საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ საქართველოს და უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის საჰაერო საზღვარზე შემოსვლის განახლებული რეჟიმი შეიმუშავა, რომელიც 1-ლი თებერვლიდან ამოქმედდება
2021-01-29 საქართველოში საჰაერო გზით შემომსვლელი როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის, საზღვრის კვეთის რეჟიმი მსუბუქდება, - ახალი რეგულაციები, რომლებიც ძალაში 1-ლი თებერვლიდან, რეგულარული ფრენების განახლებასთან ერთად შევა, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცა. განახლებული რეგულაციები, პრემიერ-მინისტრის დავალებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, შესაბამის უწყებებთან მჭიდრო კოორდინაციით შეიმუშავა და უწყებათაშორის საბჭოს წარუდგინა. რაც შეეხება უცხო ქვეყნების ვიზიტორებს, ისინი ნებისმიერი ტიპის კოვიდ-ვაქცინის სრული კურსის ჩატარების, რაც ორ სრულ დოზას გულისხმობს, დამადასტურებელი დოკუმენტის საზღვარზე წარდგენის შემთხვევაში, საქართველოში უპირობოდ შემოსვლას შეძლებენ. თვითიზოლაციის ვალდებულება უქმდება არავაქცინირებული ვიზიტორებისთვის, რომლებიც არიან - ევროკავშირის, ისრაელის, შვეიცარიის, აშშ-ის, საუდის არაბეთის, არაბთა გაერთიანებული საემიროების და ბაჰრეინის მოქალაქეები ან რეზიდენტები. აღნიშნული ქვეყნებიდან საქართველოში, მათ შორის ტრანზიტულად შემოსვლის შემთხვევაში, მოქალაქე ან რეზიდენტმა ვიზიტორებმა უნდა წარადგინონ 72-საათიანი ვალიდურობის მქონე PCR-ტესტის ნეგატიური პასუხი და ქვეყანაში შემოსვლის შემდეგ, მესამე დღეს, საკუთარი სახსრებით სავალდებულოდ ჩაიტარონ PCR-ტესტი. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ეპიდემიოლოგიური რისკების გათვალისწინებით, ამ ეტაპზე მოქმედი რეჟიმი შენარჩუნდება სახმელეთო საზღვრებთან მიმართებაში. პრემიერ-მინისტრის დავალებით, მიმდინარეობს მუშაობა სახმელეთო საზღვრების გავლით ქვეყანაში შემოსვლის რეჟიმის ცვლილებაზე, პარალელურად გრძელდება ეპიდემიოლოგიურ ტენდენციებზე დაკვირვება და შესაბამისი გადაწყვეტილებები ვითარების დეტალური ანალიზის საფუძველზე მიიღება. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი მოქმედი შეზღუდვების ეტაპობრივი შემსუბუქების პროცესში მაქსიმალურად თანმიმდევრული და ფრთხილი ნაბიჯების გადადგმის აუცილებლობას, რათა მიღწეული შედეგები საფრთხის ქვეშ არ დადგეს და რისკი არ შეექმნას როგორც მოქალაქეების ჯანმრთელობას, ისე ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური აღდგენის პერსპექტივას. აღინიშნა, რომ არსებული ტენდენციები ფრთხილი ოპტიმიზმის საშუალებას იძლევა და უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში მისი შენარჩუნების შემთხვევაში, ეტაპობრივი გახსნა დაგეგმილზე უფრო ადრე დაიწყება. უპირველეს ყოვლისა ეს შეეხება საგანმანათლებლო დაწესებულებებს, რათა ბავშვებს სასწავლო პროცესის კლასებში განახლების შესაძლებლობა მიეცეთ და ასევე - ეტაპობრივად ამოქმედდება მუნიციპალური ტრანსპორტი, რათა მიღწეული შედეგები სტაბილურად შენარჩუნდეს. ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 521 ადამიანი, კლინიკურ სასტუმროებში - 322 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 2 731 პირი. პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში აქტიურად მონაწილეობენ საქართველოს პარლამენტი, თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძის ხელმძღვანელობით და პრეზიდენტის ადმინისტრაცია. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური
|