საქართველოს მთავრობა
government.gov.ge

გიორგი გახარია - ბოლო ერთი თვის განმავლობაში მესამედ ვიმყოფები პარლამენტში, რაც არის საზოგადოების წინაშე ჩვენი პასუხისმგებლობის კომპონენტი და კიდევ ერთი არგუმენტი, რომ ქვეყანაში საპარლამენტო დემოკრატია ვითარდება

2020-06-26

.  ...

დღეს ფაქტობრივად, მესამე მოსვლაა პარლამენტში ერთი თვის განმავლობაში, რაც არის საზოგადოების წინაშე ჩვენი პასუხისმგებლობის კომპონენტი და შეიძლება იყოს კიდევ ერთი არგუმენტი და ფაქტორი იმისთვის, რომ ქვეყანაში საპარლამენტო დემოკრატია ვითარდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ 2019-2020 წლების სამთავრობო პროგრამის შესრულების ანგარიში საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენილი იყო დაახლოებით 1 თვის წინ, შესაბამისად, ვისაც ინტერესი ჰქონდა, ექნებოდა შესაძლებლობა, ანგარიშს გაცნობოდა.

„მიუხედავად იმისა, რომ თებერვლიდან გლობალურადაც და ქვეყანაშიც, ჩვენ ფაქტობრივად ვებრძვით გლობალურ გამოწვევას პანდემიის სახით, რომელსაც აქვს როგორც ეპიდემილოგიური, ჯანდაცვის შემადგენელი, ასევე ეკონომიკური შემადგენელი, ის ოთხი ძირითადი პრიორიტეტული მიმართულება, რომელიც წარდგენილი იყო სამთავრობო პროგრამის დამტკიცების დროს, სხვადასხვა წარმატებით განხორციელების ფაზაშია. სადღაც გვაქვს სერიოზული მიღწევები, გარკვეული მიმართულებებით არის დარჩენილი გამოწვევები, თუმცა ოთხივე მიმართულებით მუშაობა არც ერთი წუთით არ შეჩერებულა და აქტიურად გრძელდება. პირველ რიგში, ეს გახლავთ უსაფრთხოება და ადამიანის უფლებები; ეკონომიკური განვითარება, განათლება და ადამიანური კაპიტალის განვითარება და სახელმწიფო მმართველობა", - აღნიშნა პრემიერმა.

პრემიერ-მინისტრმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე და აღნიშნა, რომ ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაცია დღეს, როგორც ფაქტი გრძელდება და აქტიურად ღრმავდება და ეს არის ის მიმართულება, რომელიც ფუნდამენტში განსაზღვრავს ქვეყნის ხვალინდელ დღეს.


მთავრობის მეთაურის შეფასებით, ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას უნდა ჰქონდეს კონკრეტული განზომილებები, როგორიც არის განათლების მიმართულება, ტრანსპორტი, კავშირგაბმულობა, ენერგეტიკა, შრომის ბაზრები და ა.შ.

„ყველაზე მნიშვნელოვანი შემდგომი წლების განმავლობაში ჩვენთვის უნდა იყოს როგორც ევროკავშირთან დღეს არსებული საკანონმდებლო ჩარჩოს შემდგომი განვითარება, ასევე ახალი სფეროების გახსნა და აქ რა თქმა უნდა, ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია კავშირგაბმულობის ყველა სფეროს, ყველა მიმართულების როგორც ტრანსპორტის, ასევე სხვადასხვა სახის მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავება. აქ უაღრესად ეფექტურად გამოსაყენებელია ის, რასაც ჰქვია ევროკავშირთან კავშირი შავი ზღვის კომპონენტის გათვალისწინებით და ამ მიმართულებით ჩვენ უაღრესად აქტიურები უნდა ვიყოთ. ჩვენ დღევანდელი მოხსენება, რომლითაც პირველ რიგში მოქალაქეების წინაშე წარვდგებით, მიმართულია იმისკენ, რომ ჩვენ სამთავრობო პროგრამის ოთხი მიმართულებით კონკრეტულ შედეგებზე ვისაუბროთ",- აღნიშნა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურმა ისაუბრა უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ ეს ის საფუძველია, რომელზეც შემდგომში უნდა აშენდეს განვითარებული, წარმატებული სახელმწიფო და რომელმაც უნდა შექმნას ფუნდამენტური ბაზა ქვეყნის სხვადასხვა სფეროს განვითარებისთვის.

„უნდა დავიწყოთ უსაფრთხოებით, რამეთუ დღეს საქართველოს ფუნდამენტურ გამოწვევას წარმოადგენს ოკუპაცია. რუსული ოკუპაცია კვლავაც რჩება ეროვნული უსაფრთხოების უმთავრეს გამოწვევად და დღეს ჩვენ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ჩვენი ქვეყნის ოკუპირებულ 20 პროცენტზე, ეს არის ის შეზღუდვა, რომელიც რეალური ფაქტორია ქვეყნის შემდგომი განვითარებისთვის. ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ 20 პროცენტი ჩვენი ქვეყნის მიწის ან ტერიტორიის შეზღუდვა. პირველ რიგში ადამიანური რესურსების თვალსაზრისით ვართ შეზღუდული 20 პროცენტით, ჩვენი ეკონომიკა არის შეზღუდული კიდევ უფრო მეტად და ეს არის უკიდურესად მნიშვნელოვანი, რომ გავიაზროთ ყველამ ერთად. აქ ყველას ერთად უნდა გვესმოდეს, რომ რუსეთის ფედერაცია, როგორც ადგილზე ეფექტური კონტროლის განმახორციელებელი სახელმწიფო, დღეს უაღრესად პასუხს აგებს ყველა იმ ადამიანის ფუნდამენტურ უფლებების დარღვევაზე, რომელიც ხდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე. დაწყებული ბორდერიზაციის პროცესის გაგრძელებით, ადამიანის გატაცებით, ადამიანის სიცოცხლის ხელყოფით, ჯანმრთელობის უფლების შეზღუდვით, გადაადგილების შეზღუდვით, ყველა ეს მიმართულება არის უკიდურესად მნიშვნელოვანი და ყველას კარგად გვესმის , რომ ეფექტური კონტროლის განმახორციელებელი ქვეყანა რა თქმა უნდა ყველა ამ ნაბიჯზე არის პასუხისმგებელი",  - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერმა ხაზი გაუსვა ოკუპაციის პრობლემების მოგვარების პროცესში საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობის და მათთან აქტიური თანამშრომლობის  მნიშვნელობას.

„გარდა ამისა, ჩვენ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ცხინვალის რეგიონი, ისევე როგორც აფხაზეთი, ოკუპაციის ტერიტორიის იქითა მხარეს, ეს არის ჩვენი მოქალაქეები და ყველა ის სახელმწიფო სერვისი და მომსახურეობა, რომელსაც ჩვენ ვაწვდით დღეს ჩვენს მოქალაქეებს, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს ხელმისაწვდომი იყოს ჩვენი ყველა მოქალაქისთვის. რა თქმა უნდა ჩვენი საგარეო პოლიტიკისთვის სუვერენიტეტის განმტკიცება და ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფა რჩება საქართველოს საგარეო პოლიტიკის  უმთავრეს პრიორიტეტად და აქ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებები ეს არის ის უმძიმესი და უაღრესად მნიშვნელოვანი პრიორიტეტული მიმართულება, როგორც ჩვენი უშიშროების, უსაფრთხოებისთვის , ასევე საგარეო პოლიტიკისთვის. საერთაშორისო საზოგადოების პროაქტიულ რეჟიმში მობილიზება, საერთაშორისო საზოგადოებაში აზრის შექმნა იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ეს უნდა იყოს ჩვენი ყოველდღიური შრომის საგანი. ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკების 49-ე და 50-ე რაუნდები იყო კარგი მაგალითი იმისთვის, თუ როგორ ვამკვიდრებთ ჩვენ ყოველდღიურად ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებში ოკუპირებული ტერიტორიების მნიშვნელობის საკითხს, რამეთუ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ამ პრობლემების გადაწყვეტის  ერთადერთი გზა არის მშვიდობიანი გზა და ეს მშვიდობიანი გზა გადის ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან, მათ პროაქტიულ ჩართულობაზე ამ პროცესებში.  მნიშვნელოვანია აგრეთვე ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების შეხვედრების უპირობო აღდგენა. ეს იყო და არის ერთადერთი კომპონენტი, სადაც ჩვენ შეგვეძლო ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ჩვენი მოქალაქეების ინტერესების დაცვა და ამ მექანიზმების შეზღუდვა, ისევე როგორც დროებითი გამშვები პუნქტების გრძელვადიანი გაჩერება, გადაადგილების გრძელვადიანი შეზღუდვა პირდაპირ არის რისკი ადამიანის უფლებების დარღვევის მიმართულებით და რა თქმა უნდა, ამასთან ერთად ჩვენ ყველას კარგად გვახსოვს ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია და ამ მიმართულებით მხარდაჭერა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების არის უკიდურესად მნიშვნელოვანი", - განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს მთავრობის ინიციატივის, „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ" მნიშვნელობაზე და განაცხადა, რომ აღნიშნული ინიციატივა ხელს უწყობს ადამიანებს შორის ურთიერთობას და მისი კომპონენტი „აწარმოე უკეთესი მომავლისთვის", აძლევს შესაძლებლობას მოქალაქეებს, ოკუპაციის იქეთა ხაზზე, ჩართულები იყვნენ აქტიურ ეკონომიკურ ცხოვრებაში.

მთავრობის მეთაურის თქმით, საოკუპაციო საზღვრის გასწვრივ მდებარე 19-მა დასახლებულმა პუნქტმა,  მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მიიღო.

„გარდა ამისა, ორი სიტყვით მინდა შევეხო ისეთ თემას, როგორიცაა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ჩვენი მოქალაქეების ჯანდაცვის მომსახურება. ასეთი განაცხადი  ჩვენ მიღებული გვაქვს ამ საანგარიშო პერიოდში 844, უმეტესი ნაწილი იყო დაკმაყოფილებული და რა თქმა უნდა, აქვე მინდა აღვნიშნო საოკუპაციო საზღვრის გასწვრივ ის 19 დასახლებული პუნქტი, რომელმაც მაღალმთიანი დასახლებული პუნქტის სტატუსი მიიღო. ეს შეიძლება დიდი ვერაფერი შეღავათია, მაგრამ ეს არის ის მცირე ყურადღების და ზრუნვის გამომხატველი ნაბიჯი, რომელიც საქართველოს მთავრობამ გადადგა", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მთავრობის მეთაურმა ანგარიშში ისაუბრა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე და აღნიშნა, რომ ეს არის ქვეყნის შეუქცევადი, ძირითადი სტრატეგიული მიმართულება და არ არის რომელიმე პარტიის საკუთრება და გადაწყვეტილება. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ევროატლანტიკური ინტეგრაცია არის საქართველოს მოქალაქეების, ქვეყნის ისტორიული გადაწყვეტილება.

მისივე თქმით, საქართველოს მთავრობის ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანა არის სრულფასოვნად შეასრულოს ყველა ის ვალდებულება, რომელიც აიღო ევროპელი პარტნიორების წინაშე და ამ მიმართულებით ხელისუფლება დგამს კონკრეტულ ნაბიჯებს.

„ხვალ, 27 ივლისს, ხდება 6 წელი ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებიდან და მისი მე-4 თავის, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ხელმოწერიდან, რაც იყო ფუნდამენტური საფუძველი, ფუნდამენტური ჩარჩო იმ გზაზე, რომელიც საქართველომ უნდა გაიაროს ევროკავშირში სრულფასოვან წევრობამდე. ჩვენი ყველაზე დიდი ამოცანა დღეს, ყველა მთავრობის ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანა არის სრულფასოვნად შევასრულოთ ყველა ის ვალდებულება, რომელიც ავიღეთ ჩვენი ევროპელი პარტნიორების წინაშე და, ამ მიმართულებით, საქართველოს მთავრობა დგამს კონკრეტულ ნაბიჯებს - შემუშავდა 2020 წლის ევროკავშირის ინტეგრაციის ეროვნული სამოქმედო გეგმა, ევროკავშირის სამშვიდობო მისიებში აქტიურად მონაწილეობს საქართველოს მთავრობა და ჩვენი სამართალდამცავი სისტემა და ეს აშკარად გამოჩნდა აფრიკის რესპუბლიკასა და მალის კამპანიებში,  ისევე როგორც ჩვენ აქტიურად ვართ ჩართულნი აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის ფორმატებში, რომლის სამიტიც, მიუხედავად იმისა, რომ იყო დისტანციური რამდენიმე დღის წინ შედგა და რომელსაც ჰქონდა კონკრეტული შედეგები. ევროპარლამენტმა დაამტკიცა აღმოსავლეთ პარტნიორობის რეზოლუცია და ევროპულ საბჭოს მოუწოდა საქართველოსთვის თანამშრომლობის გაფართოების სტრატეგიის შეთავაზება. საერთოდ, ამ მიმართულებით, გვაქვს სერიოზული პროგრესი და აქ შესაძლებელია „ოთხი თავისუფლებით" სარგებლობის შემდგომი მოლაპარაკების გაძლიერება როგორიც არის - საქონლის, კაპიტალის, მომსახურებისა და სამუშაო ძალის თავისუფლების მიმართულებაზე საუბარი. ევროპარლამენტის და ევროპული საბჭოს თანამშრომლობის გაფართოების სტრატეგია არის უკიდურესად მნიშვნელოვანი და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ვიყოთ მაქსიმალურად ეფექტურები და გავაკეთოთ ყველაფერი, რომ უახლოეს წლებში გარდა თავისუფალი სავიზო რეჟიმისა ჩვენი მოქალაქეებისთვის მოვიპოვოთ სულ უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ნაბიჯები რათა ინტეგრირების, ევროკავშირთან სრულფასოვან წევრობამდე ინტეგრირების ნაბიჯები გადავდგათ და ეს ნაბიჯები იყო ძალზედ საგრძნობი ჩვენი მოქალაქეებისთვის,"- აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა ევროპელ პარტნიორებს იმ დახმარებისთვის, რომელიც გაუწიეს საქართველოს პანდემიასთან ბრძოლის თვალსაზრისით.

„უვიზო მიმოსვლის ნაწილში, კარგად გვახსოვს, რომ ბოლო წლებში იყო გარკვეული რისკები განსაკუთრებით არალეგალური მიგრაციის მიმართულებით. ჩვენ, ამ მიმართულებით, ეფექტურად ვიმუშავეთ ჩვენს პარტნიორებთან ძირითადად ორმხრივ ფორმატებში, ბევრი მიმართულებით ეს პრობლემები უკვე მოგვარებულია. ბევრ ქვეყანაში საქართველომ მიიღო უსაფრთხო წარმომავლობის ქვეყნის სტატუსი, რაც აიოლებს შემდგომ ოპერირებას და თავისუფალი უვიზო რეჟიმის რისკებს შემდგომ ამცირებს. შესაბამისად, ესაა ის მიმართულებები რომლებზეც ჩვენ აქტიურად უნდა გავაგრძელოთ მუშაობა. ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყანა ვიყავით 6 თვის განმავლობაში, მიუხედავად იმისა, რომ ეს დაემთხვა პანდემიის პერიოდს, იყო ძალზედ მნიშვნელოვანი და ეფექტური ღონისძიებები გატარებული საქართველოს მთავრობის მხრიდან და როგორც შეჯამება ამ ყველაფრის, ბოლო წლების განმავლობაში და ბოლო საანგარიშო პერიოდში მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ჩვენს ევროპელ პარტნიორებს იმ დახმარებისთვის, რომელიც გაუწიეს საქართველოს პანდემიასთან ბრძოლის თვალსაზრისით, კონკრეტულად ეს იყო 183 მლნ ევრო, რომელიც კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში ევროკავშირმა, როგორც სანდო და ეფექტურ პარტნიორს, საქართველოს გაუწია", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მთავრობის მეთაურმა ისაუბრა საქართველოს ნატოში ინტეგრაციაზე და ხაზი გაუსვა, რომ ნატო საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი და ქვეყნის მომავალი უსაფრთხოების ყველაზე მნიშვნელოვანი გარანტია.

„ვაგრძელებთ ყველა აქტიური ფორმატის თანამშრომლობის გაღრმავებას, სამშვიდობო მისიებში მონაწილეობას, საქართველოს ურთიერთობის გაძლიერებას ნატოსთან შავი ზღვის მიმართულებით. ეს არის აბსოლუტურად ახალი კომპონენტი, რომელიც ნატო და საქართველოს თანამშრომლობის ნაწილში გაჩნდა. შავი ზღვის უსაფრთხოების კომპონენტი სულ უფრო და უფრო მეტ დატვირთვას იძენს და საქართველოს სამართალდამცავმა ინფრასტრუქტურამ, სამართალდამცავმა  ვამბობ იმიტომ, რომ მოგეხსენებათ, შავ ზღვაზე ოპერირების ნაწილში ეს არის შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ფუნქცია, საქართველომ, სულ უფრო და მეტი ეფექტური ნაბიჯები უნდა გადადგას იმისთვის, რომ უბრალოდ, შავ ზღვაზე ნატოს და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების ოპერირების თვალსაზრისით კონკრეტული ფუნქციები შეიძინოს", -  განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

გიორგი გახარიას თქმით, როგორც ფაქტი, ქვეყნის უცვლელი მიზანია ნატოს სრულფასოვანი წევრობა.

„ამისთვის, ჩვენ, რა თქმა უნდა, მიუხედავად იმისა რომ შესანიშნავი შედეგები გვაქვს ბოლო ორი წლის განმავლობაში და ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ კონცენტრირებული მუშაობა ყველა იმ ფორმატში, რომელიც დღეს ჩვენ გაგვაჩნია. ეს გახლავთ, ნატო - საქართველოს კომისია, წლიური ეროვნული პროგრამა (ANP), ნატო - საქართველოს არსებითი პაკეტი (SNGP), რომელიც არის უკიდურესად მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი, ქვეყნის ნატოში სრულფასოვანი წევრობის მომზადებისთვის, ასევე, რეგულარული საპორტო ვიზიტები და როგორც უკვე აღვნიშნე, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ შავი ზღვის ქართულ პორტებში ნატოს და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების წარმომადგენლობით გამოჩენა იყოს სულ უფრო და უფრო ხშირი, სტაბილური. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩრდილოატლანტიკური საბჭოს (NAC)  მე-5 ვიზიტი, რომელიც შედგა და რომელმაც კონკრეტული გადაწყვეტილებები მიიღო, როგორიც არის, მაგალითად SNGP-ის განახლებული და გაუმჯობესებული პაკეტი, ეს მაქსიმალურად სწრაფ დროში, როგორც დავასრულოთ, ასევე შემდგომ ამის აღსრულება დავიწყოთ. საერთოდ, საქართველოს,  ქვეყნის უსაფრთხოების ინფრასტრუქტურაში, ნატოსთან ხარისხობრივი, ღრმა თანამშრომლობა ყველა მიმართულებით, როგორიც არის საკანონმდებლო, თავდაცვის, უსაფრთხოების, დემოკრატიზაციის ნაწილი ხდება პრიორიტეტი იმისთვის, რომ ჩვენ სწრაფად მოვამზადოთ ქვეყანა, რათა ნებისმიერ მომენტში ვიყოთ მზად, ნატოს სრულფასოვანი წევრობისთვის", -  აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

მისივე თქმით, ამერიკის შეერთებულ შტატებთან - ქვეყნის ძირითად მოკავშირესთან სტრატეგიული პარტნიორობა ვითარდება ყველა იმ მიმართულებით, რომელიც  მნიშვნელოვანია როგორც საქართველოსთვის, ასევე ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორისთვის.

მთავრობის მეთაურის განცხადებით, ეს მიმართულებებია - ქვეყნის დემოკრატიზაციის შემდგომი გაღრმავება, ადამიანის უფლებების დაცვა, უსაფრთხოება და სულ უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება ეკონომიკური ფაქტორი.

„მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს კორონავირუსთან ბრძოლაში კონკრეტული, მიმდინარე დახმარებისთვის, რომელიც ბოლო 4 თვის განმავლობაში გაგვიწიეს. ხაზგასმით მადლობას ვუხდი აშშ-ს იმ დახმარებისთვის, რომელიც წლების განმავლობაში ხორციელდებოდა და რომლის მატერიალიზებული შედეგია ლუგარის ლაბორატორია, რომელმაც ეპიდემიასთან ბრძოლაში თავისი კონკრეტული და აბსოლუტურად ყველასგან განსხვავებული, უმნიშვნელოვანესი ფუნქცია შეასრულა. არ შეიძლება, არ აღვნიშნოთ საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული აქტი, რომლის შემდგომი განვითარებაც უნდა გავაგრძელოთ. ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს ასიგნებების აქტი, რომელიც აშშ-ის მთავრობამ მიიღო და რომელშიც საქართველო არის იმ ქვეყანათა შორის, რომლის ფინანსური დახმარება ბოლო წლების განმავლობაში ისევე, როგორც 2020 წლის მაჩვენებლებით გაზრდილია და შეადგენს 132 მილიონ აშშ დოლარს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი გახარიას თქმით, აშშ-თან თანამშრომლობის ახალი განზომილება, არის ეკონომიკური თანამშრომლობის განზომილება.

„რა თქმა უნდა, ჩვენ ფრთხილად ვსაუბრობთ ვაჭრობის სპეციალურ რეჟიმებზე, რომელიც სამომავლო პერსპექტივაში შეიძლება გვქონდეს. ეს არის ძალზედ საფრთხილო და დეტალურად სამუშაო მიმართულება და ამ კუთხით ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ წლის ბოლომდე და შემდგომ", - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა მართლწესრიგისა და უსაფრთხოების მიმართულებებზე და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა ქვეყანაში უსაფრთხოების არქიტექტურის შესაქმნელად.

მთავრობის მეთაურის თქმით, 2017-2018 წლების განმავლობაში უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოსა და 2018 წელს უშიშროების საბჭოს გაუქმების შემდგომ, ამ მიმართულებით შეიქმნა გარკვეული ვაკუუმი, რომელიც აღმოიფხვრა უსაფრთხოების საბჭოს შექმნით.

„მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა ქვეყანაში უსაფრთხოების არქიტექტურის შესაქმნელად, ვგულისხმობ უსაფრთხოების საბჭოსა და მის აპარატს. ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ეს საბჭო იყოს პოლიტიკურად ნეიტრალური ინსტიტუცია, რომელსაც ექნება ძალზედ მძლავრი ანალიტიკური აპარატი. ამ მიმართულებით ვმუშაობთ და როგორც ძალზედ ხანმოკლე მუშაობის გარკვეული შედეგი, შეგვიძლია ჩამოვთვალოთ ქვეყნის უსაფრთხოებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ის მიმართულებები, რომელზეც ეს აპარატი მუშაობს - ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში არ იყო აქტუალიზებული და დღეს საბჭო ამაზე მუშაობს; საფრთხეების შეფასების დოკუმენტი, რომელიც ასევე კრიტიკულად მნიშვნელოვანია; გაჩნდა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებისთვის და მათთან თანამშრომლობის თვალსაზრისით უკიდურესად მნიშვნელოვანი ახალი განზომილება - კიბერუსაფრთხოება, რომელი მიმართულებითაც ჩართულია არა მხოლოდ უსაფრთხოების საბჭო, არამედ ქვეყნის სპეციალური სამსახურები - შინაგან საქმეთა სამინისტრო, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, თავდაცვის სამინისტრო თავისი მიმართულებით. კიბერუსაფრთხოება ხდება ქვეყნისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი მიმართულება, ისევე, როგორც კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვის სფეროში საჭირო და აუცილებელი გადასადგმელი ნაბიჯები. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ქვეყნისთვის კრიტიკული ინფრასტრუქტურის საკანონმდებლო დონეზე დაფიქსირებული, აბსოლუტურად ეფექტური სია, სტანდარტები და კრიტერიუმები არის ის მიმართულება, რომელზეც ჩვენ დღეს ვმუშაობთ; და რა თქმა უნდა - ჰიბრიდული საფრთხეები. ეს არის ის მიმართულებები არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ ჩვენი პარტნიორებისთვის, სადაც საქართველოს შეუძლია შეიძინოს თავისი ფუნქცია რეგიონში უსაფრთხოების არქიტექტურაში იყოს ეფექტური პარტნიორი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებისთვის", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, დღეის მდგომარეობით, აქტიური ნაბიჯებია გადადგმული თავდაცვის მიმართულებით და ნატოს ფარგლებში ყველაზე ეფექტური და წინ წასულია თავდაცვის სისტემის თანამშრომლობა სტრატეგიულ პარტნიორებთან. პრემიერის განცხადებით, მთავარი ამოცანაა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება და ნატოს ძალებთან თავსებადი, მობილური, ეფექტიანი შეიარაღებული ძალების შექმნა.

მისი თქმით, ჯარისკაცებისთვის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მიმართულებით,  ბოლო თვეების განმავლობაში უაღრესად მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა.

„თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა  (GDRP), რომლის ფარგლებში გადამზადდა 6 ქვეითი ბატალიონი, 3 ბატალიონი გადამზადდება 2021 წელს ბოლომდე - ეს არის ის პროგრამა, რომელიც ქართველ ჯარს ამზადებს ქვეყნის ეფექტური თავდაცვისუნარიანობის ასამაღლებლად და  იმისთვის, რომ იყოს მობილური სწრაფი და ეფექტური. ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით განსაზღვრული ინიციატივები, რომელშიც თავდაცვის სამინისტრო არის უაღრესად აქტიური. შემდგომ წლებშიც ეს იქნება კიდევ უფრო ეფექტური, კიდევ უფრო გახშირებული თანამშრომლობა და ერთობლივი წვრთნები. სამხედრო სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება თითოეული ჩვენი ჯარისკაცისთვის - ამ მიმართულებით განსაკუთრებით ბოლო თვეების განმავლობაში, უაღრესად მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა, დაწყებული ანაზღაურების გაზრდით, სადაზღვეო პაკეტების გაუმჯობესებით, ნატოს სტანდარტების შესაბამისი უნიფორმით და საერთოდ ინფრასტრუქტურის მოდერნიზებით, რომელიც ჩვენს ჯარისკაცებს ყოველდღიური ცხოვრების, ვარჯიშის, შრომის შესაძლებლობას აძლევს ღირსეულ პირობებში და ამისთვის სამინისტრო დღეს სერიოზულ აქტივობებს ატარებს. რა თქმა უნდა, ტექნიკური გადაიარაღება - რაც ასევე უკიდურესად მნიშვნელოვანია ჩვენი ჯარის ეფექტიანობის გაზრდისთვის, რომელშიც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები გვეხმარებიან", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა შინაგან საქმეთა სამინისტროს როლს  შიდა უსაფრთხოების და მართლწესრიგის დაცვის გაძლიერებაში.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, შსს-ში, დღეს, სისტემური განახლების პროცესი გრძელდება და უკვე მიღწეულია გარკვეული შედეგები, რაც ნიშნავს სტრუქტურულ და შინაარსობრივ რეფორმებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო,  შიდა უსაფრთხოების და მართლწესრიგის დაცვის გაძლიერების ძირითადი, ფუნდამენტური ინსტიტუცია. მოგეხსენებათ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაწყებულია კრიმინალური პოლიციის რეფორმა, ფუნქციების გამიჯვნის თვალსაზრისით, სადაც ოპერატიული, საგამოძიებო და საუბნო მიმართულებები იყოფა. ეს რეფორმა უკვე დასრულებულია თბილისის, აფხაზეთის და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტებში და გრძელდება მისი შემდგომი იმპლემენტაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა სხვა  უწყებაში. შექმნილია მართლწესრიგის ოფიცრების ინსტიტუტი. დღეს, საქართველოში არსებობს უკვე 262 მართლწესრიგის ოფიცერი, რომელიც საზოგადოებაზე ორიენტირებული, საპოლიციო სერვისების ფუნდამენტია. ეს არის პოლიცია, ადამიანური სახით. ეს არის პოლიცია, რომელიც მოქალაქეზე ზრუნავს. ეს არის საუკეთესო ევროპული პრაქტიკა და ამასთან ერთად, ეფექტური. საგამოძიებო და საპროკურორო კომპეტენციების გამიჯვნის თვალსაზრისით უკვე ბევრი იყო გაკეთებული მოსამზადებელი სამუშაოების ნაწილში. საკანონმდებლო ჩარჩო თითქმის უკვე მომზადებულია, რომელმაც გაიარა ვენეციის კომისიის ფილტრები, რომელმაც მიიღო ეს დადებითი რეკომენდაციების სახით ამ ჩარჩოს  იმპლემენტაციის შემდგომი გაგრძელების შესახებ და მიმდინარეობს სამოქმედო გეგმის შემუშავება. უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის სისტემური, ფუნდამენტური რეფორმა, რომლის მომზადებას და განხორციელებას წინ უნდა ახლდეს რამდენიმე ძალზედ მნიშვნელოვანი კომპონენტი და რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ეს არის ჩვენი გამომძიებლების, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო კორპუსის გადამზადება, მათი კომპეტენციის ზრდა", -  განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

პრემიერ-მინისტრმა სახელმწიფო სერვისების განვითარებაზე ისაუბრა  და ყურადღება გაამახვილა ერთიანი მომსახურების ცენტრზე, რომელმაც ფუნქციონირება დაიწყო თბილისში და დღეს უკვე ფუნქციონირებს რუსთავში.

„ექსპრესფილიალები უკვე ბევრგან ჩნდება იმიტომ, რომ ამ პრაქტიკამ გაამართლა და დაგეგმილია მცხეთა-მთიანეთში, გურიაში, შიდა ქართლში. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო 112-ის და ერთობლივი ოპერაციების ცენტრის გაერთიანება, რამაც შექმნა ძალიან ეფექტური დანაყოფი, რომელიც თუნდაც კორონავირუსთან ბრძოლის თვალსაზრისით, ძალზედ ეხმარებოდა   მთელ ამ ინფრასტრუქტურას, ეპიდემიოლოგებს, კონკრეტული ინფიცირებული ადამიანების კავშირების სწრაფად გამოვლენაში და რა თქმა უნდა, ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ "ProQa"-ს სისტემა, რომელიც არის ყველაზე თანამედროვე ნაბიჯი, დღეს, საგანგებო მდგომარეობის სწრაფი, დისტანციური მართვის ერთადერთი შესაძლებლობა, საუკეთესო პრაქტიკა დასავლეთში, რომელიც ჩვენ უკვე დავნერგეთ და დღეს ხდება უკვე ამ სისტემის სულ უფრო და უფრო მეტად გამოყენება. ინფრასტრუქტურული განახლების თვალსაზრისით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, უკვე აღარ ჩამოვთვლი, რამდენი ახალი ქვედანაყოფის, შენობის სახით, კონკრეტული ინფრასტრუქტურის სახით გახსნა, განაახლა, გაარემონტა, ან ააშენა. უბრალოდ გამოვყოფ სახანძრო- სამაშველო კორპუსისთვის, სიღნაღის სახანძრო-სამაშველო შენობის და ზუგდიდში ახალი სამაშველო შენობის მოწყობას. ასევე, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, ამ შენობაში მეც მქონდა რამდენიმე საუბარი. ბოლო პერიოდის, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში,  ქვეყნის კამერების ინფრასტრუქტურას დაემატა 556 კამერა და დღეის მდგომარეობით, ჯამში, ქვეყანაში, როგორც კრიმინოგენულ, ასევე საგზაო ინფრასტრუქტურას, აკონტროლებს 4 508  ვიდეოკამერა. ეს არის ის შესაძლებლობა, რომელიც ჩვენს პოლიციელებს აძლევს იმ ტექნიკურ ინფრასტრუქტურას, რომელიც გვაძლევს შესაძლებლობას, სწრაფად და ეფექტურად მივაღწიოთ მიზანს და ჩვენი მიზანი, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში არის მოქალაქეების უსაფრთხოება. პოლიციაში გრძელდება ბინათმშენებლობის პროექტები, რომლებიც მიმართულია იმისთვის, რომ ჩვენმა პოლიციელებმა ყოველდღიური, მათი საყოფაცხოვრებო პირობები გაიუმჯობესონ და ამაში სახელმწიფო მათ მიეხმაროს", -  აღნიშნა გიორგი გახარიამ.

მთავრობის მეთაურმა ისაუბრა პენიტენციურ სისტემასთან დაკავშიფრებით და აღნიშნა, რომ მთავრობის ძირითადი მიზანია, ევროპულ სტანდარტებზე მორგებული პენიტენციური სისტემა და დანაშაულის პრევენციის ეფექტური განხორციელება.  

„ეს არის ის მიმართულება, რომელზეც დღეს ორიენტირებულია პენიტენციური სისტემა, ახალი, მცირე ზომის დაწესებულებები და, ამ მიმართულებით, დღეს რამდენიმე ძალზედ მნიშვნელოვან პროექტზე პროექტირების ფაზა დასრულებულია, სულ მალე სამშენებლო ეტაპზე გადავა. მოგეხსენებათ, ე.წ. მატროსოვის ციხე უკვე დაიხურა და მსჯავრდებულების გადაყვანა მოხდა მე-12 დაწესებულებაში, სადაც ადამიანური პირობებია, რომ მსჯავრდებულმა იგრძნოს თავი ქვეყნის მოქალაქედ და მიიღოს ელემენტარული სერვისები, რომელიც მას ეკუთვნის. მსჯავრდებული პირების ვადამდე გათავისუფლების მექანიზმები აშკარად გაუმჯობესდა ბოლო თვეების განმავლობაში და 2020 წლის თებერვალ-აპრილის პერიოდში 329 მსჯავრდებული გათავისუფლდა ამ მექანიზმით. 2020 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადების მექანიზმები და იუსტიციის სამინისტრო ყველაფერს აკეთებს რესოციალიზაციისთვის ამ ადამიანებისა, ეს არის სახელმწიფოს ვალდებულება და ეს მიმართულება კიდევ და კიდევ უნდა გაუმჯობესდეს. აქ მნიშვნელოვანი კომპონენტია არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრი. მომზადდა საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც უკვე გატარდა და ეს მექანიზმი უკვე ამუშავებულია. ეს იყო ბოლო, დამასრულებელი ეტაპი და ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ რომ არასრულწლოვნებს, დღეს, ქართული მართლმსაჯულების სისტემა ეპყრობა ადამიანურად, შესაბამისად, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, ეს ბავშვები, შეიძლება ასე ითქვას, რომ ჩვენს ნორმალურ სოციალურ ცხოვრებაში დავაბრუნოთ,"- აღნიშნა გიორგი გახარიამ.

მთავრობის მეთაურმა ისაუბრა ადამიანის უფლებების დაცვაზე და აღნიშნა, რომ მთავრობის მნიშვნელოვანი ვალდებულებაა, შეინარჩუნოს ადამიანის უფლებების დაცვის ევროპული სტანდარტები.

„ჩვენ შეიძლება ბევრ პროგრესს მივაღწიოთ, განსაკუთრებით, მართლმსაჯულების, სამართალდამცავ სისტემაში, ქვეყნის უსაფრთხოების ნაწილში, მაგრამ ჩვენი უაღრესად მნიშვნელოვანი ვალდებულებაა შევინარჩუნოთ ადამიანის უფლებების დაცვის ევროპული სტანდარტები, ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება იყოს პროგრესი, წინ გადადგმული ნაბიჯი ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტების ამაღლების თვალსაზრისით", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერმა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ისაუბრა, რომლის მიხედვითაც, რუსეთის ფედერაციას საქართველოსთვის 10 მილიონი ევროს ოდენობის მორალური კომპენსაციის გადახდა დაეკისრა.

„სტრასბურგის სასამართლოში საჩივრები არის განახევრებული. გარდა ამისა, 2019 წლის 31 იანვარს სტრასბურგის სასამართლომ გამოაცხადა გადაწყვეტილება ე.წ. დეპორტირებულების საქმესთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც რუსეთის ფედერაცია ვალდებულია საქართველოს გადაუხადოს 10 მილიონი ევროს ოდენობის  მორალური კომპენსაცია იმ დაზარალებული ადამიანებისთვის, რომელთა დეპორტაციაც მოხდა რუსეთის ფედერაციიდან. გახსოვთ ეს მომენტი, რამდენად ემოციურად დამთრგუნველი იყო თითოეული ქართველისთვის", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მთავრობის მეთაურის თქმით, მიმდინარეობს საქართველოს ადამიანის უფლებების დაცვის რიგით მეორე სტრატეგიის შემუშავება, რაც არის იმის მაჩვენებელი, თუ რა მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოს მთავრობა ამ მუშაობას.

პრემიერის თქმით, შესაბამისი პლატფორმა გაფართოებულია და მასში ჩართულია როგორც სამოქალაქო სექტორის, ასევე საზოგადოების წარმომადგენლების დიდი სპექტრი.

„ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ადამიანის უფლებების დაცვის რიგით მეორე სტრატეგია იყოს კონსენსუსზე დაფუძნებული გადაწყვეტილება. ადამიანის უფლებათა საბჭოს განახლებული შემადგენლობა ამოქმედდა, სადაც ასევე ვეცადეთ, მაქსიმალურად გაგვეზარდა ჩართულობის ხარისხი და მინდა როგორც ერთ-ერთი ნიშანი ვთქვა, რომ პანდემიის პირობებშიც, როდესაც ქვეყანაში მოქმედებდა საგანგებო მდგომარეობა, ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის,  რომ ამ პერიოდშიც ადამიანის უფლებების დარღვევის პრევენციაც მოგვეხდინა და აბსოლუტურად გააზრებულად ვდგამდით ნაბიჯებს. მოგეხსენებათ, ეს არ იყო მხოლოდ საქართველოს პრობლემა, ეს გლობალური პრობლემა იყო, მათ შორის ჩვენი ევროპელი პარტნიორებისთვისაც. სერიოზული პრობლემა იყო თუნდაც ოჯახში ძალადობის შემთხვევები და ჩვენ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ ასეთი შემთხვევები საქართველოში ყოფილიყო მინიმიზებული და ამ მიმართულებით ვცდილობდით, ყოფილიყო პროაქტიული მუშაობა", - განაცხადა პრემიერმა.

გიორგი გახარიას თქმით, 2020 წლის თებერვლიდან გაიზარდა სოციალური მუშაკების ანაზღაურება, თუმცა ეს საკმარისი არ არის.

„გარდა ამისა, შემუშავებულია 4-წლიანი გეგმა,  რომელიც ითვალისწინებს სოციალური მუშაკების როგორც რაოდენობრივ ზრდას, მათი კომპეტენციის ზრდას და რა თქმა უნდა, პარალელურად, მათი ანაზღაურების ზრდასაც", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ქვეყნის დემოკრატიული და შემდგომი განვითარებისთვის უსაფრთხოების ინფრასტრუქტურა კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

„ჩვენი ნაბიჯები ევროატლანტიკურ სივრცეში ქვეყნის სრულფასოვანი წევრობის მიმართულებით, ჩვენი ნაბიჯები ნატო-ში სრულფასოვანი წევრობის მიმართულებით, განპირობებული არის, პირველ რიგში, ქვეყნის უსაფრთხოების მინიმალური სტანდარტის დასაკმაყოფილებლად, რაც ამავდროულად არის უმნიშვნელოვანესი პირობა, რომ ქვეყანა განვითარდეს ყველა სხვა სფეროში, დაწყებული ეკონომიკიდან, დამთავრებული კულტურით, პოლიტიკით, სპორტით და ა.შ.", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ უკიდურესად რთულია ქვეყნის სრულფასოვან განვითარებაზე საუბარი, როდესაც ქვეყანაში მიმდინარეობს „ბორდერიზაცია".

„ჩვენ ყველას უნდა გვესმოდეს, რომ უკიდურესად რთულია ქვეყნის სრულფასოვან განვითარებაზე საუბარი, როდესაც ქვეყანაში მიმდინარეობს „ბორდერიზაცია". ქვეყნის შიდა უსაფრთხო გარემოს შექმნაში უკიდურესად მნიშვნელოვანია ერთიანი მართლმსაჯულების სისტემა, რომელშიც ყველა სამთავრობო და სახელმწიფო უწყებამ თავისი ფუნქცია უნდა შეასრულოს. ანალიზზე დაფუძნებული სისხლის სამართლის პოლიტიკის განხორციელება არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ქვეყნის მართლმსაჯულების სისტემის ადამიანური სახით ჩამოსაყალიბებლად და შემდეგ გასავითარებლად, სასჯელის გარდაუვალობის უზრუნველყოფა არის ჩვენს მოქალაქეებში სამართლიანობის დამკვიდრების ერთადერთი სწორი შესაძლებლობა და მართლმსაჯულების ერთიანი სისტემა თავისი ყველა კომპონენტით - შსს, პროკურატურა, სასამართლო, სპეციალური სამსახურები, ყველას ეფექტური და დამოუკიდებელი მუშაობა არის უკიდურესად მნიშვნელოვანი, ჩვენი ამოცანაა რომ ეს ინფრასტრუქტურა ერთობლივად შევქმნათ. თავდაცვის ნაწილში, ნატო-ს სტანდარტებთან თავსებადობა და ქვეყნის მუდმივი მზაობა წევრობისთვის, როგორც ჩვენი თავდაცვის ძალების ეფექტურობის, მათი აღჭურვილობის, სოციალური მდგომარეობის, ასევე საბიუჯეტო ხარჯების ნაწილში ეს უნდა იყოს ჩვენი მუდმივი კომპონენტი და ამისთვის მუდმივად უნდა ვიყოთ მზად", - განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა პოლიტიკურად ნეიტრალური, ეფექტური პოლიციის მნიშვნელობას.

„მინდა ხაზგასმით აღვნიშნო პოლიტიკურად ნეიტრალური, ეფექტური პოლიციის მნიშვნელობა იმისთვის, რომ ქვეყანაში მუდმივად იყოს სტაბილურობის შეგრძნება.  ეს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს სისტემები ყოველდღიურად ვითარდებოდეს", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, დაფასებული პოლიციელი,  ჯარისკაცი,  მეხანძრე-მაშველი,  პროკურორი ეს არის სახელმწიფოს განვითარების ის აუცილებელი კომპონენტი, რომელიც უკიდურესად მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ყველა სხვა სფეროში ქვეყანა იყოს წარმატებული.

„საბოლოო ჯამში ეს დადის თითოეულ ადამიანამდე, ეს დადის, როგორც ჩვენს თითოეულ მოქალაქემდე ასევე, დადის სამართალდამცავი სისტემის თითოეულ წარმომადგენლამდე, ამიტომ დაფასებული პოლიციელი, დაფასებული ჯარისკაცი, დაფასებული მეხანძრე-მაშველი, დაფასებული პროკურორი ეს არის სახელმწიფოს განვითარების ის აუცილებელი კომპონენტი, რომელიც უკიდურესად მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ჩვენ ვიყოთ წარმატებული ყველა სხვა სფეროში.  კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ყველა ეს სისტემა უნდა განვითარდეს, უნდა იყოს ეფექტური ერთადერთი პირობით - ადამიანის უფლებების დაცვის შესაბამისი სტანდარტების პირობებით", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მთავრობის მეთაურმა ისაუბრა ეკონომიკურ მიმართულებებზე და აღნიშნა, რომ ეკონომიკა რჩება ქვეყნის უმთავრეს პრიორიტეტად. პრემიერის თქმით, საქართველოს ეკონომიკის ფუნდამენტი არის ძლიერი კერძო სექტორი.

„ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ ეკონომიკა რჩება ჩვენი ქვეყნის უმთავრეს პრიორიტეტად. როგორც კი ჩვენ ვამბობთ, რომ  ქვეყნის უსაფრთხოება, მართლწესრიგი, შიდა უსაფრთხოება არის გარანტირებული, ჩვენ რა თქმა უნდა გვაქვს შესაძლებლობა, რომ ვისაუბროთ ეკონომიკის განვითარებაზე. საბოლოო ჯამში ეს  დადის თითოეულ მოქალაქემდე და სიღარიბის დაძლევამდე. ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ საქართველოს ეკონომიკის ფუნდამენტი და ხერხემალი არის ძლიერი კერძო სექტორი, თავისუფალი კერძო სექტორი, რომელიც ქმნის ახალ დამატებით სამუშაო ადგილებს, რაც არის ერთადერთი ინსტრუმენტი სიღარიბის დასაძლევად. ეს არის ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის ძირითადი განმსაზღვრელი და თავის მხრივ, სამუშაო ადგილების შექმნა არის ერთადერთი საშუალება სწრაფად და ეფექტურად სიღარიბის დაძლევის. ეკონომიკურ პოლიტიკაზე როდესაც ვსაუბრობთ, ეკონომიკური პოლიტიკა არ ნიშნავს მხოლოდ გადასახადების შემცირებას, მხოლოდ და მხოლოდ ბიზნეს გარემოს, ეკონომიკური პოლიტიკის ყველაზე განმსაზღვრელი კომპონენტი არის მაკროეკონომიკური სტაბილურობა. ისევე, როგორც  შეუძლებელია ეკონომიკის განვითარებაზე საუბარი თუ ქვეყანაში არ არის სიმშვიდე და სტაბილურობა, შეუძლებელია ეკონომიკის განვითარებაზე ვისაუბროთ, თუ ქვეყანაში არ არის მაკროეკონომიკური სტაბილურობა. მაკროეკონომიკური სტაბილურობა არის ფუნდამენტი, რომელზეც შემდგომ ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ ბიზნესის და სხვა სფეროების განვითარებაზე", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა

გიორგი გახარიამ 2019 წლის ეკონომიკურ მაჩვენებლებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ 2019 წელი ამ თვალსაზრისით ერთ-ერთი საუკეთესო იყო.

„2019 წელი ამ თვალსაზრისით იყო ერთ-ერთი საუკეთესო წელი. მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი იყო ყველაზე დაბალი და ეს არის ქართული ეკონომიკის სტრუქტურული პრობლემა, რომელიც რა თქმა უნდა არ არის დაძლეული, მაგრამ აქ იყო შესაბამისი შედეგები და პროგრესი მიღწეული, ისევე როგორც ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 2019 წელს იყო 5.1 %, პროგნოზზე უფრო მეტი. აქვე მინდა აღვნიშნო მაკროეკონომიკური სტაბილურობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი არის ფისკალური პარამეტრების მნიშვნელოვანი გაუმჯობესება და ფისკალური კონსოლიდაციის ეფექტურობა, რაც ასევე იყო კრიტიკულად მნიშვნელოვანი 2019 წელს. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, ნაერთი ბიუჯეტის მიმდინარე ხარჯები მშპ-თან მიმართებაში შემცირდა 21%-მდე, აქედან შრომის ანაზღაურებაზე მიმართული ხარჯები შემცირდა 3.6 %-მდე. საინვესტიციო და ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის, იმიტომ რომ, ფისკალური კონსოლიდაცია იყო ეფექტური, ჩვენ შევძელით ხარჯები გაგვეზარდა 8.4 %-მდე. 2019 წლის ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტი იყო 2.7 % და მთავრობის ვალის ზღვრული მაჩვენებელი იყო 39.8 %. შესაბამისად, სწორედ ამ მაკროეკონომიკური მაჩვენებლების სიმყარემ მისცა შესაძლებლობა საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოებს,  FITCH-ს და S&P-ს , გაეზარდათ საქართველოს რეიტინგი BB სტაბილურამდე, თუმცა, ცხადია, ობიექტურად უნდა ვისაუბროთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ ეკონომიკური და მაკროეკონომიკური მაჩვენებლებით 2019 წელი დაასრულა და 2020 წელში შევიდა საკმაოდ მყარად, რა თქმა უნდა გლობალურმა პანდემიამ და შემდგომმა გლობალურმა ეკონომიკურმა კრიზისმა ეს ყველაფერი დააყენა კითხვის ნიშნის ქვეშ და საერთოდ, ქვეყანა დააყენა ახალი გამოწვევების წინაშე. ამიტომ ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ გარკვეულ პროგრესზე, მიღწევებსა და შედეგებზე, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ სასტარტო პირობები და ის, სადაც დღეს ვართ, არის აბსოლუტურად სხვადასხვა", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი გახარიას თქმით, მთავრობის მიზანი იყო, პანდემიის პირობებში დახმარებოდა ბიზნესს მაქსიმალურად, იმ შესაძლებლობებით, რომელიც ქვეყანას გააჩნია და გაუმჯობესებულიყო ბიზნესგარემო.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით გარკვეული ნაბიჯები გადაიდგა და ყურადღება რამდენიმე კონკრეტულ, მნიშვნელოვან მაგალითზე გაამახვილა.

„ამ მიმართულებით, გარკვეული ნაბიჯები იყო გადადგმული და არ გადავალ იმ სფეროში, რომელზეც წინა მოსვლის დროს ვისაუბრეთ, ჩამოვთვლი რამდენიმე კონკრეტულ ნაბიჯს, რომელსაც აქვს როგორც სტრუქტურული ზემოქმედების ძალა ეკონომიკურ განვითარებაზე, ასევე, ბიზნესისთვის იყო მნიშვნელოვანი, ეს გახლავთ გადახდისუუნარობის კანონის მიღება, რაც ასევე სისტემური ცვლილებაა ჩვენს საკანონმდებლო ჩარჩოში ბიზნესისთვის, ასევე, მინდა აღვნიშნო ის მნიშვნელოვანი კომპონენტი, რომელიც დავიწყეთ პანდემიამდე - ახალი საინვესტიციო პროგრამები, „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს" სახელმწიფოს მხრიდან. მარტივი თემა იყო, ავიღეთ 100, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული კერძო ქონება, რომლის საბაზრო ღირებულება დღეს არის 300 მლნ ლარზე მეტი. ეს მიმართულება იყო როგორც კერძო ქონების ნაწილში, ისე სასარგებლო წიაღისეულის ნაწილში, რომელიც აღვწერეთ ქვეყნის მასშტაბით. დღეს მთავრობას აქვს ვალდებულება და  100 საინვესტიციო პროექტი კერძო ქონებისა და სასარგებლო წიაღისეულის ნაწილში მუდმივადაა წარმოდგენილი ეკონომიკის სამინისტროს შესაბამის საიტებზე, ესენია მუდმივმოქმედი აუქციონები. ეკონომიკის სამინისტროს აქვს დავალება და ისინი ასრულებენ, რომ მუდმივად, 100-ზე ნაკლები პროექტის საპრივატიზებო საინვესტიციო სახელმწიფოს მხრიდან არ უნდა იყოს შეთავაზებული და გამოტანილი ერთდროულად", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, გრძელდება კერძო სექტორის მხარდაჭერა სხვადასხვა პროგრამით, რომელსაც სახელმწიფო ახორციელებს.

პრემიერის განმარტებით, იმის მიუხედავად, რომ პროგრამა „აწარმოე საქართველოში" ეფექტურად მუშაობს, რაღაც ეტაპზე გამოჩნდა გარკვეული ტექნიკური ხარვეზები. შესაბამისად, მთავრობის გადაწყვეტილებით, სახელმწიფოს მხრიდან ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამების სისტემა - ე.წ ფრონტოფისები იცვლება და მივა თითოეულ მოქალაქემდე, ყველა დასახლებულ პუნქტში, იუსტიციის სახლების თუ იუსტიციის სამინისტროს სხვა ინფრასტრუქტურის საშუალებით.

„თითოეულ დასახლებულ პუნქტში, ადამიანს, რომელსაც აქვს სურვილი, თავის თავზე აიღოს გარკვეული ეკონომიკური რისკები და დაიწყოს ახალი ბიზნესი, დაასაქმოს ოჯახის წევრები, მეზობლები, ექნება შესაძლებლობა, თბილისში ჩამოუსვლელად, თავის ქალაქში თუ რეგიონულ ცენტრში მიიღოს ზუსტად იგივე სერვისები, რომელსაც სახელმწიფო ამ პროგრამების მეშვეობით აწვდის და რომლის მისაღებადაც ის აქამდე თბილისში უნდა ჩამოსულიყო", - აღნიშნა პრემიერმა.

გიორგი გახარიამ ისაუბრა სოფლის მეურნეობის მიმართულებებზე, კერძოდ, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მიმართულებით გაწეულ სამუშაოზე და სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა იმ წარმატებისთვის, რომელსაც მათ  აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის კუთხით მიაღწიეს.

„დღეის მდგომარეობით, შეიძლება ითქვას, რომ აზიური ფაროსანის პრობლემა ქვეყანაში არის დაძლეული. ამას საერთაშორისო შეფასებების მოჰყვა და FAO-მ საქართველოს პრაქტიკა აზიურ ფაროსანასთან ბრძოლაში დაასახელა ერთ-ერთ საუკეთესოდ. ჩვენებს უბრალოდ არ სცალიათ, თორემ მათ ბევრგან ეძახიან ამ გამოცდილების გასაზიარებლად, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, 2019 წელი იყო რეკორდული, საქართველოდან ღვინის ექსპორტის თვალსაზრისით.

პრემიერის განცხადებით,  საქართველოდან 2019 წელს 94 მილიონი ბოთლი ღვინო  გაიტანეს. სოფლის მეურნეობის მიმართულებებზე საუბრისას, გიორგი გახარიამ ასევე ყურადღება გაამახვილა დაცულ ტერიტორიებზე.

„მინდა აღვნიშნო სოფლის მეურნეობის მიმართულებით, დაცული ტერიტორიების თვალსაზრისით, ის ნაბიჯები, რომელსაც სამინისტრო დგამს. დღეის მდგომარეობით, რეალურად, 200 000 ჰექტარზე მეტ დაცულ ტერიტორიებს აქვს ან ახალი სტატუსი დაცული ტერიტორიების, ან მისი სტატუსი არის გამკაცრებული. 2019 წელი იყო რეკორდული, საქართველოდან ღვინის ექსპორტის თვალსაზრისით. საქართველოდან 2019 წელს გაიტანეს  94 მილიონი ბოთლი ღვინო, რომლის შემოსავალი  ქვეყნის მოსახლეობისთვის იყო 240 მლნ. აშშ დოლარი. ეს არის ის ძირითადი მიმართულებები, რომელსაც თავისი ეკონომიკური ძალა ჰქონდა", -  აღნიშნა გიორგი გახარიამ.

პრემიერმა ისაუბრა მიწის რეფორმაზე და აღნიშნა, რომ აღნიშნული რეფორმა წლების განმავლობაში ქვეყნისთვის სისტემური პრობლემაა.

მთავრობის მეთაურის თქმით, გარდა იმისა, რომ სპორადული რეგისტრაციის მექანიზმებით 2019 წელს დაკმაყოფილდა 800 ათასზე მეტი სარეგისტრაციო განცხადება, რაც ნიშნავს იმას, რომ რეფორმის ფარგლებში მოქალაქეებისთვის გამარტივებული წესით რეგისტრირებული ნაკვეთების ფართობი ჯამში 1 მლნ. ჰექტარზე მეტს შეადგენს.

„მიუხედავად ამისა, ეს პრობლემა მაინც რჩება, ამიტომ ეს პროგრამა გაგრძელდა. გარდა ამისა, იუსტიციის სამინისტროს საშუალებით, მას დაემატა ახალი პროგრამა - მიწის სისტემური რეგისტრაცია, რომლის ფარგლებში 3 წლის განმავლობაში ქვეყანაში სრულად უნდა მოაგვაროს ქვეყანაში მიწის რეგისტრაციის პრობლემა. ეს იქნება უკიდურესად მნიშვნელოვანი სტრუქტურული პრობლემის მოგვარება, რომელიც ქართულ ეკონომიკას საშუალებას მისცემს, სრულად აამოქმედოს მიწის ის რესურსი, რომელიც გააჩნია", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი გახარიას თქმით, სერიოზული და პოზიტიური ნაბიჯებია გადადგმული ტყის ფონდის რეგულაციის თვალსაზრისით

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ტყე არის ამ ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე დიდი რესურსი, რომელსაც სწორი მართვა სჭირდება.

„ეს გამოწვევა ყოველთვის იყო, მაგრამ ის ინიციატივები, რომელთაც დღეს ახორციელებს სოფლის მეურნეობის სამინისტრო არის ფრთხილი, ნელი, მაგრამ პროგრესული. რთულია, გამოწვევები რჩება. ტყე არის ამ ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე დიდი რესურსი, რომელსაც სჭირდება სწორი მართვა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს რესურსი შეიძლება გახდეს ქვეყნის როგორც ეკოლოგიური, ისე ეკონომიკური პრობლემაც," - განაცხადა გიორგი გახარიამ.

გიორგი გახარიამ ყურადღება გაამახვილა ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებაზე და აღნიშნა, რომ  2019 წელს, ერთდროულად, რეკორდული 804 კმ გზის რეაბილიტაცია და პერიოდული შეკეთება მიმდინარეობდა.

მთავრობის მეთაურის თქმით, წლის ბოლომდე გაიხსნება ქუთაისის შემოვლითი გზის დამატებითი 2 ზოლი, ხაშურის შემოვლითი გზა და  სამტრედია-გრიგოლეთის ჯაპანა-ლანჩხუთის მონაკვეთი.

„დღეის მდგომარეობით მიმდინარეობს 140 კმ  საერთაშორისო მნიშვნელობის ახალი მაგისტრალური გზის მშენებლობა, საიდანაც 2020 წლის ბოლომდე გაიხსნება ჯამში  - 70 კილომეტრი საერთაშორისო მაგისტრალი და ესენი იქნება ქუთაისის შემოვლითი გზის დამატებითი 2 ზოლი, ხაშურის შემოვლითი გზა, სამტრედია-გრიგოლეთის ჯაპანა-ლანჩხუთის მონაკვეთი ეს არის ჩვენი საერთაშორისო მაგისტრალების  ის მონაკვეთები, რომელიც გაიხსნება ზაფხულის  და შემოდგომის განმავლობაში წლის ბოლომდე.  მიმდინარეობს რიკოთის მონაკვეთის გრიგოლეთი-ქობულეთის და ბათუმის შემოვლით გზებზე აქტიური სამუშაოები და ამას თითოეული ჩვენი მოქალაქე, რომლებიც ამ გზებზე მოგზაურობენ ხედავენ. მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს ქვეშეთი-კობის პროექტირების თვალსაზრისით", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მთავრობის მეთაურის თქმით, 2019 წელს დამატებით 70 ათასი ადამიანი იყო უზრუნველყოფილი 24 საათიანი წყლით.

„წყალმომარაგება ჩვენი ქვეყნის სტრუქტურული და სისტემური პრობლემაა. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს არ არის ერთი და ორი წლის დაგროვილი პრობლემა და ვერ მოხდება მისი ორ დღეში და ორ წელიწადში გადაწყვეტა. 2019 წელს დამატებით 70 ათასი ადამიანი უზრუნველყოფილი იყო 24 საათიანი წყლით", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, წლის ბოლომდე დასრულდება ზუგდიდის, ოზურგეთის, ლანჩხუთის, დაბა აგარის, აბასთუმნის, ქუთაისის მეორე ფაზის, ვალეს, წყალტუბოს, თელავის, სიღნაღის, მარნეულის, გუდაურის, აბაშის წყალმომარაგების პროექტები.

„დასრულდა 24 საათიანი წყალმომარაგების პროექტები ურეკში, მესტიაში, ანაკლიაში, ხობში და კასპში. ასევე, დასრულდა ქუთაისის წყალმომარაგების პროექტის პირველი ფაზა, რომელიც დაახლოებით 90 000 მოქალაქეს ეხება. წლის ბოლომდე დასრულდება ზუგდიდის, ოზურგეთის, ლანჩხუთის, დაბა აგარის, აბასთუმნის, ქუთაისის მეორე ფაზის, ვალეს, წყალტუბოს, თელავის, სიღნაღის, მარნეულის, გუდაურის, აბაშის წყალმომარაგების პროექტები. საერთო ჯამში 2020 წლის ბოლოსთვის საქართველოს 300 000 მოქალაქე ისარგებლებს 24 საათიანი წყალმომარაგებით. ეს საქართველოს წყალმომარაგების სისტემის 24 საათიან წყალმომარაგებაზე გადაყვანის პრობლემას ვერ აგვარებს, მსგავსი პრობლემის საბოლოოდ მოსაგვარებლად სამუშაოები კიდევ დაახლოებით 3-5 წელია გასატარებელი იმისთვის, რომ ქვეყანაში წყალმომარაგების და წყალარინების სისტემა ელემენტარულ სტანდარტს დაემსგავსოს. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ როდესაც ვამბობთ 300 000 ბენეფიციარს ექნება 24 საათიანი წყალი, ძალიან კარგად გვესმის, რომ დარჩენილ ასობით ათასი ბენეფიციარებისთვის წყალია კიდევ მისაყვანი", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მთავრობის მეთაურმა ისაუბრა სივრცით მოწყობასთან დაკავშირებით და აღნიშნა, ქვეყანა სივრცითი მოწყობის თვალსაზრისით ევროპულ ქვეყანას უნდა დაემსგავსოს.

„სივრცით მოწყობის ნაწილზე დიდხანს არ გავჩერდები და ვიტყვი მხოლოდ იმას, რომ ეს არის ჩვენი ქვეყნის ისტორიული იერსახის და ასევე, კომფორტული მოქალაქეებისათვის საცხოვრებელი სივრცის და ქვეყნის მდგრადი განვითარების უაღრესად მნიშვნელოვანი კომპონენტი. არ არის იაფი სიამოვნება, ხშირ შემთხვევაში არის ძალზედ დიდი დისკომფორტის მომგვრელი ჩვენი მოქალაქეებისათვის, მაგრამ ეს არის ერთადერთი შესაძლებლობა იმისთვის, რომ ჩვენ, ჩვენი ქვეყანა არა მხოლოდ ფასეულობებით, საკანონმდებლო ან ინსტიტუციონალური თვალსაზრისით, არამედ სივრცითი მოწყობის თვალსაზრისითაც სულ უფრო და უფრო დავამსგავსოთ ევროპულ ქვეყანას. ასევე მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით შავი ზღვის საქართველოს აუზის მოწყობა, ვგულისხმობ, როგორც მილსადენების, გზების, რკინიგზის, ასევე, საპორტო ინფრასტრუქტურას და ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯებია გადადგმული, როგორც ფოთის ასევე, ანაკლიის მიმართულებით და აქ უკვე ღრმად აღარ წავალ. მე მინდა აღვნიშნო, რომ ეს ანგარიში სრულად ერთი თვის წინ იყო მოწოდებული და იქ არის ყველა ციფრი, ყველა დეტალი, საკმაოდ მკაფიოდ და დეტალურად აღწერილი", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მთავრობის მეთაურის თქმით, ნებისმიერი მთავრობის პირველი ამოცანა შემდგომი წლების განმავლობაში იქნება მაკროეკონომიკური სტაბილურობა.

„ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით, ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ნებისმიერი მთავრობის პირველი ამოცანა შემდგომი წლების განმავლობაში იქნება მაკროეკონომიკური სტაბილურობა, ეს არის ჩვენი ქვეყნის უაღრესად მნიშვნელოვანი გამოწვევა გამომდინარე ჩვენი ეკონომიკის ჯერ კიდევ სისუსტიდან, რეგიონული გამოწვევებიდან და კიდევ ბევრი კომპონენტიდან. მაკროეკონომიკური სტაბილურობა არის ის ფუნდამენტი, რომელზეც შემდგომ ჩვენ უნდა ავაგოთ ნებისმიერი წარმატება ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისა და სიღარიბის დაძლევის თვალსაზრისით", - განაცხადა გიორგი გახარიამ.  

მთავრობის მეთაურის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ პოსტკრიზისული განვითარების ეტაპზე საქართველოს ჰქონდეს დამატებითი ეკონომიკური უპირატესობები გლობალურ კონკურენციაში ჩასართავად.

„ბიზნესგარემო ყოველთვის იყო და უნდა იყოს ჩვენი ქვეყნის ძირითადი მიზანი.  ქვეყანას გააჩნია სტრუქტურული ეკონომიკური ნაკლოვანებები და, პირველ რიგში, ეს არის მიმდინარე ანგარიშის ბალანსი და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის შემდგომი დივერსიფიცირება. ხშირად გვესმის, რომ ტურიზმი არ უნდა იყოს ძირითადი, ინდუსტრიალიზაცია უნდა იყოს ძირითადი, ტრანსპორტი არ უნდა იყოს ძირითადი, ეს ყველაფერი რა თქმა უნდა არის გასათვალისწინებელი, მაგრამ ამავდროულად, უნდა გვესმოდეს, რომ გლობალურმა ეკონომიკურმა კრიზისმა, რომელიც გამომდინარეობს გლობალური პანდემიიდან რეალობა საერთოდ შეცვალა", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველოს მთავრობა მუშაობს საერთაშორისო პარტნიორებთან, სამეცნიერო ცენტრებთან, მსხვილ საერთაშორისო საკონსულტაციო ჯგუფებთან, იმისთვის, რომ პოსტკრიზისული, საშუალოვადიანი და გრძელვადიანი ეკონომიკური აღდგენის გეგმა იყოს რეალისტური და ეფექტური.

„ჩვენი ქვეყნისთვის კრიზისი, პანდემია უნდა გადავაქციოთ  ეკონომიკურ შესაძლებლობად. დღეს გლობალური ეკონომიკა იცვლება, ამიტომ გვაქვს შესაძლებლობა, რომ ქართული ეკონომიკა გამოწვევის ეკონომიკიდან გავხადოთ შესაძლებლობების ეკონომიკად და აქ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, გამოვიყენოთ ყველა ინსტრუმენტი. ამიტომ, საქართველოს მთავრობა მუშაობს საერთაშორისო პარტნიორებთან, სამეცნიერო ცენტრებთან, მსხვილ საერთაშორისო საკონსულტაციო ჯგუფებთან, იმისთვის, რომ პოსტკრიზისული, საშუალოვადიანი და გრძელვადიანი ეკონომიკური აღდგენის გეგმა იყოს რეალისტური და ეფექტური. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ პოსტკრიზისული განვითარების ეტაპზე საქართველოს ჰქონდეს დამატებითი ეკონომიკური უპირატესობები გლობალურ კონკურენციაში ჩასართავად,"- განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერმა ისაუბრა ადამიანური კაპიტალის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ ადამიანური კაპიტალი საქართველოს შემთხვევაში არის ეკონომიკური განვითარების ძირითადი მამოძრავებელი ძალა.

„ადამიანური კაპიტალი საქართველოს შემთხვევაში არის ეკონომიკური განვითარების ძირითადი მამოძრავებელი ძალა და საბოლოო ჯამში ძირითადი რესურსი, აქედან გამომდინარე, ერთადერთი სწორი გადაწყვეტილებაა განათლების სისტემური რეფორმა, რამეთუ კომპეტენციის თვალსაზრისით ადამიანური კაპიტალი ქვეყანაში სულ უფრო და უფრო ეფექტურად იზრდებოდეს", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ამას აქვს მარტივი მიზანი - ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ახალგაზრდები, საქართველოს განათლების სისტემის გავლის შემდეგ, გლობალურ ბაზარზე იყვნენ კონკურენტუნარიანები.

„სხვა შემთხვევაში, ქართველი ახალგაზრდები, რომლებიც გაივლიან ქართულ განათლების სისტემას, ვერ გაუწევენ კონკურენციას გლობალურ ბაზარზე თავიანთ თანატოლებს, რომლებსაც ღირსეული, ეფექტური, უფრო წარმატებული განათლების სისტემა ექნებათ გამოვლილი. ეს არის სისტემური პრობლემა, რომელიც გამოსასწორებელია. მაგრამ ამასთან ერთად, უნდა ვიყოთ რეალისტები და გვესმოდეს, რომ განათლების სისტემური რეფორმა არის გრძელვადიანი და კომპლექსური რეფორმა, რომელიც მოიცავს განათლების ყველა ეტაპს - როგორც სასკოლო, უმაღლესი, სამეცნიერო თვალსაზრისით და არ უნდა გვქონდეს ილუზია, რომ ეს რეფორმა 1 ან 2 წელიწადში დასრულდება. ჩვენ უნდა ვიყოთ მზად იმისთვის, რომ განათლების რეფორმაზე ბევრ თაობას მოუწევს მუშაობა, რათა სულ უფრო და უფრო მდგრადი იყოს ქართული განათლების სისტემა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამაზე მუშაობა არ უნდა დავიწყოთ. რაც შეიძლება სწრაფად უნდა ვიმუშაოთ იმისთვის, რომ პირველი შედეგები უახლოეს პერიოდში დაგვიდგეს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი გახარიას თქმით, ამ მიმართულებით განათლების სისტემაში ნაბიჯები უკვე გადადგმულია.

„მაგალითისთვის ეს არის ახალი სკოლის მოდელი, რომელშიც ჩართულია 166 სკოლა და ეს ეხება 4 ათასამდე მასწავლებელს; მნიშვნელოვანია, რომ სრულდება სკოლების ინტერნეტიზაციის პროექტი. შედეგად ინტერნეტით სრულად უნდა იყოს დაფარული 2 ათასამდე სკოლა. განათლების საყოველთაო ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა სხვადასხვა კომპონენტისგან შედგება, თუმცა ისეთი უბრალო თემები, როგორიცაა მაგალითად ტრანსპორტირება, ესეც პრობლემა იყო, ბავშვები უბრალოდ სკოლამდე ვერ მიდიოდნენ. პრობლემა იყო ქართული ენის სწავლის ხელმისაწვდომობაც. სოციალური პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფო სასწავლო გრანტით დღეის მდგომარეობით 1 395 სტუდენტი სარგებლობს. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ახალი სახელფასო პოლიტიკა. შეუძლებელია, ვისაუბროთ განათლების სისტემის ეფექტურ რეფორმაზე, თუ არ გვეყოლება ღირსეულად ანაზღაურებადი მაღალი კომპეტენციის მასწავლებლები, ამიტომ, მასწავლებელთა ხელფასების ზრდის პროგრამა უნდა გაგრძელდეს და გაგრძელდება", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საპენსიო ასაკის 8 426 პრაქტიკოსი მასწავლებელი, ღირსეულ პენსიაზე გავიდა ფულადი ჯილდოს გადაცემის შედეგად, რომელიც 2 წლის ხელფასს მოიცავდა.

„2 წლის ხელფასის ერთჯერადად, ფულადი ჯილდოს სახით გადაცემის გარდა, საპენსიო ასაკის ჩვენს მასწავლებლებს შეუნარჩუნდათ სიცოცხლის ბოლომდე ჯანმრთელობის დაზღვევაც. ეს უკიდურესად მნიშვნელოვანი ნაბიჯია და ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს პროგრამა აუცილებლად უნდა გაგრძელდეს. ამ პროგრამას ორი მიზანი აქვს - საპენსიო ასაკს მიღწეულ ადამიანებს, ჩვენს ღვაწლმოსილ პედაგოგებს მივცეთ პენსიაზე ღირსეულად გაცილების შესაძლებლობა და სისტემა შევავსოთ ახალგაზრდა მასწავლებლებით, რომლებმაც სწრაფად უნდა აიმაღლონ კომპეტენცია",- განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, საყოველთაო განხილვის საგანია ერთიანი ეროვნული გამოცდები, შესაბამისად, მნიშვნელოვანია აღნიშნოს, რომ განათლების სამინისტროს მიერ დაანონსებული გეგმა ძალაშია და მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რომ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების სრული დაცვით, ეროვნული გამოცდები ჩატარდეს ღირსეულად, როგორც აბიტურიენტებს შეეფერებათ.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, უკიდურესად მნიშვნელოვანია უსაფრთხო სკოლის კონცეფცია.

„მოგეხსენებათ, ტრაგიკული შემთხვევები ჩვენს სკოლებში არასრულწლოვნებთან დაკავშირებით, მუდმივი პრობლემა იყო და ამ პრობლემის გამოსწორებას სისტემური მუშაობა სჭირდება. ამ მიმართულებით, უსაფრთხო სკოლის კონცეფცია უმნიშვნელოვანესი კომპონენტია და 2019 წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა მანდატურის სამსახურის ეფექტურობა რაოდენობრივადაც და ხელფასის თვალსაზრისითაც. სასკოლო ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით, დასრულდა 8 ახალი სკოლის მშენებლობა, მიმდინარეობს და წლის ბოლომდე დასრულდება დამატებით 70 ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა. დასრულდა 717 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია, მიმდინარეობს 111 საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელიც ახალ სასწავლო წლამდე დასრულდება", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურმა ისაუბრა პროფესიულ განათლებაზე და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, ქვეყნის პროფესიული განათლების სისტემა იყოს დაკავშირებული ეკონომიკის და ბიზნესის მოთხოვნებთან.

„უკიდურესად მნიშვნელოვანია, ჩვენი პროფესიული განათლების სისტემა დავაკავშიროთ ჩვენი ეკონომიკის და ბიზნესის მოთხოვნებთან, ამიტომ დუალური მოდელი სულ უფრო და უფრო ეფექტური ხდება", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მთავრობის მეთაურის თქმით, პროფესიული განათლების მიმართულებით ავტორიზაციის დებულებებში შევიდა ცვლილებები, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს მისცემს საშუალებას, მიიღონ ევროპული სტანდარტების შესაბამისი ავტორიზაციის ნორმები, შედეგად კი პროფესიული სასწავლებლების კურსდამთავრებულები ღირსეულად იმუშავებენ საქართველოს ფარგლებს გარეთ, ევროპის იმ ქვეყნებში, რომლებში აკრედიტაციაც პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს ექნებათ.

„ახალი პროფესიული კოლეჯები აშენდა კასპსა და შუახევში, ამოქმედდა ხულოს ფილიალი და ზესტაფონის სამშენებლო კოლეჯი. პროფესიული განათლების პრობლემა ყოველთვის იყო ის, რომ მოსწავლეების გადასვლა რაიონულ ცენტრში, საცხოვრებელი ხარჯებიდან გამომდინარე, პრობლემური იყო.  ამიტომ, პროფესიული განათლება ჩვენ სულ უფრო და უფრო უნდა დავუახლოვოთ მომხმარებელს", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურმა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ უნივერსიტეტი 2020 წლის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიღწევა იქნება.

პრემიერმა აღნიშნა, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ სტუდენტებმა თავისუფლად უნდა შეძლონ გლობალურ კონკურენციასთან გამკლავება.

„2020 წლის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიღწევა იქნება ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი. ეს უნდა იყოს უმაღლესი განათლების ახალი სტანდარტის დაწესება ქვეყანაში. ეს უნდა იყოს საუნივერსიტეტო ცხოვრების ის ქალაქი, სადაც საერთაშორისო დონეზე კონკურენტუნარიანი  უმაღლესი განათლების ახალგაზრდები და სტუდენტები უნდა სწავლობდნენ და ამ უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, მათ მარტივად და თავისუფლად უნდა შეეძლოთ გლობალურ კონკურენციაში მონაწილეობის მიღება, ეს არის უმნიშვნელოვანესი,  სტანდარტის დამაწესებელი პროექტი, რომელმაც უფრო და უფრო მეტი მიმართულება უნდა მოიცვას", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

გიორგი გახარიამ ისაუბრა ჯანდაცვის და სოციალური დაცვის მიმართულებებზე და აღნიშნა, რომ ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ თითოეულ მოქალაქეს, საყოველთაო ჯანდაცვიდან და სოციალური დაცვის პროგრამებიდან გამომდინარე, ცხოვრების მინიმალური პირობები ჰქონდეს.

„რაც შეეხება ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის მიმართულებას, მოგეხსენებათ, რომ ადამიანზე ზრუნვის ფუნდამენტური მიმართულებაა. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ თითოეულ ჩვენს მოქალაქეს საყოველთაო ჯანდაცვიდან და ელემენტარული სოციალური დაცვის პროგრამებიდან გამომდინარე ცხოვრების მინიმალური პირობები შევუქმნათ, ისევე როგორც ჯანმრთელობაზე ზრუნვის პირობები შევუქმნათ", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ჯანდაცვის სისტემაში ბოლო წლების განმავლობაში გატარებული რეფორმების შედეგების მატერიალიზება კორონავირუსთან ბრძოლის კონტექსტში მოხდა. მისივე თქმით, საქართველოში არ ყოფილა ინფიცირების შემთხვევა, რომელსაც სტაციონარული მკურნალობა არ მიუღია.

„ყველას კარგად გვესმის და ვიცით, რომ სოციალური დაცვის სხვადასხვა ინსტრუმენტები მუდმივი კრიტიკის საგანია. ხშირად, ობიექტურიც, მაგრამ ეს ის მიმართულებაა, რომელზეც თანმიმდევრული, მდგრადი, ყოველდღიური, ყოველწლიური განვითარება ღარიბი ეკონომიკის ქვეყნისთვის უკიდურესი გამოწვევაა. როდესაც ვსაუბრობთ, რომ ჩვენი ქვეყნის პრიორიტეტია საყოველთაო ჯანდაცვა, ადამიანის ჯანმრთელობაზე ზრუნვა და ადამიანის ელემენტარული სოციალური  მოთხოვნების უზრუნველყოფა, ძალიან კარგად გვესმის, რომ ეს არ არის საკმარისი, მაგრამ ეს უნდა იყოს მდგრადი, თანმიმდევრული და მუდმივად მზარდი. ესაა ის ამოცანა, რომელსაც მთავრობა ისახავს. საყოველთაო ჯანდაცვის და ჯანდაცვის სისტემაში ბოლო წლების განმავლობაში გატარებული რეფორმების შედეგების აშკარა მატერიალიზება მოხდა კორონავირუსთან ბრძოლის კონტექსტში და ბევრი სისტემური სახელმწიფოს ჯანდაცვის სისტემებმა ამ გამოწვევას ვერ გაუძლეს. მარტივი მაგალითი მინდა მოგიყვანოთ: საქართველოში არ ყოფილა ინფიცირების არც ერთი შემთხვევა, რომელსაც სტაციონარული მკურნალობა არ მიუღია. უამრავი ევროპული ქვეყანა იყო, რომლის ჯანდაცვის სისტემამაც სტაციონარული მომსახურება ინფიცირებულ ადამიანს ვერ მიაწოდა და ბინაზე მკურნალობის რეკომენდაციებს გასცემდა. ეს არის ის სისტემური შედეგი, რომელიც ჩვენი ჯანდაცვის სისტემის რეფორმის შედეგად იქნა მიღწეული. დღეის მდგომარეობით, მაგალითისთვის, არ ვდებ თავს, რომ ზუსტი ციფრებია, დაახლოებით, 270-280 ადამიანი თუ გადის ვირუსით, ეპიდემიის თვალსაზრისით მკურნალობას, დადასტურებული ინფიცირების ფაქტი აქედან ექნება ნახევარს, მეორე ნახევარი არის რისკის შემცველი, მაგრამ რისკის შემცველი ადამიანებიც დღეს საქართველოში გადიან მკურნალობას. ეს არის უკიდურესად მნიშვნელოვანი",- აღნიშნა პრემიერმა.

გიორგი გახარიამ ყურადღება გაამახვილა ტარიფიკაციასა და სელექტიურ კონტრაქტებზე.

„სამედიცინო ინფრასტრუქტურის, ელემენტარულად მკურნალობის ხელმისაწვდომობა ეს იყო ის პირველი ამოცანა, რომელიც ჯანდაცვის სისტემას უნდა გადაეწყვიტა, თუმცა, ამის შემდგომ უნდა გვესმოდეს, რომ სისტემის განვითარებიდან გამომდინარე ჯანდაცვის სამინისტროს ახალი გამოწვევები და ახალი ამოცანები გაუჩნდა და ეს არის სისტემის შემდგომი განვითარების მდგრადობის შენარჩუნება. სწორედ, ამ მდგრადობის შენარჩუნების მიზანი იყო ის რეფორმები, რომლებიც იყო დაწყებული როგორც ტარიფიკაციის, ასევე სელექტიური კონტრაქტების თვალსაზრისით. მესმის, რომ ეს ჯანდაცვის სისტემის ბევრი მოთამაშისთვის შეიძლება დისკომფორტის შემქმნელი იყო, მაგრამ ყველა მათგანი აღიარებს, რომ სისტემას სჭირდება მეტი მდგრადობა, რათა არ აღმოვჩნდეთ კოლაფსის წინაშე. ამიტომ ეს ის გარდაუვალი რეფორმებია, რომელიც სისტემამ უნდა გაატაროს ყველა შემთხვევაში და ამას ჩვენ თანმიმდევრულად, ფრთხილად, ბიზნესის ინტერესის გათვალისწინებით, ჯანდაცვის ბიზნესის ინტერესის გათვალისწინებით გავაკეთებთ და გავაკეთებთ ერთად. გვესმის, რომ აქ იქნება გარკვეული წინააღმდეგობები, მაგრამ ჩვენი ამოცანაა, რომ საყოველთაო ჯანდაცვის სისტემა იყოს ქვეყანაში მდგრადი და იყოს ყოველდღიური პროგრესირება და განვითარება. ამიტომ, როგორც სელექტიური კონტრაქტები, ასევე ტარიფიკაციის ის მოდელები, რომლებსაც ჩვენ ახლა ვნერგავთ, არის გარდაუვალი, ეს უნდა მივიღოთ", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მთავრობის მეთაურის თქმით, 2019 წელს რეაბილიტაცია ჩაუტარდა, ან ახალი აშენდა 400-მდე სოფლის ამბულატორია.

პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ  სოფლის ამბულატორია არის პირველადი ჯანდაცვის უაღრესად მნიშვნელოვანი რგოლი.

„ეს არიან სოფლის ექიმები, რომლებთანაც ჩვენი მოქალაქე პირველად მიდის. ამ ამბულატორიებს, რომლებსაც რეაბილიტაცია ჩაუტარდა, მომავალ წელს მოხდება მათი აღჭურვა. აქ, რა თქმა უნდა, დიდწილად იქნება გამოყენებული ახალი ინოვაცია, როგორიც არის ტელემედიცინა, მაგრამ პირველად ჯანდაცვა არის უკიდურესად მნიშვნელოვანი კომპონენტი, რომელშიც იქნება მიმართული ჯანდაცვის სამინისტროს რეფორმების, შემდგომში ყურადღება. ასევე, არ შეიძლება  არ აღვნიშნოთ, რომ აშენდა  41 ახალი სასწრაფო დახმარების ცენტრი", -  აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურმა ისაუბრა C ჰეპატიტის პროგრამასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ 2019 წელს C ჰეპატიტის სკრინინგი გაიარა 774 000-ზე მეტმა მოქალაქემ.

„აქედან ელიმინაციის პროგრამით დღეს სარგებლობს 9 770 ადამიანი და დღეს მთავრობამ უკვე საბოლოოდ გადადგა ის ნაბიჯი, რომ C ჰეპატიტის სრული პროგრამა, დიაგნოსტიკიდან დაწყებული, მკურნალობა და შემდგომ უკვე ზედამხედველობა სრულად უფასოა ჩვენი მოქალაქეებისთვის", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამის საყოველთაო ჯანდაცვაში ინტეგრირება ხელს შეუწყობს მედიკამენტებზე მოსახლეობის ხელმისაწვდომობის გაზრდას.

„მოგეხსენებათ, უფასო სამედიცინო მედიკამენტების პროგრამამ გარკვეული კითხვის ნიშნები და ზოგ შემთხვევაში გაღიზიანებაც გამოიწვია.  ამიტომ ჯანდაცვის სამინისტრომ გადადგა აბსოლუტურად სწორი ნაბიჯი, როდესაც ქრონიკულ დაავადებათა შემთხვევაში ამ მედიკამენტების დაფინანსების კომპონენტის ინტეგრირება მოახდინა საყოველთაო ჯანდაცვის სისტემაში. ეს ბევრად უფრო ეფექტურია, ბევრად უფრო მდგრადია და ეს იყო აბსოლუტურად სწორი ნაბიჯი. მედიკამენტების პრობლემის შემდგომმა მოგვარებამაც რა თქმა უნდა, უნდა შეამციროს ჯიბიდან გადახდის პრობლემა, რომელიც, სამწუხაროდ, ქვეყანაში ჯერ კიდევ დიდია. ვთქვი და კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება რა თქმა უნდა, არის ელექტრონული ჯანდაცვა, დისტანციური სამედიცინო მომსახურებები, რაც განსაკუთრებით ჩვენი გეოგრაფიის ქვეყნისთვის არის უკიდურესად მნიშვნელოვანი", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა სოციალური დაცვის მიმართულებებზე და აღნიშნა, რომ 2020 წლის 1-ლი იანვრიდან ყველა კატეგორიის პენსიონერებს პენსია გაეზარდათ 20 ლარით და გახდა 220 ლარი.

გიორგი გახარიას თქმით, ეს არის ის მინიმუმი, რომელიც დღეს მთავრობას შეუძლია  მოქალაქეებს შესთავაზოს.

„რა თქმა უნდა, ეს არის უკიდურესად ცოტა და გვესმის, რომ  ეს არ არის საკმარისი. გვესმის, რომ ეს არის ის მინიმუმი, რომელიც დღეს ჩვენ შეგვიძლია ჩვენს მოქალაქეებს შევთავაზოთ. გარდა ამისა, 2020 წლის 1-ლი ივლისიდან, 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერებს ექნებათ 30 ლარის ნამატი და მათი პენსია იქნება დაახლოებით  250 ლარი. მაღალმთიან რეგიონში მცხოვრები 70 წელს გადაცილებული პენსიონერებისთვის, პენსია იქნება  300 ლარი, მაგრამ ეს არ არის მთავარი. ვიცით, რომ ეს არ არის საკმარისი. მთავარია, რომ ჩვენ შეგვექმნა მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი პენსიონერებისთვის ყოველწლიურად პენსიის ზრდას, თუნდაც მინიმალურ, მაგრამ პენსიის ზრდას და ეს პენსიის ზრდა არ იქნება დამოკიდებული არანაირ პოლიტიკურ სპეკულირებებზე. ინდექსაციის ეს მექანიზმი, მთავრობამ მიიღო ეს გადაწყევტილება და ჩართულია. ეს არის ეკონომიკურ მაჩვენებლებზე მიბმული და შესაბამისად, შემდგომში გამორიცხულია პენსიის ზრდით, ან არ ზრდით პოლიტიკური სპეკულირება", -  აღნიშნა გიორგი გახარიამ.

პრემიერმა ყურადღება გაამახვილა დევნილებსა და ეკომიგრანტებზე და აღნიშნა, რომ მთავრობის პირდაპირი ვალდებულებაა, მუდმივად იზრუნოს ამ ადამიანებზე.

„ხაზგასმით მინდა აღვნიშნო ჩვენი დევნილები და ეკომიგრანტები; ჩვენი პირდაპირი ვალდებულებაა, მუდმივად, ყოველდღიურად და ყოველწლიურად ვიზრუნოთ ამ ადამიანებზე, რათა მათ გამოვლილი დიდი ტრაგედია, შეძლებისდაგვარად შევუმსუბუქოთ", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მთავრობის მეთაურის ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით განხორციელდა 772 დევნილი ოჯახის განსახლება და მიმდინარეობს 2 265 ბინის მშენებლობა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, „სოფლად სახლის" პროექტით, რომელიც გულისხმობს დევნილებისთვის სოფლად სახლის და შესაბამისი მიწის შესყიდვას, შესყიდულია 509 საცხოვრებელი ფართი.

რაც შეეხება ეკომიგრანტებს, მათთვის შესყიდულია 167 საცხოვრებელი ფართი და მიწის ნაკვეთები.

„დამატებით მოგახსენებთ, რომ ეკონომიკურ კრიზისზე საპასუხოდ, გამოვყავით 150 მილიონი ლარი, რათა სამშენებლო სექტორისგან სახელმწიფომ წინასწარ, ტენდერის საშუალებით დევნილებისთვის შეისყიდოს დამატებითი ბინები", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა ადამიანური კაპიტალის კავშირს ქვეყნის ეკონომიკის  განვითარებასთან და აღნიშნა, რომ განათლების სისტემამ უნდა დაფაროს ყველა ის მიმართულება, რომლისთვისაც ქვეყანას სჭირდება შემდგომი განვითარება.

„განათლების სისტემა პირდაპირ არის დაკავშირებული ადამიანური კაპიტალის ხარისხთან. ადამიანური კაპიტალის ხარისხი პირდაპირაა დაკავშირებული ჩვენი ქვეყნის როგორც ეკონომიკის შემდგომ განვითარებასთან, ისე ყველა სფეროს განვითარებასთან. ეს უბრალოდ, არის გამოწვევა ჩვენი ახალგაზრდებისა, ღირსეული გლობალური კონკურენციისთვის მომზადებული ახალგაზრდების მომზადებისთვის და ამ მიმართულებით ესაა უკიდურესად მნიშვნელოვანი. მაღალი კომპეტენციის საჯარო მოხელე არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი და განათლების სისტემამ უნდა დაფაროს ყველა ის მიმართულება, რომლისთვისაც ქვეყანას სჭირდება შემდგომი განვითარება. დღეს საქართველოს განვითარების ეტაპიდან გამომდინარე მზად უნდა ვიყოთ, რომ შემდგომი 10, შეიძლება 15 წელიც ქვეყანა მუდმივი რეფორმირების პროცესში უნდა იყოს სხვადასხვა მიმართულებით, გასაძლიერებელია ინსტიტუტები, მუდმივი რეფორმებია გასატარებელი როგორც ეკონომიკის, ისე ჯანდაცვის, სოციალური დახმარების, ბევრი სხვა მიმართულებით და რეფორმირების ძირითადი მიზანი უნდა იყოს, რომ მაქსიმალურად სწრაფად დავუახლოვოთ ქვეყნის ყოველდღიური ცხოვრება, სხვადასხვა განზომილებაში, იმ ევროპულ სტანდარტებს, რომელიც არის ჩვენი ძირითადი ფასეულობები და რომლისკენაც მივდივართ, რომ გვქონდეს ყველანაირი შესაძლებლობა, უფრო დაჟინებით, უფრო დასაბუთებულად, ეფექტურად და სწრაფად მოვითხოვოთ სრულფასოვანი წევრობა იმ ევროპულ ოჯახში, რომელიც ჩვენი მოქალაქეების საბოლოო მიზანია", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, საჯარო მმართველობა არის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი საჯარო სექტორის ეფექტურობის მისაღწევად.

„ეფექტური სახელმწიფო მმართველობის სისტემა და მისი ძირითადი მიზანი არის ის, რომ სახელმწიფო აპარატმა,ჩვენმა სახელმწიფო მოხელემ, მთლიანად ხელისუფლებამ შეძლოს ყველა ის რესურსი და რეფორმირებული ინსტიტუცია  ეფექტურად და სწრაფად მიიტანოს ჩვენს მოქალაქემდე, რათა ჩვენს მოქალაქეს ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ მისთვის იყოს ხელმისაწვდომი ყველა ის სახელმწიფო სერვისი, რომელსაც დღეს სახელმწიფო სთავაზობს თითოეულ მოქალაქეს. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ საჯარო სექტორზე, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ პოლიტიკურად ნეიტრალური და ეფექტური საჯარო სექტორი არის ის აუცილებელი პირობა, რომელიც აძლევს შესაძლებლობას ყველა ის მიღწევა, რომელიც ჩვენ გვაქვს პოლიტიკურ ან ინსტიტუციონალურ დონეზე, სწრაფად, ეფექტურად, სამართლიანად მივიტანოთ თითოეულ მოქალაქემდე. ამიტომ საჯარო მმართველობა არის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი საჯარო სექტორის ეფექტურობის მისაღწევად", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერმა იმ ნაბიჯებზე ისაუბრა, რომელიც საჯარო მმართველობის გაძლიერების მიმართულების განხორციელდა.

„დაინერგა პოლიტიკის დანერგვის და მონიტორინგის შეფასების მარეგულირებელი ჩარჩო, დამტკიცდა დეცენტრალიზაციის სტრატეგია 2020-2025 წლის განმავლობაში. მოგეხსენებათ, რომ ქვეყნისთვის ადგილობრივი მმართველობა არის პრიორიტეტი და  გადაწყვეტილების მიღების პროცესის დელეგირება ადგილებზე არის ფუნდამენტური სტრუქტურული შემადგენელი საჯარო მმართველობის და ჩვენი მმართველობითი სისტემის შემდგომი რეფორმირებისთვის. გასაგებია, რომ ადგილზე შეიძლება კომპეტენციის პრობლემები გვაქვს, მაგრამ ამასაც უნდა მოვერიოთ, დრო დასჭირდება და კომპეტენციაც გაიზრდება.  ელექტრონული მმართველობის თვალსაზრისით, MYGOV.GE-ს მექანიზმებით დღეს მთავრობა მოქალაქეს აწვდის 680 სერვისს. სერვისების მიტანა, ფრონტოფისების გადატანა ადგილებზე არის ერთ-ერთი უკიდურესად მნიშვნელოვანი პრიორიტეტი, რომლისთვისაც ვიყენებთ იუსტიციის სახლებს, რომელიც აშენდება და რომლებიც მუდმივად შენდება. სამი ახალის მშენებლობა მიმდინარეობს ახლა, ერთი გაიხსნა  ბოლნისში  და წლის ბოლომდე გაიხსნება წყალტუბოში, გარდაბანსა და ქარელში. ასევე 11 საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნება წლის ბოლომდე სხვადასხვა რეგიონში, ხობი, ხარაგაული ჭიათურა და ა.შ." - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მთავრობის მეთაურმა ისაუბრა მოსახლეობამდე სერვისების მიტანის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ სერვისების მიტანა მოსახლეობამდე და ე.წ ფრონტოფისების გადატანა ადგილებზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.

მთავრობის მეთაურის განმარტებით, ამისთვის გამოყენებულია იუსტიციის სახლები, რომლებიც უკვე აშენდა ბოლნისში და წლის ბოლომდე გაიხსნება წყალტუბოში, გარდაბანსა და ქარელში.

გარდა ამისა, უკვე ფუნქციონირებს 11 საზოგადოებრივი ცენტრი, დასრულებულია კიდევ 3  საზოგადოებრივი ცენტრი - ხობში, ხარაგაულსა და ჭიათურაში.

„საზოგადოებრივი ცენტრები არის ის მექანიზმები, რომლითაც ჩვენ, სახელმწიფოს სხვადასხვა ინსტიტუტების სხვადასხვა სერვისებს, მაგალითად სახელმწიფო პროგრამის - „აწარმოე საქართველოში", ისევე, როგორც სოფლის მეურნეობის სხვადასხვა პროგრამას, მოსახლეობას ადგილზე მივაწვდით. იმის მაგივრად, რომ ადგილობრივები ხობიდან თბილისში ჩამოვიდნენ ინფორმაციის მისაღებად, როგორ გახდნენ სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარები, ეს ადგილზე იქნება შესაძლებელი, რითაც ჩვენ მათ ცხოვრებას ვუმარტივებთ", - აღნიშნა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო აქტიურად მონაწილეობს და გააგრძელებს მონაწილეობას ღია მმართველობის პარტნიორობაში (OGP) აქტიურ მონაწილეობას.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, 2019 წლის ღია ბიუჯეტის ინდექსში საქართველომ შეინარჩუნა მე-5 ადგილი.

„ეს არის უკიდურესად მნიშვნელოვანი და მოქალაქეების ჩართულობის კუთხის თვალსაზრისით შედეგი 22 ქულიდან 28 ქულამდე გავიუმჯობესეთ", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მთავრობის მეთაურმა ისაუბრა კორუფციასთან ბრძოლასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ  ეს არის მუდმივი გამოწვევა და  ყოველდღიურად უნდა დაიხვეწოს ის მექანიზმები, რომლებსაც ხელისუფლება კორუფციასთან ბრძოლისთვის იყენებს.

პრემიერის თქმით, კორუფციის პრევენცია და მის წინააღმდეგ ბრძოლა არის, ზოგადად, განვითარებადი ეკონომიკებისთვის მუდმივი გამოწვევა და  არასწორი იქნება ვთქვათ, რომ კორუფცია დამარცხებულია.

„მექანიზმების დახვეწას და პროგრესს აღნიშნავს სწორედ ის საერთაშორისო რეიტინგები, რომლებიც აშკარად და ერთმნიშვნელოვნად აღნიშნავენ საქართველოში კორუფციასთან ბრძოლის ეფექტურობის ზრდას. მსოფლიოს მართლმსაჯულების პროექტის 2020 წლის რეიტინგებით, კორუფციის არარსებობის კომპონენტში  1-ლი ადგილი გვიჭირავს რეგიონში და  მსოფლიოში 42-ე ადგილი. საერთაშორისო გამჭვირვალობის 2019 წლის კორუფციის აღქმის ინდექსით საქართველო რეგიონში ლიდერია, მსოფლიოში 44-ე ადგილზე. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში კორუფცია არის დაძლეული. ეს ნიშნავს, ჩვენ ფრთხილად ვპროგრესირებთ იმ მიმართულებით, რომ გვესმის,   გარდამავალი ეკონომიკების, გარდამავალი დემოკრატიების მქონე ქვეყნებისთვის არის უკიდურესად მნიშვნელოვანი კორუფციასთან ბრძოლა და ჩვენ ყოველთვის  უნდა გვესმოდეს, რომ კორუფციასთან ბრძოლის მექანიზმების დახვეწა, ეს ჩვენი მუდმივი ამოცანაა", - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველომ, მაკროეკონომიკური მაჩვენებლების თვალსაზრისით, 2019 წელი დაასრულა და  2020 წელი დაიწყო კარგად, მიუხედავად ამისა, გლობალურმა კრიზისმა რეალობა შეცვალა.

პრემიერის შეფასებით, დღეს მთავარი ამოცანაა გლობალური პანდემიის დამარცხება და გლობალურ ეკონომიკურ კრიზისთან გამკლავება.

„დღეს მთავარი ამოცანაა, დავამარცხოთ გლობალური პანდემია, გავუმკლავდეთ გლობალურ ეკონომიკურ კრიზისს და გლობალური კრიზისი ჩვენი ეკონომიკისთვის ვაქციოთ შესაძლებლობად, რათა პოსტკრიზისულ ეპოქაში, როდესაც მნიშვნელოვნად შეიცვლება ეკონომიკის სტრუქტურა, ქვეყანა გლობალურ კონკურენციაში ჩასართავად იყოს უფრო მომზადებული და ეფექტური. როგორც უსაფრთხოების თვალსაზრისით, ისე ჩვენი ევროატლანტიკური მისწრაფებების და ადამიანის უფლებების თვალსაზრისით, ყველამ კარგად უნდა გავითვალისწინოთ ერთი რამ, ჩვენი ქვეყნის ყოველდღიური ცხოვრების ეს უმნიშვნელოვანესი მიმართულებები ყოველწლიურად საჭიროებენ შემდგომ რეფორმირებებს. არავის აქვს იმის თქმის საშუალება, რომ ჩვენ რაღაცას მივაღწიეთ და დღეს უნდა მოვდუნდეთ. ჩვენ ყოველწლიურად უნდა ვაჩვენოთ პროგრესი. ჩვენს თითოეულ მოქალაქეს გულწრფელად და გულახდილად უნდა ვუთხრათ, რომ პროგრესი ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანაა. საბოლოო შედეგი შეიძლება დადგეს ზოგ შემთხვევაში 1 წლის, ზოგჯერ კი - 10 წლის შემდეგ, მაგრამ ჩვენ ამ გზიდან არ უნდა გადავუხვიოთ. ჩვენი ძირითადი ამოცანა დაფუძნებულია ჩვენს ფასეულობებზე, ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე და ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი ქვეყანა ამისთვის უნდა მოვამზადოთ", - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, დღეს, ყველაზე მნიშვნელოვანი პროცესი, რომელიც ქვეყანაში მიმდინარეობს არის ის საკონსტიტუციო პროცესი საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, რომელიც პარლამენტში მიმდინარეობს.

„დღეს, ყველაზე მნიშვნელოვანი პროცესი, რომელიც ქვეყანაში მიმდინარეობს არის ის საკონსტიტუციო პროცესი საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, რომელიც ამ პარლამენტში მიმდინარეობს, 2 მოსმენით უკვე გავლილია, ორშაბათს იქნება მე-3 მოსმენა. მე მინდა, მარტივად დავასრულო ეს გამოსვლა. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ დღეს, საქართველოში, როგორც ფაქტი, არის საპარლამენტო დემოკრატია, უფრო მეტიც, ორშაბათს ჩატარდება კენჭისყრა და ეს იქნება საპარლამენტო დემოკრატია, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე დაფუძნებული", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საპარლამენტო დემოკრატია, რომელიც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზეა დაფუძნებული, პირველ რიგში, მოითხოვს, აბსოლუტურად ეფექტურ და პოლიტიკურად ნეიტრალურ საჯარო სექტორს. მანვე მადლობა გადაუხადა თითოეულ საჯარო მოხელეს, რომელმაც სამთავრობო პროგრამის განხორციელებაში მიიღო მონაწილეობა.

„საპარლამენტო დემოკრატია, რომელიც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზეა დაფუძნებული, პირველ რიგში, მოითხოვს, აბსოლუტურად ეფექტურ და პოლიტიკურად ნეიტრალურ საჯარო სექტორს. ეს არის ის აუცილებელი პირობა, რომლის გარეშეც ქვეყნის შემდგომი განვითარება ასეთ პოლიტიკურ სისტემაში იქნება უბრალოდ შეუძლებელი. ამიტომ ,მინდა თითოეულ საჯარო მოხელეს, რომელმაც მიიღო სამთავრობო პროგრამის განხორციელებაში მონაწილეობა გადავუხადო მადლობა, მოვუწოდო მათ, რომ ვიყოთ კიდევ უფრო ეფექტურები მომავალი წლების განმავლობაში და მინდა, გავამხნევო ისინი და ვუთხრა, რომ არ არის არაფერი იმაზე უფრო დიდი მსახურება, ვიდრე ღირსეულად, სამართლიანად ემსახურო შენი მოქალაქის ყოველდღიურ ცხოვრებას, მის ინტერესებს, უსაფრთხოებას, განვითარებას და საბოლოო ჯამში,  გააკეთო ყველაფერი, რომ ეს ქვეყანა - განვითარებული დემოკრატია ძლიერი ეკონომიკით, გახდეს ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი,"- განაცხადა პრემიერმა.


 

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური