საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
გიორგი გახარია - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ჩვენი მეცნიერების, კულტურის, ინტელექტუალური ცხოვრების უმნიშვნელოვანესი კერაა
2021-02-08 საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრ მიხეილ ჩხენკელთან ერთად, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებიდან 103 წლისთავთან დაკავშირებით, დღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იმყოფებოდა. პრემიერმა უნივერსიტეტის დაარსების 103 წლისთავი მიულოცა უნივერსიტეტის სტუდენტებს, პროფესორ-მასწავლებლებს, ყველა უნივერსიტეტელს და აღნიშნა, რომ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ქვეყნის მეცნიერების, კულტურის, ინტელექტუალური ცხოვრების უმნიშვნელოვანესი კერაა. გიორგი გახარია, მიხეილ ჩხენკელთან ერთად, ასევე გაეცნო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კორპუსის სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას. მთავრობის მეთაურმა ე.წ ჭკვიანი დაფებით აღჭურვილი აუდიტორიები დაათვალიერა. 10 ჭკვიანი დაფა (ე.წ. სმარტ ბორდი), რაც დისტანციური სასწავლო პროცესის ეფექტურად წარმართვისთვის გამოიყენება, ყველა სასწავლო კორპუსში განთავსდა და ისინი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს საჩუქრად ფონდმა „ქართუ" გადასცა. სარემონტო სამუშაოები, რომელიც განათლების, მეცნიერებისა და სპორტის სამინისტრომ ჯამში 27 მილიონი ლარით დააფინანსა, მიმდინარე წელს დასრულდება. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დღეს აკადემიური და კვლევითი დანიშნულების 27 შენობაშია განთავსებული. 2023 წლის ჩათვლით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყველა სასწავლო კორპუსის რეაბილიტაცია იგეგმება. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური
|