საქართველოს მთავრობა
government.gov.ge

გიორგი გახარიამ და გაეროს გენერალური მდივნის მოადგილემ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება განიხილეს

2019-10-28

---

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია გაეროს გენერალური მდივნის მოადგილეს პოლიტიკისა და სამშვიდობო საკითხებში, როზმარი დიკარლოს შეხვდა.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა გაეროს, როგორც ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარის ჩართულობის მნიშვნელობას კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში. აღინიშნა ორგანიზაციის განსაკუთრებული როლი ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ყოველდღიური გამოწვევების ფონზე. ყურადღება გამახვილდა საოკუპაციო ხაზთან არსებულ მძიმე მდგომარეობაზე, მათ შორის ჩორჩანასთან შექმნილ ვითარებაზე, ახალგორის მიმართულებით გადაადგილების შეზღუდვაზე, მავთულხლართების მშენებლობის ეპიზოდებსა და მოქალაქეების დაკავებაზე.  

პრემიერ-მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ გაერო კიდევ უფრო აქტიურად გამოიყენებს მის ხელთ არსებულ მექანიზმებს პროვოკაციების თავიდან აცილებისა და ვითარების დეესკალაციისთვის.

მთავრობის მეთაურმა გაეროს გენერალური მდივნის მოადგილეს დაუდასტურა საქართველოს მტკიცე ერთგულება სამშვიდობო პოლიტიკისადმი, რომელიც მიმართულია ახალი სამშვიდობო ინიციატივით გათვალისწინებული ურთიერთმომგებიანი პროექტების განხორციელებისკენ.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური