საქართველოს მთავრობა
government.gov.ge

გიორგი გახარია - მოვუწოდებ ჩვენს თითოეულ მოქალაქეს, ხვალ გავაკეთოთ არჩევანი, რომელიც განსაზღვრავს ჩვენი ქვეყნის შემდგომ წარმატებულ განვითარებას

2020-10-30

არჩევნები, რომელიც ჩატარდება ხვალ, წლების განმავლობაში განსაზღვრავს ჩვენი ქვეყნის შემდგომ წარმატებულ განვითარებას, ამიტომ, მოვუწოდებ ჩვენს თითოეულ მოქალაქეს, გავაკეთოთ ხვალ ჩვენი არჩევანი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოს შეუძლია, მსოფლიოს აჩვენოს კიდევ ერთი მაგალითი, თუ როგორ შეიძლება პანდემიის პირობებში სამაგალითო არჩევნების ჩატარება.

„ხვალ ჩვენი ქვეყნის შემდგომი დემოკრატიული განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი დღეა და ჩვენ ყველას ერთად შეგვიძლია, მსოფლიოს ვაჩვენოთ კიდევ ერთი მაგალითი, თუ როგორ შეიძლება პანდემიის პირობებში ჩავატაროთ სამაგალითო არჩევნები - თავისუფალი, ღია, დემოკრატიული და ტრანსფარენტული", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრის შეფასებით, როგორც წინასაარჩევნო პერიოდმა ჩაიარა ტრანსფარენტულ და დემოკრატიულ გარემოში, სწორედ ასევე უნდა ჩაიაროს არჩევნების დღემ და შემდგომმა პერიოდმაც.

„ხელისუფლების, მთავრობის, ოპოზიციური პარტიების და მთელი ჩვენი საზოგადოების ვალდებულებაა, რომ ხვალინდელი დღე იყოს მშვიდი, დემოკრატიული, ტრანსფარენტული და გამჭვირვალე და შემდგომი პერიოდიც უნდა შეესაბამებოდეს დემოკრატიის უმაღლეს სტანდარტებს. ნებისმიერი სახის პროვოკაცია ან კანონდარღვევა, მიუხედავად იმისა, თუ რომელი პოლიტიკური ძალის წარმომადგენლების მიერ იქნება ჩადენილი, იქნება უმკაცრესად დასჯილი სამართალდამცავი სისტემის მიერ", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიღებული აქვს დავალება, როგორც საარჩევნო უბნებზე მართლწესრიგის დასაცავად, ასევე ქვეყნის მასშტაბით, მართლწესრიგის დაცვის გაძლიერების თვალსაზრისით.

„საგარეო საქმეთა სამინისტრო, შტაბი, შინაგან საქმეთა სამინისტრო, 24-საათიან კავშირზე არიან ჩვენს სტუმარ დამკვირვებლებთან, რათა მათ მუშაობაშიც არანაირი შეფერხება არ შეიქმნას", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრმა მოუწოდა მოქალაქეებს, მივიდნენ საარჩევნო უბნებზე, სადაც დაცული იქნება ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების უმაღლესი სტანდარტი და გააკეთონ თავისუფალი არჩევანი.

„ამაზე იზრუნეს ჩვენმა ეპიდემიოლოგებმა, საარჩევნო კომისიამ, ჯანდაცვის სამინისტრომ და ყველამ ერთად უნდა გავაკეთოთ ჩვენი თავისუფალი არჩევანი, არჩევანი, რომელმაც უნდა განსაზღვროს შემდგომი წლების განმავლობაში ქვეყნის დემოკრატიული განვითარება. პანდემია გადაივლის, პანდემიას დავამარცხებთ, ეკონომიკურ კრიზისსაც გავუმკლავდებით, მაგრამ არჩევნები, რომელიც ჩატარდება ხვალ, წლების განმავლობაში განსაზღვრავს ჩვენი ქვეყნის შემდგომ წარმატებულ განვითარებას, ამიტომ, მოვუწოდებ ჩვენს თითოეულ მოქალაქეს, გავაკეთოთ ხვალ ჩვენი არჩევანი", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრმა ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობასა და ამ კუთხით მსოფლიოში არსებულ ტენდენციებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დღეს მსოფლიოში ახალი შემთხვევების მორიგი ანტირეკორდია - დადასტურდა 546 ათასი ახალი შემთხვევა.

„ყველა ერთად ვხედავთ და თვალყურს ვადევნებთ, როგორ მიმდინარეობს ევროპაში კონკრეტული წერტილოვანი შეზღუდვები, ზოგ შემთხვევაში „ლოკდაუნებიც". სამწუხაროდ, უკვე 8 ქვეყანაა მსოფლიოში, რომელმაც ინფიცირებულების რაოდენობით მილიონიან ნიშნულს გადააჭარბა. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ზრდის გამოწვევებს, როგორც გლობალურს, ასევე ჩვენი ქვეყნის წინაშეც", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველოშიც საკმაოდ მაღალი რიცხვებია კორონავივრუსის ახალი შემთხვევების, თუმცა ბოლო დროს, შეინიშნება საკმაოდ ფრთხილი პოზიტიური ნიშნები, რაც მდგომარეობს გამოჯანმრთელებულთა რაოდენობის ზრდაში და ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობის სტაბილიზაციაში, იმის გათვალისწინებით, რომ ტესტირების რაოდენობა ქვეყანაში იზრდება.

„მაგალითად გუშინ იყო გაკეთებული 11 000 ტესტი, გუშინწინ - 9 000 ტესტი. ჩვენ ყოველდღიურად ვმერყეობთ 8-დან 11 ათასამდე ტესტს შორის. ეს არ არის ვინმეს დამსახურება, ეს არ არის მთავრობის, ან ცალკე აღებული სამინისტროს დამსახურება, ეს ყველას საერთო დამსახურებაა", - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

პრემიერმა აღნიშნა, რომ გახშირდა მოქალაქეების მიერ პირბადის ტარება და ეს უკიდურესად მნიშვნელოვანია.

„პირდაპირი მიზეზ-შედეგობრივი კავშირია პირბადის ტარებასა და ინფექციის გავრცელების სისწრაფეს შორის. ამიტომ, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ვატაროთ პირბადე, როგორც დახურულ შენობაში, ასევე ღია სივრცეში. ეს ჩვენი პასუხისმგებლობაა, პირველ რიგში, ჩვენი თანამოქალაქეების, ჩვენი ახლობლების ჯანმრთელობის წინაშე და ასევე, ჩვენი ქვეყნის შემდგომი განვითარების წინაშე. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მინიმალური ზიანი მივაყენოთ ეკონომიკას. ჩვენ გვაქვს იმის შესაძლებლობა და შეგვიძლია, როგორც პირველ ტალღას გავუმკლავდით წარმატებულად ერთად, ზუსტად იგივე გავაკეთოთ ახლა, მეორე ტალღის პერიოდშიც ჩვენს მოქალაქეებთან, ბიზნესთან ერთად, შესაბამის სამინისტროებთან, ექიმებთან, პოლიციასთან ერთად, ყველამ ერთად მაქსიმალურად დავიცვათ წესები. ეს არ არის რთული წესები, დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია პირბადის ტარება როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში. სამწუხაროდ, უფრო ეფექტური ჯერჯერობით ვერაფერი გამოიგონეს", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მთავრობის მეთაურმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქვეყანაში სისტემური, „ლოქდაუნი" არ იქნება, ვინაიდან ეპიდემიასთან ბრძოლაში გამარჯვებას ფასი მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნება, თუ ეკონომიკა მინიმალურად დაზიანდება.

„ბევრი საუბარი იყო წინასაარჩევნო კონტექსტში „ლოქდაუნთან" დაკავშირებით. ეს კიდევ ერთი მაგალითია, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, უპასუხისმგებლო პოლიტიკური ძალა ან ძალები, როგორ იყენებენ ჩვენი მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვან საკითხებს იმისთვის, რომ ამ მოკლე ვადაში რაღაც ხმები დააგროვონ. კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, ქვეყანაში სისტემური, ქვეყნის მასშტაბის „ლოქდაუნი" არ იქნება, იქნება წერტილოვანი შეზღუდვები კონკრეტული მიმართულებებით, მაგრამ სისტემური, სრულიად საქართველოს მასშტაბით „ლოქდაუნი" არ და ვერ იქნება. მარტივად აგიხსნით რატომ - ჩვენს ნებისმიერ გამარჯვებას ეპიდემიასთან ბრძოლაში, დღეიდან უკვე აქვს ფასი მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ მინიმალურ ზიანს მივაყენებთ ეკონომიკას. გადაივლის ვირუსი, დავამარცხებთ ეპიდემიას და ჩვენი ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური აღდგენა გახდება ნომერ პირველი პრიორიტეტი. ძალიან კარგად მახსოვს, როგორ სპეკულირებდა ზოგიერთი, პირველი ტალღის დროს, ტესტირებების რაოდენობაზე, სწრაფ ტესტებზე და ა.შ. დრომ ყველაფერი აჩვენა. ზუსტად ასე იქნება მეორე ტალღის დროსაც. მეორე ტალღის ეფექტურობა შეფასებული იქნება მსოფლიოში და გლობალურად რამდენიმე პრიორიტეტით და ეკონომიკური რესურსის შენარჩუნება და მინიმალური ზიანი ეკონომიკაზე იქნება ერთ-ერთი ასეთი მნიშვნელოვანი კრიტერიუმი,"- განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურმა ქვეყანაში არსებულ პოზიტიურ ეკონომიკურ ტენდენციებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სექტემბრის ეკონომიკური ზრდა იყო მინუს 0,7%, რაც პირდაპირ მიუთითებს ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური გაჯანსაღებისა და აღდგენის იმ სერიოზულ პოტენციალზე, რომელიც დღეს უკვე ფაქტია.

გიორგი გახარიას შეფასებით, ეს ხელისუფლების, ეპიდემიოლოგების, ბიზნესისა და მოქალაქეების ერთობლივი ძალისხმევის შედეგია.

„სისტემური ლოკდაუნი სახელმწიფოს მასშტაბით არ იქნება. იქნება წერტილოვანი, დროებითი შეზღუდვები, კონკრეტული მიზნების მისაღწევად, თუმცა ეს ყველაფერი დამოკიდებულია, რამდენად ეფექტურად დავიცავთ ელემენტარულ წესებს, პირბადეს, დისტანციას და ა.შ. მეორე ტალღაზე გამარჯვებაც ჩვენი საერთო გამარჯვება უნდა იყოს. პირველი ტალღის დროს და დღემდე, ჩვენს ბიზნესთან, ჩვენს მოქალაქეებთან და ეპიდემიოლოგებთან, ჩვენი საერთო მუშაობის შედეგი გახლავთ ის, რომ სექტემბერში უარყოფითი ეკონომიკური ზრდა ქვეყანაში დასულია მინიმუმამდე. ამ მოცემულობაზე დაყრდნობით, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციები, ჩვენი პარტნიორები, საერთაშორისო სავალუტო ფონდი, ერთმნიშვნელოვნად აფიქსირებს, რომ საქართველო არის ქვეყანა, რომელსაც აქვს ყველაზე რეალური შანსი, ეკონომიკური აღდგენის ეტაპზე რეგიონში და ფართოდ რეგიონში იყოს ლიდერი. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს წარმატება შევინარჩუნოთ", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი გახარიამ მოსახლეობას კიდევ ერთხელ ხაზგასმით მოუწოდა, ხვალ, 31 ოქტომბერს, ყველა ერთად მივიდეს საარჩევნო უბანზე, სადაც დაცული იქნება ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოება.

ბრიფინგის დასასრულს პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.


მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური