საქართველოს მთავრობა
government.gov.ge

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ბიზნესთან სექტორულ შეხვედრებს განაგრძობს

2019-10-10

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრებს განაგრძობს. პრემიერი დღეს მეღვინეებს და მევენახეობის წარმომადგენლებს შეხვდება.

როგორც დღეს პრემიერ-მინისტრმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა, საუბარი შეეხება იმ გამოწვევებს, რომელიც უკავშირდება როგორც ადგილობრივ წარმოებას, ასევე ბაზრებზე წვდომას და ექსპორტს.

„ჩვენ დავიწყეთ ბიზნესის სხვადასხვა დარგის წარმომადგენლებთან შეხვედრები. დღეს გვექნება შეხვედრა მევენახეობისა და მეღვინეობის მიმართულებით. განსაკუთრებულად აქტუალურია დღეს შეხვედრა, რამეთუ რთველი დასრულების ფაზაში გადავიდა. უკვე გვაქვს გარკვეული შედეგები, გვესმის, რომ იყო გარკვეული გამოწვევები, თუმცა საბოლოო ჯამში რთველმა კახეთის რეგიონში კარგად ჩაიარა. თუ გვექნება საშუალება, კიდევ უფრო ეფექტურები ვიყოთ რთველის ბოლო ფაზაში, რა თქმა უნდა, იქნება მისასალმებელი. ჩვენ გვინდა დარგს ვესაუბროთ იმ გამოწვევების გათვალისწინებით, რომელიც არის როგორც ადგილობრივი წარმოების, მევენახეობის, ასევე ბაზრებზე წვდომის და ექსპორტის თვალსაზრისით," - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური