საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
მთავრობამ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ ვალდებულებების შესრულება კიდევ ერთხელ, 2019 წლის ბოლომდე გადაუვადა
2019-06-17
მთავრობამ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს" საინვესტიციო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება კიდევ ერთხელ, 2019 წლის ბოლომდე გადაუვადა. გადაწყვეტილება მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მიიღეს. როგორც პრემიერ-მინისტრმა სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ვადებთან დაკავშირებით საუბარი ფინანსურ ინსტიტუტებთან ჯერ კიდევ მაისის შუა რიცხვებში შედგა. „ჩვენ ჯერ კიდევ მაისის შუა რიცხვებში, ფინანსურ ინსტიტუტებთან შეხვედრისას შევთანხმდით, რომ კონსორციუმი მოახდენდა ინფორმირებას იმ ვადებთან დაკავშირებით, რაც შეიძლება დასჭირდეს ინვესტორების მხრიდან ფინანსური ნაწილის დასახურად.შედეგად, ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებას და კონსორციუმს ვალდებულებების შესასრულებლად ვადებს წლის ბოლომდე გავუხანგრძლივებთ", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ. "ჩვენ გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი და ნაყოფიერი შეხვედრა ქალაქ სიეტლში, ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ამერიკულ კომპანია SSA MARINE-თან, რომელიც ანაკლიის პორტის ოპერატორად განიხილება. ჩვენ გვსურს, მსგავსი მასშტაბისა და პროფილის კომპანიები მეტად იყოს წარმოდგენილი საქართველოში კრიტიკული ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მსგავსი კომპანიები ამჟღავნებენ ინტერესს ანაკლიის პორტის მიმართ", - განაცხადა პრემიერმა.
პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური
|