საქართველოს მთავრობა
government.gov.ge

გიორგი გახარიამ ევროკომისარ მარია გაბრიელს მიმართა ინიციატივით, ევროპაში ქართველი სტუდენტების სწავლის საფასური ევროკავშირის წევრი ქვეყნების სტუდენტებისას გაუთანაბრდეს

2020-09-30

  ..

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ევროკომისარს ინოვაციების, კვლევის, კულტურის, განათლებისა და ახალგაზრდობის საკითხებში მარია გაბრიელს მიმართა ინიციატივით, ევროპაში ქართველი სტუდენტების სწავლის საფასური ევროკავშირის წევრი ქვეყნების სტუდენტებისას გაუთანაბრდეს.

შეხვედრაზე, რომელიც ბრიუსელში პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ევროკომისიაში გაიმართა, აღინიშნა, რომ განათლება არის ის მიმართულება, სადაც საქართველოს ევროკავშირთან თანამშრომლობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ხელშესახები შედეგი აქვს ევროკავშირის შესაბამის პროგრამებში მონაწილეობით. მათ შორისაა „ერასმუს+", „ჰორიზონტი 2020", რომლებშიც საქართველო უკვე მონაწილეობს და რომლებში ჩართულობაც საქართველოს ევროკავშირთან განათლების მიმართულებით კიდევ უფრო აახლოებს.

მხარეებმა განიხილეს სტუდენტების, მეცნიერების და ინოვაციების კუთხით თანამშრომლობის გაფართოების შესაძლებლობები, ასევე ევროკავშირის გაერთიანებული უნივერსიტეტების ინფრასტრუქტურაში ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის გაწევრიანების პერსპექტივა.

შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, ევროკავშირში საქართველოს მისიის ხელმძღვანელი ნატა საბანაძე და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ნათია მეზვრიშვილი დაესწრნენ.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური