომიკის სწრაფი აღდგენის და ცხოვრების ნორმალურ რიტმთან დაბრუნების ამოცანები. თუმცა საჭიროა კიდევ უფრო შორს გავიხედოთ. პარლამენტში ჩვენს წინა შეხვედრაზე გითხარით, რომ ჩემს ამოცანად მიმაჩნია, არ დავჯერდეთ ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ უკვე მიღწეულ წარმატებებს და იმ პროგრესს, რომელიც ყველა მიმართულებით გვაქვს. ჩვენ თვალი უნდა გავუსწოროთ პრობლემებსა და გამოწვევებს, არა მხოლოდ ქვეყნის ოკუპაციას, არამედ უმუშევრობისა და სიღარიბის მაღალ დონეს. დღეს საქართველოში 300 ათას ადამიანზე მეტია უმუშევარი, რაც შრომისუნარიანი მოსახლეობის თითქმის 22 %-ია. მაისის მდგომარეობით საარსებო შემწეობის მიმღები არის 153 000 ოჯახი, ეს არის დაახლოებით 550 000 ჩვენი თანამოქალაქე, მათ შორის არის 180 000 ბავშვი. მხოლოდ ეს ციფრები გვარწმუნებს, რომ საჭიროა უფრო ენერგიული ნაბიჯები გადავდგათ განვითარებისკენ. ჩვენ გვჭირდება განვითარების გრძელვადიანი გეგმა, რომელიც უზრუნველყოფს თითოეული მოქალაქის კეთილდღეობას, თანასწორობას, ჩვენი ქვეყნის სტაბილურობასა და უსაფრთხოებას, დაახლოებას ჩვენს ისტორიულ მისიასთან - ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციასთან. გრძელვადიანი დაგეგმვა საჭიროა, რომ განვითარების პროცესები გავხადოთ პროგნოზირებადი. როგორც ჩვენი მოსახლეობისთვის, ისე ბიზნესისთვის, უცხოელი პარტნიორებისთვის - ყველასთვის მკაფიო უნდა იყოს, საით ვმოძრაობთ, საით მიდის ქვეყანა და საზოგადოება, რა კონკრეტულ შედეგებს მოიტანს ხელისუფლების მუშაობა. ჩვენ უნდა დავძლიოთ ინერცია, როდესაც პოლიტიკოსები და პარტიები საარჩევნო კატეგორიებით, არჩევნებიდან არჩევნებამდე პერსპექტივაში ფიქრობენ. უნდა დავსახოთ ჩვენი ქვეყნის განვითარების ახალი ჰორიზონტი. სწორედ ამას გულისხმობდა ჩემი ინიციატივა განვითარების ათწლიანი გეგმის შესახებ, რომლის ძირითად კონტურებსაც ახლა წარმოგიდგენთ. გეგმა დასრულებულ სახეს ამ შემოდგომისთვის მიიღებს. სექტემბრის ბოლომდე დასრულდება ეს სამუშაოები. ჩვენი ამოცანაა, რომ ყველა ჩაერთოს ამ პროცესში - როგორც პარლამენტი, ისე არასამთავრობო სექტორი, კერძო სექტორი. ჩვენი უცხოელი პარტნიორები გამოთქვამენ სრულ მზადყოფნას, რომ ჩაერთონ ამ პროცესში, რათა მივიღოთ სრულყოფილი დოკუმენტი და ხედვა გრძელვადიანი განვითარების - როგორი უნდა იყოს ქვეყანა 2030-ში. ჩვენი ქვეყნის გრძელვადიან განვითარებაში ეკონომიკას აქვს გადამწყვეტი როლი. ეკონომიკური განვითარების სიკეთეები თითოეულ ჩვენს მოქალაქეს რომ შეეხოს, საჭიროა ექსპორტზე ორიენტირებული ადგილობრივი წარმოების განვითარება, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა, უცხოური ინვესტიციების მოზიდვა, ევროკავშირის ერთიან ბაზარზე ეტაპობრივი ინტეგრაცია. ამის მიღწევას ვაპირებთ მცირე და საშუალო მეწარმეობის ხელშეწყობის გაძლიერებით, ინოვაციების წახალისებით, საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებით, სახელმწიფო საწარმოთა, წიაღისა და ენერგეტიკის, სხვა სექტორების რეფორმით, ინფრასტრუქტურის განვითარებით. შედეგად, ჩვენი ამოცანა უნდა იყოს, რომ რაც შეიძლება მალე გაიზარდოს საერთაშორისო ინვესტორთა რაოდენობა ქვეყანაში. განსაკუთრებული ზრუნვის საგანია ადგილობრივი წარმოების, განსაკუთრებით, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება. ასევე სწრაფი ეკონომიკური განვითარება და ჩვენი ბიზნესის ხელშეწყობა ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა უნდა იყოს. ჩვენ კარგად გვესმის ის გამოწვევები, რომლის წინაშეც დადგა ბიზნესი პანდემიის შედეგად. როგორც ჩვენი ადმინისტრაციის პირველივე დღეებში განვაცხადეთ, ჩვენ ხელს შევუწყობთ ბიზნესის ეფექტიან და სწრაფ გაჯანსაღებას. როგორც შეგპირდით, რეგულაციების შემსუბუქების და ეკონომიკური საქმიანობის გააქტიურების პარალელურად, გაიზრდება სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამების, როგორიცაა, მაგალითად, „აწარმოე საქართველოში", არეალი და მასშტაბები. დღეს შემიძლია გითხრათ, რომ ვიწყებთ სრულიად ახალ ეტაპს სახელმწიფოს მიერ ბიზნესის მხარდასაჭერად. დაბალპროცენტიანი ბიზნესსესხი ხელმისაწვდომი გახდება თითქმის ყველა დარგის ბიზნესისათვის. ამასთან, ჩვენ არა მხოლოდ საპროცენტო განაკვეთს დავაფინანსებთ, არამედ მოვახდენთ სესხის თანაგარანტირებასაც. ეს ნიშნავს, რომ კიდევ უფრო მეტ ადამიანს და მეტ ბიზნესს გაუჩნდება ფინანსებზე წვდომა. ამასთან, ჩვენ შემოგვაქვს თვისებრივად ახალი ფინანსური მექანიზმები იმპორტის ჩამნაცვლებელი და ექსპორტზე ორიენტირებული სექტორებისათვის, ასევე, სპეციალური პროგრამა აგრო- და ეკოტურისტული ობიექტების მხარდაჭერისათვის. დამატებით საგრანტო მექანიზმებით სარგებლობა შეეძლებათ ჩვენს მოქალაქეებს და ბიზნესს. რაც მთავარია, ჩვენ არ ვიფარგლებით მხოლოდ ბიზნესის პირდაპირი მხარდაჭერით და ვიწყებთ ახალ პროგრამას ოჯახებისთვის საცხოვრებელი ბინების შეძენის ხელშეწყობის მიზნით. მრავალშვილიან ოჯახებს, ასევე ოჯახებს, რომელთაც შეეძინებათ შვილი, საშუალება ექნებათ ისარგებლონ იპოთეკური სესხის სუბსიდირებით და ამით შეიქმნან/გაიუმჯობესონ საცხოვრებელი პირობები. რაც შეეხება ტურიზმს. მე მინდა რამდენიმე სიტყვით შევეხო ამ მეტად მნიშვნელოვან მიმართულებას. ჩვენი ამოცანა უნდა იყოს, რომ საქართველო მსოფლიო ტურისტულ რუკაზე წარმოჩინდეს როგორც მოწინავე, ყველა სეზონის, მომსახურების მაღალი ხარისხის, მრავალფეროვანი და უნიკალური შთაბეჭდილებების ქვეყანა. უკვე არსებულს დაემატება ახალი ტურისტულ ცენტრები ყველა მუნიციპალიტეტში. ჩვენი ამოცანა უნდა იყოს, უახლოეს წლებში 13 მილიონამდე გავზარდოთ ტურისტების რაოდენობა. ზოგადად, სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის ექსპორტი 2012 წელს იყო 500 მლნ დოლარი, 2020 წელს 942 მლნ დოლარამდე გაიზარდა, ხოლო ათწლიან პერსპექტივაში ეს მაჩვენებელი უნდა გახდეს მინიმუმ 3 მილიარდი დოლარი.
წითელი ხიდი-სარფის უსაფრთხოების თანამედროვე სტანდარტების მაგისტრალის მშენებლობის დასრულებით მგზავრობის დრო განახევრდება და ნაცვლად 8 საათისა, იქნება 4 საათი.
გაგრძელდება მაღალმთიანი დასახლებების მხარდაჭერა. ჩვენი გუნდისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტი უნდა იყოს გარემოსდაცვითი სტანდარტების დაცვა.
მომდევნო 10 წლის განმავლობაში ჩვენი მთავარი საზრუნავი უნდა იყოს: ხარისხიან ჯანდაცვაზე და მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება ჩვენი მოქალაქეებისთვის; პირველადი ჯანდაცვის სისტემის გაძლიერება, ახალი ტექნოლოგიების დანერგვა; სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ჰოსპიტალური ქსელის გაძლიერება; ჯანდაცვის სექტორში დასაქმებული პერსონალის მოტივაციის გაზრდა; არაგადამდები დაავადებებით გამოწვეული ავადობის და სიკვდილობის განახევრება; ტუბერკულოზის და შიდსის ახალი შემთხვევების მინიმუმამდე შემცირება. ასევე, 10-წლიან პერსპექტივაში, ჯანდაცვაზე ჯიბიდან გადახდები 47-დან 30%-მდე უნდა შემცირდეს. კვლავ დიდ ყურადღებას დავუთმობთ განათლების ხარისხსა და ხელმისაწვდომობას - ამის თაობაზე ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ; განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა როგორც სკოლების რეაბილიტაციას, ზოგადად, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, ჩვენი განათლებისა და მეცნიერების ინტეგრაციას საერთაშორისო დონეზე. მომდევნო 10 წლის განმავლობაში უმაღლესი განათლება 2 მილიარდ 830 მილიონი ლარით, ხოლო მეცნიერება 2 მილიარდ 104 მილიონი ლარით დაფინანსდება. ეტაპობრივად გაიზრდება მასწავლებლების ანაზღაურება და 2030 წლისთვის საშუალო დატვირთვის პირობებში 2200 ლარს გადააჭარბებს. მომდევნო წლების განმავლობაში, ზოგადი განათლების ბიუჯეტი 2 მილიარდ 230 მილიონს გადააჭარბებს. უმაღლესი განათლების ბიუჯეტი - 270 მლნ ლარი, ხოლო მეცნიერების ბიუჯეტი 243 მლნ ლარი გახდება. პროფესიული განათლების ბიუჯეტი 554 მლნ ლარს მიაღწევს.
უახლოეს მომავალში დელტას ბაზაზე, ებრაულ კომპანიასთან ერთად, დავიწყებთ ამერიკული M4-ის ტიპის შაშხანების წარმოებას. სამხედროების ბინებით უზრუნველყოფის ჩვენი პროექტის ფარგლებში, უკვე გაისად 1000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე მიიღებს ბინას და ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება. 2030 წელს ჩვენ გვექნება ეფექტიანი, თანამედროვედ აღჭურვილი საბრძოლო ძალა, რომელიც შეძლებს ადეკვატურად მოახდინოს საფრთხეებზე დროული რეაგირება. განვითარდება და ევროპულ სტანდარტებს დაუახლოვდება სამართალდაცვის სისტემა. განხორციელდება კრიმინალური პოლიციის რეფორმა, რომლის მიზანია საგამოძიებო, საუბნო და ოპერატიული მიმართულებების სრული გამიჯვნა. სრულად ამოქმედდება ცვლილებები სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში, რომლითაც მკაფიოდ გაიმიჯნება გამომძიებლისა და პროკურორის უფლებამოსილებები. ასევე, იგეგმება ავტოპარკის და სპეციალური ტექნიკის შეძენა, მათ შორის სამაშველო სამსახურისთვის განკუთვნილი სატრანსპორტო საშუალებების და მესაზღვრეებისთვის 2 ახალი შვეულმფრენის შეძენა. ძველი, ამორტიზებული შენობების ნაცვლად ჩვენ ავაშენებთ ახალ შენობებს. მაქსიმალურად მოცული იქნება რეგიონები, მათ შორის ძნელად მისაღწევ და მაღალმთიან ზონებში ავაშენებთ ახალ საპოლიციო და სამაშველო შენობებს. აშენდება ახალი სასაზღვრო სექტორები და საზღვრის დაცვისთვის აუცილებელი ახალი ინფრასტრუქტურა, რითაც მაქსიმალურად იქნება დაფარული მთელი ქვეყნის საზღვრის ყველა მონაკვეთი. დაგეგმილი გვაქვს სრულად განვაახლოთ და დავაკომპლექტოთ მოძველებული შეიარაღება და სპეციალური საშუალებები. სისტემა აღიჭურვება ახალი, თანამედროვე შეიარაღების სისტემებით. ამოქმედდება ელექტრონული დისპეტჩერიზაციის პროგრამა, რაც გაზრდის დანაშაულზე და სხვა სამართალდარღვევებზე რეაგირების ეფექტიანობას. ამოქმედდება ე.წ CRIME STOPPER, რაც მოქალაქეს საშუალებას მისცემს, პოლიციას ოპერატიულად მიაწოდოს კანონდარღვევის შესახებ ინფორმაცია, რომელიც ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ანალიტიკური სისტემების განვითარებას უზრუნველყოფს. დაინერგება ადრეული გაფრთხილების SMS-სისტემა, რომელიც სახიფათო ტერიტორიაზე მყოფ აბონენტებს შეატყობინებს მომხდარი ან პოტენციური საფრთხის შესახებ. ჩვენი გეგმის მიხედვით, 10-წლიან პერსპექტივაში დაგეგმილია შრომის ანაზღაურების ეტაპობრივი ზრდა ყოველ ორ წელიწადში ერთხელ. რაც შეეხება იუსტიციის სამინისტროს გეგმებს, ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს, რომ უახლოეს წლებში მაქსიმალურად მოხდეს ევროკავშირის სამართალთან ჰარმონიზაცია და ეს პროცესი ბოლომდე მივიდეს; მაქსიმალურად უზრუნველყოფილი იქნება მოქმედი და ყოფილი პატიმრების დასაქმება. არასრულწლოვანი პატიმრები განთავსდებიან საოჯახო ტიპის დაწესებულებებში.
დასრულდება სერვისების დიჯიტალიზაციის პროცესი. კულტურის სფეროში შემდგომი 10 წლის განმავლობაში გაწერილია ძალიან მნიშვნელოვანი გეგმები: სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო პოლიტიკის სტრატეგიული ხედვის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა: სახელმწიფო ენის ცოდნის დონის ამაღლებას - ჩვენი ამოცანა უნდა იყოს, მომდევნო 10 წლის განმავლობაში სახელმწიფო ენა იცოდეს არაქართულენოვანი სკოლების კურსდამთავრებულთა 99%-მა; ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობას, საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში სრულფასოვან ჩართულობას და კულტურათაშორისი დიალოგის განმტკიცებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. რაც შეეხება ჩვენი საგარეო საქმეთა სამინისტროს ამოცანებსა და გეგმებს, შეგახსენებთ, 2024 წელს ჩვენ ვაპირებთ ევროკავშირში წევრობაზე განაცხადის ოფიციალურად შეტანას, ამისთვის ჩვენ გვჭირდება, დავასრულოთ ევროკავშირთან საკანონმდებლო ჰარმონიზაცია; ახალი საექსპორტო ბაზრების მოძიება; აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავება, მათ შორის სავაჭრო და ეკონომიკური თანამშრომლობის განმტკიცება. ჩვენი მიზანი უნდა იყოს მსხვილი ამერიკული ინვესტიციების მოზიდვა, ერთობლივი პროექტების განხორციელება, აშშ-სთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმება. კიდევ ერთხელ მადლობა ყურადღებისთვის!
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური
|