საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
გიორგი გახარია - განათლების სისტემური რეფორმა არ არის ის რეფორმა, რომელიც ერთ ან ორ წელიწადში ხელშესახებ შედეგს მოგვცემს, თუმცა ჩვენ უნდა ვგრძნობდეთ და ვხედავდეთ ყოველდღიურ პროგრესს
2019-10-19 საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია სექტორული შეხვედრების პარალელურად რეგიონებში შეხვედრებს იწყებს. პრემიერ-მინისტრის თქმით, ახალგაზრდა თაობა უნდა ეყრდნობოდეს ტრადიციებს, მაგრამ მიმართული უნდა იყოს თანამედროვე სამყაროს ყველაზე წარმატებული და თვალსაჩინო ფასეულობებისკენ. „ჩვენი ახალგაზრდა თაობა რა თქმა უნდა, უნდა ეყრდნობოდეს ჩვენს ტრადიციებს, ჩვენს ხშირად კონსერვატიულ ფასეულობებს, მაგრამ მიმართული უნდა იყოს თანამედროვე სამყაროს ყველაზე წარმატებული და თვალსაჩინო, სასურველი და საჭირო ფასეულობებისკენ. აღნიშნულ საკითხში განათლების და პედაგოგის შინაარსობრივი ფუნქცია მდგომარეობს იმაში, რომ დაცული იყოს ბალანსი ტრადიციებსა და თანამედროვე ღირებულებებს შორის. ამასთან ერთად, ის გამოწვევები, რომელსაც გლობალური კონკურენცია უსახავს ჩვენს ახალგაზრდას, თუნდაც მაღალი სპეციალიზაციის ნაწილში, თუნდაც ძალიან სპეციფიური ცოდნების ნაწილში, რა თქმა, უნდა, აქაც თქვენი ფუნქცია არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი. ყველაფერს ამას რომ გავცდეთ, ჩვენი სოციალურად აქტიური საზოგადოების ნაწილი ხართ თქვენ," - განაცხადა გიორგი გახარიამ. პრემიერ-მინისტრის თქმით, კრიტიკულად მნიშვნელოვანია ის სახელმწიფო სერვისები, ფუნქციები, რომელსაც ატარებენ პედაგოგები, მედიკოსები და პოლიციელები. მთავრობის მეთაურის განცხადებით, ეს არის ის სახელმწიფო სერვისების ინფრასტრუქტურა, რომელიც თითოეულ მოქალაქეს აძლევს საშუალებას, მშვიდ გარემოში მოახდინოს საკუთარი შესაძლებლობების რეალიზაცია. „ბოლო პერიოდში ძალიან გვაკრიტიკებენ ბიუჯეტის შედგენის გამო, სადაც ძალიან მკაფიოდ განვსაზღვრეთ რამდენიმე ფუნდამენტური პრიორიტეტი. ეს პრიორიტეტი არის პირველ რიგში ბავშვები, ახალგაზრდა თაობა, ასევე ჩვენი პენსიონერები, რომლებიც ძალიან ღვაწლმოსილი ადამიანები არიან. სახელმწიფო აპარატი, რომელიც ამ სოციალურ ჯგუფებს ემსახურება, რა თქმა უნდა პირველ რიგში ეს არიან მასწავლებლები, შემდეგ ჩვენი მედიკოსები და რა თქმა უნდა ყველაფერს ამას კრავს პოლიცია," - განაცხადა გიორგი გახარიამ. პრემიერ-მინისტრის თქმით, პედაგოგების, მედიკოსების, პოლიციელების საქმიანობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გორში, საოკუპაციო ხაზთან. „რა თქმა უნდა ჩვენ კიდევ ბევრი სხვა მსხვილი სოციალური ჯგუფები გვყავს, რომელიც მისახედია. უაღრესად დასაფასებელია სახელმწიფო მოხელეების სხვადასხვა სფეროებსა და სხვადასხვა დარგებში ფუნქციონირება და მათი ღვაწლი. უაღრესად მნიშვნელოვანია ეკონომიკის სხვადასხვა სფეროებში მომუშავე ადამიანების, მათ შორის ბიზნესში, სადაც სამუშაო ადგილებს ქმნიან, თუმცა ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ ფასეულობების დონეზე, იმას რასაც აკეთებენ პედაგოგები, მედიკოსები, პოლიციელები, განსაკუთრებით გორში, მაშინ, როდესაც საოკუპაციო ხაზთან ვდგავართ, ამას აქვს კრიტიკული მნიშვნელობა. ამიტომ, ვიწყებთ გორით და ერთ რამეზე უნდა შევთანხმდეთ, ერთმანეთის არ უნდა მოგვერიდოს. არ ვარ მე ის ადამიანი, რომ მწვავე კრიტიკის ან შეკითხვის ან მოგვერიდოს, ან გაგვაბრაზოს, ან შეგვაშინოს. ამ ურთიერთობის ფასი არის სწორედ იმაში, რომ აბსოლუტურად ღიად, გულწრფელად ვთქვათ ის, რაც გვაწუხებს. შეიძლება ჩვენს სფეროს ცდებოდეს კიდევაც. არ აქვს ამას არანაირი მნიშვნელობა," - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური
|