საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
პრემიერ-მინისტრი ბათუმის პორტში ორ გემს დახვდა, რომლითაც ქვეყანაში ჯამურად 63 000 კგ საკვები პროდუქტი და მედიკამენტები შემოვიდა
2020-04-04 ბათუმის პორტში ორი კონტეინერმზიდი გემი შემოვიდა, რომელთაგან ერთი 40 000კგ საკვები პროდუქტით ხოლო მეორე - 23 000კგ საკვებითა და მედიკამენტებით არის დატვირთული, - გემებს ბათუმის პორტში დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია დახვდა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ მსოფლიოში არსებული კრიზისის ფონზე, უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რომ საყოველთაო კარანტინის პირობებშიც კი საქართველოს პორტები რჩება ღია და სატვირთო ოპერაციები შეუფერხებლად ხორციელდება. პრემიერმა ხაზი გაუსვა ბათუმსა და ფოთში ქვეყნის მთავარი ნავსადგურების გამართულ საქმიანობას, ვინაიდან, სურსათითა და პირველადი მოთხოვნილების პროდუქციით, სახმელეთო გამშვებ პუნქტებთან ერთად, საქართველო საზღვაო პორტების მეშვეობითაც მარაგდება. საქართველოს პორტებში უზრუნველყოფილია გემების უსაფრთხო და დროული შემოსვლა-გასვლა.
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური
|