საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
გიორგი გახარია - დღეს არ არის დრო ტრაგიკული მოვლენების პოლიტიზირების, დღეს არის დრო კონკრეტული ნაბიჯების
2019-12-19 დღეს არ არის დრო ტრაგიკული მოვლენების პოლიტიზირების, დღეს არის დრო კონკრეტული ნაბიჯების, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. „განათლების სამინისტრომ ყველა სხვა უწყებებთან ერთად უნდა იზრუნოს მუდმივი და განგრძობადი კვალიფიკაციის ამაღლების მიმართულებით, ყველა იმ სახელმწიფო მოხელისთვის თუ პირისთვის, რომელსაც შემხებლობა აქვს მოზარდებთან. ასევე ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ, რომ განათლების სამინისტროს აქვს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფუნქცია - პრაქტიკულად, პრევენციულად იმ პრობლემების აღმოჩენის მიმართულებით, რომელიც სკოლაში მოზარდების ყოველდღიურ ცხოვრებაში შეიძლება მოხდეს. იუსტიციის სამინისტრომ უნდა იზრუნოს მოზარდების საკანონმდებლო დაცვაზე, მაშინ, როდესაც სამართალდამცავ სისტემასთან მათ აქვთ შეხება. ეს ასევე ძალზედ მნიშვნელოვანია და რა თქმა უნდა, ჯანდაცვის სამინისტრომ სოციალური მიმართულებით უნდა იზრუნოს იმ პრობლემების მიმართულებით, რომელიც შესაძლოა მოზარდების ფსიქოლოგიაზე აისახოს", - განაცხადა გიორგი გახარიამ. „ეს არის ის მიმართულებები, რომლებზეც ჩვენ სისტემურად უნდა ვიმუშაოთ და ეს არის ის მიმართულებები, რომლებზეც სწრაფი შედეგი უნდა დავაყენოთ. რა თქმა უნდა, ასევე უნდა ვთქვათ, რომ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების მიმართულებით სახელმწიფოს მხრიდან ბევრი რამ გაკეთდა, განსაკუთრებით იუსტიციის სამინისტროს მხრიდან. თუმცა, ჩვენ შემდგომი ნაბიჯები უნდა გადავდგათ უფრო სწრაფად. დღეს ადმინისტრაციაში გაიმართება სპეციალური შეხვედრა ამ პრობლემატიკაზე, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ, როგორც დარგის სპეციალისტები, არასამთავრობო ორგანიზაციები, ასევე სახელმწიფოს ყველა უწყების წარმომადგენელი და ეს იქნება ის ნაბიჯი, როდესაც ჩვენ, კოორდინირებულად უნდა განვსაზღვროთ კონკრეტული ნაბიჯები. ვფიქრობ, რომ დღეს არ არის დრო ტრაგიკული მოვლენების პოლიტიზირების, დღეს არის დრო კონკრეტული ნაბიჯების, რათა ის, რასაც სახელმწიფო აკეთებს განათლების გაუმჯობესების და სისტემური რეფორმის მიმართულებით, ყველაფერი, რაც ეხება მოზარდებზე, ახალგაზრდებზე ზრუნვას, იყოს კიდევ უფრო ეფექტური, შედეგიანი და თავიდან აგვარიდოს მსგავსი ტრაგიკული მოვლენები" - განაცხადა გიორგი გახარიამ.
პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური
|