საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
საქართველოს პრემიერ-მინისტრი თურქეთის სოფლის მეურნეობის მინისტრს შეხვდა
2021-06-04 საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, თურქეთის სოფლის მეურნეობის მინისტრ ბექირ პაკდემირლს შეხვდა. პრემიერ-მინისტრმა შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი თურქეთში მის სახელმწიფო ვიზიტს და თურქეთის პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოღანს ქართული დელეგაციის გულთბილი დახვედრისთვის და მაღალი დონის მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა. აღინიშნა, რომ ასეთი ვიზიტები ქვეყნებს შორის საუკეთესო თანამშრომლობის კიდევ ერთი დასტურია. შეხვედრაზე ქვეყნებს შორის ექსპორტისა და იმპორტის მაჩვენებლები განიხილეს. აღინიშნა, რომ 2020 წლის მონაცემებით, საქართველოდან თურქეთში ექსპორტირებულია 27.3 მლნ აშშ დოლარის ღირებულების აგროსასურსათო პროდუქცია, რაც 91%-ით აღემატება 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. შეხვედრაზე ასევე განიხილეს თურქეთის მიერ გაწეული დახმარება სოფლის მეურნეობის მიმართულებით. პრემიერ-მინისტრმა მადლიერება გამოხატა თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TIKA) მიმართ, რომელიც საქართველოს სხვადასხვა მიმართულებით მრავალი წელია ეხმარება. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური
|