საქართველოს მთავრობა
government.gov.ge

გიორგი გახარია დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს - დღეს არის 15 ივნისი, გაიხსნა შიდა ტურიზმი და კახეთის რეგიონს გაუმართლა, რადგან მას როგორც ტურისტები, ეწვივნენ ჩვენი ქვეყნის ყველაზე საუკეთესო მეგობრები - ელჩები

2020-06-15

.

..  ...

პირველ რიგში, მინდა გითხრათ თითოეულ თქვენგანს რომ ჩვენთვის უდიდესი პატივია დღეს ამ შეხვედრის აქ გაკეთება, რადგან დღეს არის 15 ივნისი და საქართველოში გაიხსნა შიდა ტურიზმი. კახეთის რეგიონს გაუმართლა, რადგან მას როგორც ტურისტები, ეწვივნენ ჩვენი ქვეყნის ყველაზე საუკეთესო მეგობრები - ჩვენი ელჩები, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრისას, კახეთში განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, წარმატება, რომელსაც საქართველომ დღეის მდგომარეობით მიაღწია, არა მხოლოდ ხელისუფლების, არამედ თითოეული მოქალაქის და ქვეყნის მეგობრების დიდი დამსახურებაა.

„ჩვენ დიდ ყურადღებას ვაქცევთ ყველაფერს, რაც დაკავშირებულია, დღეის მდგომარეობით, ტურიზმის აღდგენასთან. ამას აქვს დიდი მნიშვნელობა როგორც ქვეყნისთვის, ისე ამ რეგიონისთვის. პირველ რიგში, მინდა, უდიდესი მადლობა გადაგიხადოთ თითოეულ თქვენგანს აქ ყოფნისთვის და ამასთან ერთად იმ დახმარებისთვის, რომელსაც ჩვენი მეგობრები უწევდნენ ჩემს ქვეყანას. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს რომ ის გამარჯვება, რომელიც ჩვენ შეგვიძლია დღეს ჯერჯერობით ვთქვათ - რომ საქართველომ შეძლო ვირუსის პირველი ეტაპის შეჩერების, მეორე ეტაპის შეკავების და ახლა გადავდივართ მესამე - მართვის და ადაპტაციის ეტაპზე, არ არის მხოლოდ საქართველოს მთავრობის დამსახურება, არამედ ჩვენი თითოეული მოქალაქის,  და, რა თქმა უნდა, ჩვენი მეგობრების. არ მინდა ვინმე გამოვყო, ყველამ კარგად იცის, თუ რა დახმარება გაუწიეთ თქვენ ჩვენს ქვეყანას. ამ ყველაფრის გათვალისწინებით მინდა, დღეს ჩვენი შეხვედრა იყოს არაფორმალური, მეგობრული, იდეების, აზრების გაცვლისთვის, ამიტომ შევარჩიეთ ეს ადგილი და წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ხართ როგორც ტურისტები სტუმრად დღეს კახეთში, ეს არის ჩვენი ძირითადი მიზანი," - მიმართა პრემიერმა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს.

მისივე განცხადებით, გლობალურ პანდემიას ცალკე აღებული ვერც ერთი ქვეყანა ვერ დაამარცხებს, ამიტომ კრიზისი არის ერთგვარი შესაძლებლობა - მეტი სოლიდარობის გამოსავლენად.

„გამოწვევა, პანდემია გლობალურია, ის უკვე გადაიზარდა სერიოზულ ეკონომიკურ კრიზისში და ყველას კარგად გვესმის, რომ არა თუ პატარა საქართველო, დიდი, ძლიერი, სისტემური ქვეყნებიც ცალკე აღებული ამ გლობალურ გამოწვევას ვერ გაუძლებენ, ვერ გაუმკლავდებიან და ვერ დაამარცხებენ. ამიტომ ეს კრიზისი ჩვენი დღევანდელი ცხოვრებისთვის არის კიდევ ერთი შესაძლებლობა, რომ სოლიდარობა გამოვიჩინოთ ერთმანეთის მიმართ და ეს არის კიდევ ერთი შესაძლებლობა, სადაც პატარა საქართველოს შეუძლია თავისი ფუნქცია შეასრულოს. ფუნქცია -თვითონ, თავის ტერიტორიაზე, თავის სახელმწიფოში, ქვეყანაში, სწორედ მართოს რისკები, შეძლოს ვირუსის შეჩერება, შემდეგ მკურნალობა მოქალაქეების და ამით შესაბამისი ფუნქცია შეასრულოს გლობალურად ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში," - განაცხადა გიორგი გახარიამ. 

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ქვეყანამ სწრაფად უნდა გამოავლინოს ინფიცირების შემთხვევები და შემდგომ სწრაფად უნდა უმკურნალოს, რათა ადამიანები სწრაფად დაუბრუნდნენ ეკონომიკურ საქმიანობას.

„საქართველოში ეს იყო უკიდურესად მოულოდნელი დარტყმა, გამოწვევა, თითოეული ჩვენგანისთვის. ამ კრიზისის ყველაზე სამწუხარო ნიშანი გახლავთ პროგნოზის შეუძლებლობა, სწორედ ეს არის ყველაზე დიდი მდგენელი ამ კრიზისის, რომელიც ჩვენ, ყველას, გვაიძულებს, ერთმანეთს ჩავკიდოთ ხელი, ვიყოთ უკიდურესად სოლიდარულები და ერთად ვებრძოლოთ გლობალურად ამ გამოწვევას. ჩვენ ამაში დავინახეთ ჩვენი ფუნქცია და მიუხედავად იმისა, რომ მძიმე იყო ისეთი ნაბიჯების მიღება, როგორიც იყო, მაგალითად, ჩინეთთან, იტალიასთან ფრენების შეჩერება, შემდგომ, იმ შეზღუდვების დაწესება ჩვენი მოქალაქეებისთვის, რომლებიც თავისუფალ ქვეყანაში ცხოვრობენ უკვე ბევრი წელია, თავისუფალ ეკონომიკაში მუშაობენ და ამ ყველაფერ, რა თქმა უნდა, ჩვენ ვახორციელებდით ძალიან გაზომილად. ვცდილობდით, რომ თითოეული ნაბიჯი გაგვეზომა. ამით, ჩვენ ვუყურებდით გამოცდილებას, რა ხდებოდა იტალიაში, რა ხდებოდა ევროპაში, ჩვენი მეგობრების ქვეყნებში და ბევრ რაღაცას აქედან ვსწავლობდით. ამაზე ჩვენ, ბევრ თქვენგანთან, საუბარიც გვქონია,  ხშირად. დღეს როგორც ჩანს, სწორად შევაფასეთ ჩვენი ჯანდაცვის სისტემის მდგომარეობა და პირველი, ყველაზე სწორი გადაწყვეტილება, რაც ალბათ მივიღეთ  იყო ის, რომ მსხვილ ბლოკებად ქვეყანაში დაგვეგდო მობილურობის ხარისხი იმისთვის, რომ ჯანდაცვის სისტემაზე, პაციენტების სახით, დიდი დაწოლა არ ყოფილიყო", -  აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

როგორც გიორგი გახარიამ განაცხადა,  ეს იყო მთავრობის  ნაბიჯების ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები.

„ისეთი, როგორიც იყო სკოლების გაჩერება, სასწავლო პროცესის გაჩერება უმაღლეს სასწავლებლებში, ტრანსპორტის გაჩერება და ა.შ. ჩვენ, უბრალოდ, მოვახერხეთ ის, რომ ქვეყანაში მობილურობა დავაგდეთ, რამაც შეაჩერა ვირუსის გადაცემის სისწრაფე და გეოგრაფია. ამით მივეცით შესაძლებლობა ჩვენს ჯანდაცვის სისტემას, რომ მომზადებულიყო, როგორც მკურნალობისთვის, ასევე ინფიცირების გამოვლენისთვის. დღეის მდგომარეობით, ჩვენ, ეტაპობრივად, მოგეხსენებათ, რომ გავხსენით ეკონომიკა. ჩვენი აქ შეკრების ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზი და მოგვცა შესაძლებლობა გახლავთ ის, რომ ქვეყანაში შიდა ტურიზმი არის გახსნილი. მაგრამ დღეს, ჩვენ, ჩვენს ამოცანას, რაშიც თქვენი დახმარებაც დაგჭირდება, ვხედავთ იმაში, რომ საქართველომ უნდა შექმნას მაღალი ხარისხის ტესტირების მთელი ქსელი და სისტემა იმისთვის, რომ ჩვენ გვქონდეს შესაძლებლობა, ინფიცირების შემთხვევების სწრაფი გამოვლენის, რომ არ გაგვეპაროს არაფერი მაშინ, როდესაც ქვეყანაში ეკონომიკური აქტივობები და გადაადგილების თავისუფლება არ არის შეზღუდული. ჩვენ სწრაფად უნდა გამოვავლინოთ ინფიცირების შემთხვევები, შემდგომ სწრაფად უნდა ვუმკურნალოთ, რომ ადამიანები სწრაფად დავაბრუნოთ ეკონომიკურ საქმიანობაში. დღეს საქართველო ჯერ კიდევ არ არის მდიდარი ქვეყანა. საქართველოს ეკონომიკურად საკმაოდ უჭირს. საქართველოს ბევრ მოქალაქეს უჭირს. მათთვის ყოველდღიური შემოსავლის არ ქონა, გაქრობა, შეზღუდვა, სერიოზული პრობლემაა", -  განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

გიორგი გახარიამ მადლობა გადაუხადა ამერიკის შეერთებულ შტატებს და აღნიშნა, რომ მათ გარეშე ლუგარის ლაბორატორია ვერ შეიქმნებოდა საქართველოში.

„გვესმის ის პასუხისმგებლობა, რომელიც სახელმწიფოზე და მთავრობაზეა და ჩვენი პასუხისმგებლობა მდგომარეობს სწორედ იმაში, რომ ჩვენ უნდა შევქმნათ სისტემა, რომელიც სწრაფად გამოავლენს ინფიცირების ფაქტს, სწრაფად უმკურნალებს მოქალაქეს და დააბრუნებს ნორმალურ ცხოვრებაში. ჩვენ დღეს თუ გვაქვს ინფიცირების შემთხვევების ოდნავი ზრდა, ჩვენ ამისთვის მზად ვიყავით და შემიძლია გითხრათ, რომ თუ მაგალითად NCDC ლუგარის ლაბორატორია, რომელზეც კიდევ ერთხელ მადლობა უნდა გადავუხადოთ ამერიკის შეერთებულ შტატებს, მათ გარეშე ეს ლაბორატორია ვერ შეიქმნებოდა საქართველოში. თუ NCDC მაგალითად ეპიდემიის დაწყების პირველ დღეებში დღეში 100-150 PCR ტესტს აკეთებდა, დღეს NCDC-ის შეუძლია გააკეთოს ქვეყანაში 4500 PCR ტესტი.  ჩვენი ამოცანა არის, რომ წლის ბოლომდე ჩვენ, საქართველოში უნდა შეგვეძლოს 10 000 PCR ტესტის გაკეთება ერთ დღეში. ეს არის ის აუცილებელი პირობა, რომელიც გვაძლევს შესაძლებლობას, რომ ჩვენ უფრო თამამად გავხსნათ ეკონომიკა", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მანვე მადლობა გადაუხადა საერთაშორისო პარტნიორებსა და დონორ ორგანიზაციებს, რომელთა დახმარებით, ქვეყანაში, ჰოსპიტალური სისტემის გასაძლიერებლად სერიოზული ინვესტიციები განხორციელდება.  

„ჩვენ უაღრესად მადლობლები ვართ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების, დონორი ორგანიზაციების, რომელთა დახმარებითაც ჩვენ სერიოზულ ინვესტიციებს განვახორციელებთ ჰოსპიტალური სისტემის გასაძლიერებლად უახლოეს პერიოდში. ჩვენ ამ კრიზისს ვუყურებთ, როგორც გრძელვადიანს და ვფიქრობთ, რომ ჩვენი ძირითადი ამოცანაა, რომ ქვეყანამ გაიაროს ადაპტაცია და ისწავლოს, როგორ უნდა მართოს ეპიდემია. შეიძლება ამ ინფექციამ ძალა დაკარგოს, ერთ, ორ წელიწადში, მაგრამ შეიძლება ახალი გაჩნდეს. ჩვენს გლობალურ სამყაროში ვირუსი ხდება ყველაზე სერიოზული გამოწვევა. მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ საქართველოში სრული ლოკდაუნი არ მომხდარა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მობილობა მსხვილი ბლოკებით შევზღუდეთ, ადამიანებისთვის სახლიდან გამოსვლა, გარდა საკომენდანტო საათისა, არ შეგვიზღუდავს. ეს არ იყო სრული ლოკდაუნი. ამიტომ, ამას კიდევ მეტი გამოწვევა ჰქონდა. ამიტომ, ჩვენ ცოტა უფრო წინ მივდივართ და ვუყურებთ, რომ ადამიანებს უნდა შეეძლოთ თავიანთ ჩვეულებრივ სოციალურ ცხოვრებას დაუბრუნდნენ", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მთავრობის მეთაურმა, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგებლებთან შეხვედრისას, ყურადღება მომავალ არჩევნებზე გაამახვილა. პრემიერმა აღნიშნა, რომ მთავრობა ძალზედ სერიოზულ ნაბიჯებს დგამს, რათა არჩევნების გამო ვირუსის გავრცელების საფრთხე იყოს მინიმიზირებული.

„საქართველოში საარჩევნო წელია, რამდენიმე თვეში იქნება არჩევნები და წინასაარჩევნო პოლიტიკურ პროცესს, თავისი მობილობა და ადამიანებთან შეხვედრა მოჰყვება. ეპიდემიის პირობებში, არჩევნები საკმაოდ სერიოზული გამოწვევაა, როცა ვსაუბრობთ არჩევნებზე, როდესაც ადამიანები საარჩევნო უბნებზე უნდა მივიდნენ საკუთარი არჩევანის დასაფიქსირებლად. ჩვენ, ამ მიმართულებითაც, ძალზედ სერიოზულ ნაბიჯებს ვდგამთ, რომ არჩევნების გამო ვირუსის გავრცელების საფრთხე იყოს მინიმიზირებული და არანაირი ეპიდემიოლოგიური საფრთხე არ შეიქმნას, ჩვენ ამას შევძლებთ, ყველა შემთხვევაში," - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, საგანგებო მდგომარეობის დროს, არც ერთი შემთხვევა ადამიანის ფუნდამენტური, კონსტიტუციური უფლების უმიზეზოდ შეზღუდვისა ამ ქვეყანაში არ დაფიქსირებულა.

„მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ საგანგებო მდგომარეობის დროს, ყველა აუცილებელ ღონისძიებას ჰქონდა თავისი მიზეზ-შედეგობრივი ახსნა და პირდაპირ იყო მიმართული ეპიდემიის გავრცელების, გეოგრაფიის და სისწრაფის შენელებისკენ, - განაცხადა  გიორგი გახარიამ.

მთავრობის მეთაურმა ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ საზოგადოებაში დაგროვილი კითხვებიდან გამომდინარე, მთავრობის ადმინისტრაციამ შეადგინა ანგარიში, რომელშიც დეტალურად არის გაწერილი ქვეყნის ხელისუფლების მიერ საგანგებო მდგომარეობის პირობებში გადადგმული თითოეული ნაბიჯი.

„არც ერთი შემთხვევა, ადამიანის ფუნდამენტური, კონსტიტუციური უფლების შეზღუდვისა უმიზეზოდ ამ ქვეყანაში არ დაფიქსირებულა. საარჩევნო წელიწადია, ბუნებრივია, პოლიტიკური პროცესი და ტემპერატურა იწევს, ამის გათვალისწინებით, ჩვენ როდესაც დავიწყეთ საგანგებო მდგომარეობიდან გამოსვლა, კითხვებიდან გამომდინარე რომელიც საზოგადოებაში, სამოქალაქო სექტორში ისმოდა, პირველი შემთხვევა იყო ალბათ, რომ მთავრობამ თავისი ნებით, გარდა იმისა რომ მე თვითონ მივედი პარლამენტში და იქ კითხვებს ვუპასუხე, საკუთარი ნებით, მთავრობის ადმინისტრაციამ შეადგინა ანგარიში. სერიოზული ნამუშევარია, რომელიც ქართულად უკვე გამოქვეყნდა, ხვალ გამოქვეყნდება ინგლისურად და შეგიძლიათ გაეცნოთ. იქ დეტალურადაა განხილული საგანგებო მგომარეობის პირობებში საქართველოს მთავრობის ყველა ნაბიჯის ახსნა, მისი მიზეზ-შედეგობრივი კავშირების დასაბუთება და აქვე არის ყველაფერი ახსნილი, თუ როგორ ვუყურებთ ხვალინდელ დღეს. ეს გამოცდილება, რომელიც ბოლო 4-5 თვეში მივიღეთ არ უნდა დაიკარგოს და ამ ანგარიშზე მუშაობისას მივხვდით, რომ ქვეყანაში აუცილებელია სერიოზული, საკმაოდ ღრმა კვლევის ჩატარება ეპიდემიის ზეგავლენის ადამიანის სოციალური ცხოვრების სხვადასხვა სფეროებზე. ეს შეიძლება იყოს ადამიანების უფლებები, მოწყვლადი ჯგუფების უფლებები, ბავშვების უფლებები, ამ კრიზისის დროს გამოჩნდა ხანდაზმულთა უფლებების დაცვის საკმაოდ სპეციფიური ნიუანსები, რომლებიც გასათვალისწინებელი იყო," - აღნიშნა პრემიერმა.

გიორგი გახარიას თქმით, საქართველოში უნდა ჩატარდეს დემოკრატიული და გამჭვირვალე არჩევნები.

„გვესმის, რომ პანდემიის პირობებში ჩვენ შეიძლება მოგვიწიოს არჩევნების ჩატარება. მიგვაჩნია, რომ ის გამოცდილება, რომელიც ქვეყანაში დაგროვდა ამ 4 თვის განმავლობაში, ჩვენ უნდა გადავთარგმნოთ კონკრეტულ ფორმებად, მოდელებად მოქმედებისა, რომლებიც ახსნილი იქნება მიზეზ-შედეგობრივი კავშირის გათვალისწინებით და, ასევე, უნდა დავგეგმოთ სხვა ქვეყნების გამოცდილებიდან გამომდინარე, როგორ შეიძლება ჩვენი სოციალური და პოლიტიკური ცხოვრება პანდემიასთან ერთად გავააქტიუროთ, რამეთუ არის საარჩევნო წელიწადი და ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საარჩევნო წელი, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მისივე თქმით, ბოლო 4-5 თვის განმავლობაში განხორციელებული ღონისძიებები იძლევა საშუალებას ითქვას, რომ ქვეყანაში ინსტიტუტები ძლიერდება.

„მიმდინარეობს საკონსტიტუციო პროცესი, რომელიც, რა თქმა უნდა, წარმატებით და როგორც ჩვენს ქვეყანას შეეფერება ისე უნდა დასრულდეს და მე დარწმუნებული ვარ, რომ ასეც იქნება. ამის შემდგომ ქვეყანა დგება უკვე ახალი გამოწვევის წინაშე - საქართველოში უნდა ჩატარდეს ყველაზე დემოკრატიული და გამჭვირვალე არჩევნები. ეს ყველაფერი რომ წარმოგვიდგენია, რომ არის გარკვეული ეპიდემიოლოგიური შეზღუდვების პარალელურად, რა თქმა უნდა, არის ის გამოცდილება, რომლის სისტემატიზაციაც, სტრუქტურირებაც უნდა მოვახერხოთ, უნდა შევისწავლოთ საკმაოდ ღრმად და დავტოვოთ ეს ინსტიტუციური მეხსიერება. ვფიქრობ, ყველას კარგად გვესმის, რომ ის ღონისძიებები, თქვენთან ერთად, ჩვენს მოქალაქეებთან ერთად რომელიც საქართველოს მთავრობამ გაატარა ბოლო 4-5 თვის განმავლობაში გვაძლევს შესაძლებლობას, რომ ვთქვათ, რომ ქვეყანაში ინსტიტუტები ძლიერდება," - აღნიშნა პრემიერმა.

გიორგი გახარიას განცხადებით, ეს სისტემატიზირებული ცოდნა უნდა დარჩეს ქვეყნის ინსტიტუტებს, რამეთუ ინსტიტუციონალური სიძლიერე ამ ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია.

„იმ კვლევას, რომელზეც  ჩვენს რამდენიმე კოლეგასთან უკვე გვქონდა საუბარი, ევროკავშირის ელჩთან, ასევე, ლუიზა ვინტონთან და ყველასთან გავაგრძელებთ ამაზე საუბარს, იმიტომ, რომ მიგვაჩნია, თუ ჩვენ  აქამდე,  ისიც სხვებთან შედარებით,  შევძელით ჩვენი მოქალაქეები დაგვეცვა, შემდგომ ეს ყველაფერი უნდა ვიკვლიოთ ცოტა უფრო ღრმად, უნდა ვნახოთ სწორი მიზეზ-შედეგობრივი კავშირები ნაბიჯებთან, რომელიც იყო გადადგმული, -  აღნიშნა გიორგი გახარიამ.

მთავრობის მეთაურთან ერთად, კახეთში, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ნათია მეზვრიშვილი და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში, პრესსპიკერი ირაკლი ჩიქოვანი შეხვდნენ.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური