საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
გიორგი გახარია - უსაფრთხო შავი ზღვა არის უსაფრთხო ევროატლანტიკური სივრცის გარანტია
2019-10-03 ნატოსთან მტკიცე ურთიერთობა არის საფუძველი საქართველოს საგარეო პოლიტიკის და მისი უსაფრთხოების, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ჩრდილოატლანტიკური საბჭოს საქართველოში მეხუთე სტუმრობა პირდაპირ მიუთითებს ნატოს მიერ საქართველოს მხარდაჭერაზე. „ჩემთვის უდიდესი პატივია ჩრდილოატლანტიკური საბჭოს საქართველოში მასპინძლობა. ეს გახლავთ მე-5 სტუმრობა ჩრდილოატლანტიკური საბჭოს საქართველოში, რაც პირდაპირ მიუთითებს ნატოს მიერ საქართველოს მხარდაჭერას, რისთვისაც საქართველოს მთავრობის სახელით გიხდით მადლობას. მინდა ასევე თითოეულ ნატოს წევრს გადავუხადო მადლობა, რამეთუ მხარს უჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მის დამოუკიდებლობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენი დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებას", - განაცხადა გიორგი გახარიამ. პრემიერ-მინისტრის თქმით, 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე საქართველომ მიიღო დაპირება წევრი ქვეყნებისგან, რომ გახდებოდა ნატოს წევრი და ეს დაპირება ამოძრავებს საქართველოს თითოეულ მოქალაქეს. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ნატოს ღია კარის პოლიტიკა არის უსაფრთხოების გარანტი ბევრ რეგიონში და შესძენს იმედს ისეთ მცირე ერებს, როგორიც არის საქართველო. „წელს ნატო აღნიშნავს 70 წლისთავს და ეს კიდევ ერთხელ უნდა იყოს დადასტურებული ამ წლისთავის ფარგლებში ღია კარის პოლიტიკა. ღია კარის პოლიტიკამ კიდევ ერთხელ დაადასტურა წლების განმავლობაში, რომ თავად არის უსაფრთხოების გარანტი ბევრ რეგიონში დარა თქმა უნდა, შესძენს იმედს ისეთ მცირე ერებს, როგორიც არის საქართველო. დღეს ჩვენ აქ გვყავს სტუმრად ჩრდილოეთ მაკედონიის წარმომადგენელი, რომელმაც კარგი, შორი, მძიმე გზა გაიარა და სულ მალე გახდება ნატოს 30-ე წევრი და ეს არის კიდევ ერთი იმედი საქართველოსთვის, რომ მის მიღწევებს, როგორც დემოკრატიზაციის, ასევე სამხედრო თანამშრომლობის და ასევე მისი თავსებადობის ხარისხის მნიშვნელოვანი ზრდის შესაბამისი პოლიტიკური დაფასება და შეფასება მოხდება პროგნოზირებად მომავალში," - განაცხადა გიორგი გახარიამ.
პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური
|