საქართველოს მთავრობა
government.gov.ge

უკრაინის პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ხელმეორედ დანიშვნა მიულოცა

2020-12-30

უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ხელმეორედ დანიშვნა მიულოცა. ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრებს შორის სატელეფონო საუბარი დღეს შედგა.

დენის შმიგალმა გიორგი გახარიას წარმატებები უსურვა და გამოთქვა რწმენა, რომ ორ ქვეყანას შორის არსებული პარტნიორობა კიდევ უფრო გაღრმავდება.

საუბრისას ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და უკრაინას შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებზე და სხვადასხვა სფეროში წარმატებულ თანამშრომლობაზე.

პრემიერ-მინისტრებმა აღნიშნეს, რომ საქართველოს და უკრაინას აქვთ საერთო ევროპული მისწრაფებები, ისევე, როგორც - გამოწვევები და ხაზი გაუსვეს მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას ორივე სახელმწიფოს შემდგომი განვითარებისთვის. 

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური