საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
გიორგი გახარიას გადაწყვეტილებით, მთავრობამ ეკონომიკის პირდაპირი დახმარების თვალსაზრისით 2 მილიარდი ლარი გამოყო
2020-04-01
საქართველოს პრემიერ-მინისტრი თითოეულ მოქალაქეს, განსაკუთრებით თბილისელებს, მადლობას უხდის იმ გაგებისთვის, რომლითაც ისინი მოეკიდნენ განსაკუთრებით გუშინდელი დღის ღონისძიებებს, საქართველოს მასშტაბით, განსაკუთრებით 21:00 საათის შემდგომ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ კორონავირუსთან დაკავშრებით, საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ეს აჩვენებს, თუ როგორ აქვს მოქალაქეებს აღქმული საერთო პასუხისმგებლობა. „ეს უკიდურესად მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რამეთუ აჩვენებს, თუ როგორ გვაქვს ჩვენ ერთობლივად აღქმული ის პასუხისმგებლობა, რომელიც ჩვენი საერთო პასუხისმგებლობაა, არა მხოლოდ მთავრობის, არამედ, ამ ქვეყნის თითოეული მოქალაქის და პირველ რიგში, ეს გახლავთ პასუხისმგებლობა ერთმანეთის მიმართ, ჩვენი მშობლების, ჩვენი უფროსი თაობის მიმართ. ეს არის ერთადერთი საშუალება, რითაც ჩვენ შევძლებთ, სწრაფად გავუმკლავდეთ ამ გამოწვევას", - განაცხადა გიორგი გახარიამ. მთავრობის მეთაურმა ისაუბრა იმ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც მიღებულია ეკონომიკის მხარდასაჭერად. მთავრობის გადაწყვეტილებით, დღეის მდგომარეობით, ეკონომიკის პირდაპირი დახმარების თვალსაზრისით 2 მილიარდი ლარი გამოიყო. პრემიერის შეფასებით, ეს არის ის დახმარება, რომელიც მიმართული იქნება, როგორც სამუშაო ადგილების შესანარჩუნებლად, ასევე კომპანიების შესანარჩუნებლად, კომპანიების მიმდინარე წარმოების, მიმდინარე ბიზნესების შესანარჩუნებლად. გიორგი გახარიას თქმით, ეს გადაწყვეტილება უკიდურესად მნიშვნელოვანია, რათა კრიზისის დაძლევის ფაზისთანავე, ქართული ეკონომიკა იყოს მზად, სწრაფად განვითარდეს და აღიდგინოს ის სასტარტო პოზიციები, რომელიც წლის დასაწყისში ჰქონდა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ გარკვეულ ეტაპზე, გარკვეული დროის შემდგომ, შესაძლებელია ქვეყანა აღმოჩნდეს ისეთი გამოწვევების წინაშე, რომ ეს დახმარება იყოს კიდევ უფრო გასაზრდელი. გიორგი გახარიას შეფასებით, ყველაზე მნიშვნელოვანია, როგორ ახერხებს მთავრობა თითოეული მოქალაქის პირდაპირ დახმარებას დღევანდელ ეტაპზე. ამ მიზნით, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, თითოეულ ჩვენს მოქალაქეს, ვინც თვის განმავლობაში მოიხმარს 200 კილოვატზე ნაკლებ ელექტროენერგიას და ასევე 200 მ3-ზე ნაკლებ ბუნებრივ აირს, 3 თვის განმავლობაში - მარტში, აპრილსა და მაისში გადასახადები სრულად დაუფინანსდება. „აქ შედის როგორც დასუფთავების, ასევე, წყლის გადასახადიც. ეს დახმარება რომელზე გადაწყვეტილებაც ჩვენ მთავრობის ფარგლებში მივიღეთ, პირდაპირ არის მიმართული თითოეულ მოქალაქეზე. გვესმის, რომ ეს არ იქნება საკმარისი. რა თქმა უნდა, გვესმის, რომ ჩვენ უნდა მოვახდინოთ თითოეული მოქალაქის იდენტიფიცირება, რომელმაც დაკარგა სამსახური და ამის შემდგომ ჩვენ გვექნება სპეციალური ღონისძიებები მათი პირდაპირი დახმარებისთვის. გარდა ამისა, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ჩვენს შემთხვევაში უკიდურესად მნიშვნელოვანია, რაციონალურად გამოვიყენოთ თითოეული ლარი, რომლის მობილიზებაც დღეის მდგომარეობით მოხერხდა ბიუჯეტში და ეს არის 2 მლრდ ლარი ეკონომიკის, მოქალაქეების პირდაპირი დახმარების თვალსაზრისით, ხოლო 351 მლნ ლარი covid 19-თან ჯანდაცვის თვალსაზრისით პირდაპირი ბრძოლის კონტექსტში", - აღნიშნა გიორგი გახარიამ. პრემიერის განმარტებით, ყველაზე მნიშვნელოვანია კრიზისული ბიუჯეტი, რომლის ფარგლებშიც მთავრობა დღეს მუშაობს და მთავარია, რომ თანხები მიმართულია, რათა მაქსიმალურად ეფექტური ბალანსი იყოს შენარჩუნებული როგორც ინფექციასთან ბრძოლის, ისე ეკონომიკური პოტენციალის თვალსაზრისით. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური
|