საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
გიორგი გახარია - მთავრობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ მთის შვილებმა, მთაში დაბადებულმა ადამიანებმა ღირსეულად შეძლონ მთაში ცხოვრება
2019-12-11
მსურს, სრული პასუხისმგებლობით დაგპირდეთ, რომ ყურადღება მთის მიმართ, მთის განვითარებისა და მთის შვილების მიმართ გაიზრდება, იმისთვის, რომ ჩვენ შევქმნათ და შევასრულოთ ჩვენი პოზიტიური ვალდებულება, მთაში დაბადებულ ამაყ ადამიანს ჰქონდეს საშუალება, ღირსეულად იცხოვროს და განავითაროს თავისი ოჯახი, თავისი შვილები მთაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა. პრემიერ-მინისტრის თქმით, მთის მიმართ ყურადღება გაორმაგდება, მთა უნდა გახდეს მდგრადი, უნდა გაჩნდეს ეკონომიკა, შეიქმნას კომპანიები, რომლებიც მოემსახურებიან მთელს ქვეყანას და ექნებათ ექსპორტის პოტენციალიც. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მაღალმთიანი მოსახლეობის ცხოვრების პირობების გასაუმჯობესებლად ხელისუფლება სხვადასხვა ღონისძიებას ახორციელებს, მათ შორის არის ის, რომ პირველი იანვრიდან მთაში მცხოვრები 70 წელს გადაცილებული პენსიონერები 263 ლარ პენსიას მიიღებენ, ხოლო პირველი ივლისიდან -300 ლარს. „პირველი იანვრიდან მთაში მცხოვრები 70 წელს გადაცილებული ჩვენი ღვაწლმოსილი პენსიონერები უკვე 263 ლარ პენსიას მიიღებენ, ხოლო პირველი ივლისიდან 300 ლარს. ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ ეს საკმარისი არ არის, თუმცა, აქვე უნდა ვთქვათ იმ სოციალურად მნიშვნელოვან დახმარებაზე, რომელსაც დღეს ჩვენ მთის შვილებს ვუწევთ, როგორიც არის მაგალითად ელექტროენერგიის გადასახადზე დახმარება, მაღალ მთაში მასწავლებლებისთვის სპეციალური დანამატის გაკეთება, ისევე, როგორც მედიკოსებისთვის. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მაღალ მთაში დაბადებული ახალშობილებისთვის ფინანსური მხარდაჭერა ერთი წლის განმავლობაში," - განაცხადა მთავრობის მეთაურმა. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური
|