საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
მამუკა ბახტაძე - ეკონომიკაში ყველა ძირითადი ფაქტორი ჯანსაღია და გვაქვს საკმაოდ პოზიტიური დინამიკა, მიმდინარეობს ლარის კურსის სტაბილიზაციის პროცესი
2019-08-13 თუ ჩვენ შევხედავთ მთლიანად ეკონომიკას, მაკროეკონომიკურ სიტუაციას, ყველა ძირითადი ფაქტორი ჯანსაღია და გვაქვს საკმაოდ პოზიტიური დინამიკა, რაც გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ საქმე გვქონდა ლარის ზედმეტ გაუფასურებასთან და ახლა მიმდინარეობს ლარის კურსის სტაბილიზაციის პროცესი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა. მთავრობის მეთაურის განმარტებით, ივლისში ტურიზმის სექტორმა, პირველადი შეფასებით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დაახლოებით 60 მილიონი დოლარით ნაკლები მიიღო. პრემიერის თქმით, მთავრობა ვალდებულია, დაეხმაროს ტურიზმის სექტორს და ამ მიმართულებით დაგეგმილია შესაბამისი ღონისძიებები. „ვალდებულნი ვართ, ამოვუდგეთ გვერდში ტურიზმის სექტორს და დავეხმაროთ. შევიმუშავეთ ორი პროგრამა და ამ ორი პროგრამის ფარგლებში და ასევე სხვა დაგეგმილი აქტივობებით, ვფიქრობთ, დავაბრუნებთ იმ მზარდ დინამიკას, რომელიც გვქონდა ტურიზმის სექტორში. საუბარს იმაზე, რომ თურმე ტურიზმის სექტორი არ დაზარალებულა ამ შეზღუდვებით, არ ვიცი რა დავარქვა, ეს არც კონსპირაციის თეორიაა და არც ტყუილი, ამაზე უფრო დიდი დეზინფორმაცია არ ვიცი, რა უნდა იყოს. ჰკითხეთ ამ სექტორში მომუშავე ნებისმიერ ადამიანს, მცირე და საშუალო მეწარმეებს აჭარაში. ივნისში ჩვენ გვქონდა 40-პროცენტიანი ზრდა და შემდეგ იყო მნიშვნელოვანი ვარდნა ივლისში. ეს არის მოცემულობა", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური
|