საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ზუგდიდში საკლასო ოთახებში სწავლა I-VI კლასის მოსწავლეებისთვის, ხოლო გორსა და ფოთში - სრულად განახლდება
2020-09-24 თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ზუგდიდში 1-ლი ოქტომბრიდან საკლასო ოთახებში სწავლა დაწყებითი საფეხურის - I-VI კლასის მოსწავლეებისთვის, ხოლო გორსა და ფოთში - სრულად განახლდება, - აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე მიიღეს. სასწავლო პროცესი კვლავ დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება აჭარის რეგიონის სკოლებსა და როგორც უმაღლეს, ისე პროფესიულ სასწავლებლებში. უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებში ამ ეტაპზე დისტანციური სწავლა შენარჩუნდება ასევე თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ზუგდიდში. გარდა ამისა, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, ხვალიდან აიკრძალება რეგიონში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო რესტორნები მხოლოდ 22:00 საათამდე იმუშავებენ. ასევე, ძალაში რჩება რეკომენდაცია, მთელი საქართველოს მასშტაბით მუშაობის დისტანციურ რეჟიმში გაგრძელების შესახებ. ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ სრულფასოვნად მუშაობს ცხელების ცენტრები, 112-ისა და სწრაფი კონტაქტების დადგენის სისტემა, საკარანტინო სივრცეები და ტესტირება. ვირუსის მართვის კუთხით დაგროვილი საერთო ცოდნისა და გამოცდილების გათვალისწინებით, გარკვეული ცვლილებები შევიდა კლინიკური მართვის ნაწილშიც და ამოქმედდა როგორც ბინაზე, ასევე - კოვიდ-სასტუმროებში მკურნალობა, ხოლო მძიმე პაციენტები სტაციონარში რჩებიან. საბჭო მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, ვირუსთან ადაპტაციის ეტაპზეც გამოიჩინონ მაქსიმალური დისციპლინა, ატარონ პირბადეები და დაიცვან სოციალური დისტანცია, რაც ხელს შეუშლის ვირუსის გავრცელებას. დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 4399 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 1705 პირი გამოჯანმრთელდა. უცხოეთიდან სამკურნალოდ საქართველოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. გარდაცვლილია 26 ადამიანი. ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 5584 ადამიანი, კოვიდ-სასტუმროებში - 563 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 836 პირი. პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში აქტიურად მონაწილეობენ საქართველოს პარლამენტი, თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძის ხელმძღვანელობით და პრეზიდენტის ადმინისტრაცია. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური
|