საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
პრემიერ-მინისტრმა წერტილოვანი შეზღუდვების გამკაცრების საკითხი და მოქალაქეებისა და ბიზნესის მხარდაჭერის პაკეტი ბიზნესის წაზრმომადგენლებთან და ჯანდაცვის სფეროს ექსპერტებთან ერთობლივად განიხილა
2020-11-25 საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, წერტილოვანი შეზღუდვების გამკაცრებისა და გაფართოების საკითხი, ასევე მოქალაქეებისა და ბიზნესის იმ ნაწილის მხარდაჭერის პაკეტები, რომელზეც შეზღუდვები გავრცელდება, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს კერძო სექტორისა და ჯანდაცვის სფეროს ექსპერტებთან ერთობლივად განიხილა. შეხვედრაზე მთავრობის მეთაურმა ბიზნესისა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან ერთად განიხილა წერტილოვანი შეზღუდვების რამდენიმე ვარიანტი, რომელთა მიზანია, ერთის მხრივ ნაკლები ზიანი მიადგეს ეკონომიკას და ამავდროულად ეფექტური იყოს ვირუსის გავრცელების დინამიკის მართვის თვალსაზრისით. ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა და არსებული პროგნოზები მიმოიხილა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ. მისი შეფასებით, ქვეყანა პიკში შედის, შესაბამისად, საჭირო და აუცილებელია, წერტილოვანი ზომების მნიშვნელოვანი გამკაცრება, რათა ვირუსის გავრცელება მაქსიმალურად შეიზღუდოს. ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტების განმარტებით, შეზღუდვების გაფართოება ინფიცირების რაოდენობის მკვეთრ შემცირებას არ გამოიწვევს, თუმცა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს არსებული მდგომარეობის სტაბილიზაციას. მთავრობის მეთაურმა კერძო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად ასევე განიხილა ის ღონისძიებები, რომელსაც საქართველოს მთავრობა განახორციელებს მოქალაქეებისა და ბიზნესის მხარდასაჭერად. ხაზი გაესვა, რომ მნიშვნელოვანი ამოცანაა, მხარდაჭერის ისეთი პაკეტის ჩამოყალიბება, რომელიც დაეხმარება როგორც მოქალაქეებს, ასევე განსაკუთრებით ბიზნესის იმ მიმართულებებს, რომელთა შეზღუდვის აუცილებლობა პანდემიის მეორე ტალღის პირობებში დგება. შეხვედრას ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი და ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი ესწრებოდნენ. დისკუსიაში მონაწილეობდნენ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე, ცენტრის დირექტორის მოადგილე მეცნიერების დარგში პაატა იმნაძე, იმუნოლოგ-ალერგოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი და ექიმი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი გიორგი გოცაძე. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური
|