საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
პრემიერი ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის გზის მშენებლობის პროცესს გაეცნო
2019-07-16 ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის გზის მშენებლობა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს, - აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გაუმჯობესების პროექტის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოებს დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ვიცე-პრემიერთან, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილთან ერთად გაეცნო. ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის 14 კმ-იანი გზის მშენებლობას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს. პროექტი 2 მონაკვეთადაა დაყოფილი. პირველ მონაკვეთზე სამუშაოები ვადების შესაბამისად სრულდება, ხოლო მეორე მონაკვეთზე, შეჩერებული სამუშაოების გასაგრძელებლად, მსოფლიო ბანკთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის გზა ერთ-ერთი ურთულესია და რამდენიმე გვირაბსა და ხიდს მოიცავს. ის გვერდს აუვლის ხაშურს, სურამს, ჩუმათელეთს და რიკოთის გვირაბთან გავა. პროექტის ფარგლებში შენდება 4-ზოლიანი ცემენტ-ბეტონის გზა, 21 ხიდი, 5 გვირაბი, რკინა-ბეტონის მიწისქვეშა გასასვლელები, წყალგამტარი მილები და სადრენაჟე სისტემები. ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის გზის მშენებლობას მსოფლიო ბანკი (WB) და ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) აფინანსებს. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური
|