საქართველოს მთავრობა
government.gov.ge

გიორგი გახარია აზერბაიჯანის მილი მეჯლისის თავმჯდომარეს ოგტაი ასადოვს და ახლადდანიშნულ პრემიერ-მინისტრს ალი ასადოვს შეხვდა

2019-10-09

  ..

...

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში  შეხვედრები გამართა მილი მეჯლისის თავმჯდომარე ოგტაი ასადოვსა და ახლადდანიშნულ პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვთან.

გიორგი გახარიამ შეხვედრებისას განაცხადა, რომ საქართველო და აზერბაიჯანი არიან მეგობრები, სანდო პარტნიორები და მათ წარმატებულ თანამშრომლობას ხელს ვერაფერი შეუშლის.

საუბრისას ასევე ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის არსებულ კეთილმეზობლურ ურთიერთობებს, სტრატეგიულ პარტნიორობას და წარმატებულ ეკონომიკურ თანამშრომლობას. გარდა ამისა, აღინიშნა საქართველოსა და აზერბაიჯანის საკანონმდებლო ორგანოების ნაყოფიერი თანამშრომლობის შესახებ.

აზერბაიჯანში მაღალი დონის შეხვედრებზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დადასტურდა და აღინიშნა, რომ ეს ვიზიტები მიუთითებს ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობაზე.

შეხვედრებში მონაწილეობას იღებდნენ საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი,  შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ზვიად ძიძიგური.

აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, პატივი მიაგო აზერბაიჯანის ეროვნული ლიდერის ჰეიდარ ალიევისა და მისი მეუღლის ზარიფა ალიევას ხსოვნას. ასევე, მთავრობის მეთაურმა გვირგვინით შეამკო „მარადიული ცეცხლის" მემორიალი „შეჰიდების ხეივანში".

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური