საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
საქართველოს პრემიერ-მინისტრი რიკოთის საუღელტეხილო გზის სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო
2021-02-01 საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, პირველ ვიცე-პრემიერთან, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილთან, იმერეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულ ზვიად შალამბერიძესა და მაჟორიტარ დეპუტატ პაატა კვიჟინაძესთან ერთად, რიკოთის საუღელტეხილო გზის სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო. გიორგი გახარიამ ხაზი გაუსვა, რომ რიკოთს ახლა აქვს უმნიშვნელოვანესი ეტაპი, ამ ჩქაროსნული მაგისტრალის შემდგომი განვითარებისთვის. „ეს გვირაბი, დაახლოებით, იქნება პარალელური, ყველასთვის ცნობილი, რიკოთის გვირაბის და იქნება 1800 მეტრი. ეს დასრულდება 2022 წლის მეორე ნახევარში, საერთოდ დასრულდება 1-ლი ეტაპი ამ რიკოთის მონაკვეთის და იქნება ყველაზე დიდი გვირაბი, სანა ქვეშეთი-კობს დავასრულებთ. ქვეშეთი-კობი, მოგეხსენებათ, რომ იქნება 9 კილომეტრზე მეტი. არც ერთი დღით, ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მუშაობა, პანდემიის პირობებშიც, გლობალური ეკონომიკური კრიზისის პირობებშიც არ გაჩერებულა და არ გაჩერდება. აქ, მაგალითად, ამ ეტაპზე, მხოლოდ და მხოლოდ ამ მონაკვეთზე, სულ დასაქმებულია 2 700 ადამიანი, საიდანაც 2 000 არის საქართველოს მოქალაქე. ამას ჩვენთვის, დღეს, განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს გლობალური ეკონომიკური კრიზისის პირობებში, თითოეული სამუშაო ადგილის შენარჩუნებას და არც ერთ შემთხვევაში, არც ერთი ინფრასტრუქტურული პროექტი არ გაჩერდება. ხშირად ვსაუბრობთ ხოლმე - ეკონომიკა გაჩერებულია, ეკონომიკა გაჩერებული არ არის. სამწუხაროდ, ეკონომიკის ზოგიერთი დარგებია გაჩერებული და ეს იძულებით ხდება, რამეთუ ჩვენც გლობალური ეკონომიკის ნაწილი ვართ", - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა. 2020 წელს, ჯამში, ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, საქართველოს 31 000 მოქალაქე იყო დასაქმებული. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური
|