საქართველოს მთავრობა
government.gov.ge

მამუკა ბახტაძე - აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის 10 წლის იუბილეზე მიღებული ერთობლივი დეკლარაცია ისტორიული მნიშვნელობის მქონე დოკუმენტია

2019-06-12

აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის 10 წლის იუბილეზე მიღებული ერთობლივი დეკლარაცია ისტორიული მნიშვნელობის მქონე დოკუმენტია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ვაშინგტონში ქართველ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, დოკუმენტი აფასებს სტრატეგიული პარტნიორობის განვლილ 10-წლიან პერიოდში მიღწეულ საერთო წარმატებას და აყალიბებს იმ პოლიტიკურ ხედვას, რომელიც განმსაზღვრელი იქნება სტრატეგიული პარტნიორობისთვის შემდგომი წლების მანძილზე.

"დოკუმენტი მოიცავს ყველა მიმართულებას - უსაფრთხოების საკითხებს, სამხედრო სფეროში თანამშრომლობას, საერთაშორისო პოლიტიკას რეგიონთან მიმართებაში, საქართველოს ეკონომიკური განვითარების პოტენციალის რეალიზაციის უზრუნველყოფას, მეტ ამერიკულ ინვესტიციას საქართველოში და ყველა იმ მიმართულებას, რომელიც მნიშვნელოვანია ჩვენთვის და ქართული სახელმწიფოსთვის",- აღნიშნა მამუკა ბახტაძემ. 

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური