საქართველოს მთავრობა
government.gov.ge

მამუკა ბახტაძე - ჩვენი სტრატეგია მიმართულია საქართველოს გარდაქმნისკენ რეგიონის ტურიზმის, საერთაშორისო ბიზნესის, ლოგისტიკურ, საგანმანათლებლო და ინოვაციების ცენტრად

2019-06-08

---

ჩვენი სტრატეგია მიმართულია საქართველოს გარდაქმნისკენ რეგიონის ტურიზმის, საერთაშორისო ბიზნესის, ლოგისტიკურ, საგანმანათლებლო და ინოვაციების ცენტრად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ სიეტლის მსოფლიო ურთიერთობათა საბჭოში (World Affairs Council) სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტებისა და  განვითარების კუთხით გადადგმულ ნაბიჯებსა და მიღწეულ წარმატებებზე ისაუბრა.

"28 წლის განმავლობაში ჩვენ მივყვებით ჩვენს დემოკრატიულ კურსს, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო. 28 წლის წინ ჩვენ გადავდგით პირველი ნაბიჯები ამ გზაზე, ვაშენებთ რა დემოკრატიულ ინსტიტუტებს, ვავითარებთ მართლმსაჯულების სისტემას და ანგარიშვალდებულ წარმომადგენლობით დემოკრატიას. ამ რეფორმების შედეგად საქართველო იქცა ერთ-ერთ მოწინავე ქვეყნად, ბიზნესის წარმოებისა და ჩვენს ქვეყანაში, ჩვენს მოსახლეობასა და ინფრასტრუქტურაში ინვესტირების კუთხით. ნელ-ნელა საქართველო იქცევა რეგიონის ეკონომიკურ ცენტრად. ჩვენ წინ მივიწევთ ნატოსა და ევროკავშირის წევრობისკენ, ასევე თავისუფალი ვაჭრობის შემოღებისკენ საფრანგეთთან და ისეთ მოკავშირეებთან, როგორიცაა ამერიკის შეერთებული შტატები. მსოფლიო ბანკის ჯგუფის თანახმად, ჩვენ ვართ მე-6 ადგილზე მსოფლიოში ბიზნესის წარმოების სიმარტივის კუთხით. Fraser Institute-ის მონაცემების თანახმად, ეკონომიკური თავისუფლების თვალსაზრისით ჩვენ ვართ მე-7 ადგილზე, აშშ-ის შემდეგ. ღია მმართველობისადმი ჩვენი ერთგულების აღიარებაა ის ფაქტი, რომ ღია ბიუჯეტის ინდექსის საჯარო ინფორმაციაზე წვდომის კატეგორიაში ჩვენ ვართ მე-5 ადგილზე. ჩვენ მნიშვნელოვანი წინსვლა გვაქვს ყველა ძირითად კატეგორიაში, დაწყებული პრესის თავისუფლებით და დამთავრებული ეკონომიკური ზრდით. საერთაშორისო სავალუტო ფონდის თანახმად, საქართველო რჩება ეკონომიკური ზრდის ლიდერად ფართო რეგიონში, რომელიც 28 ქვეყანას მოიცავს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურმა საქართველოს ლოგისტიკურ შესაძლებლობებსა და ტურიზმის ინდუსტრიის პოტენციალზე გაამახვილა ყურადღება და ამ კუთხით არსებულ მიღწევებზე ისაუბრა.

"ჩვენ ვაშენებთ მრავალგანზომილებიან ბიზნესცენტრს შავი ზღვის დასავლეთ სანაპიროზე. ჩვენ გვაქვს წარმატების ყველა წინაპირობა და მიზანმიმართულად მივიწევთ წინ. ჩვენს ქვეყანას ჰყავს 8,5 მილიონი სტუმარი ყოველწლიურად. წელს ეს რიცხვი 9 მილიონს გადააჭარბებს. მაშინ, როცა თავად ქვეყნის მოსახლეობა დაახლოებით 4 მილიონია, დამეთანხმებით, რომ ეს დიდი მიღწევაა. ჩვენ ამით ძალიან ვამაყობთ, მაგრამ, ამავე დროს, ჩვენი მტკიცე გადაწყვეტილებაა კიდევ უფრო მეტის მიღწევა", - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

მამუკა ბახტაძის განცხადებით, მთავრობის სამომავლო ხედვა ეფუძნება ამბიციას, საქართველო გახდეს მსოფლიო დონის ქვეყანა, საცხოვრებლად, სამუშაოდ და წინსვლისთვის.

პრემიერმა ასევე ისაუბრა იმ გამოწვევებზე, რომელთა წინაშე ქვეყანა დგას.

"წარმატებების მიუხედავად, გამოწვევები მაინც არსებობს, როგორც ამას, სამწუხაროდ, ისტორიაც ადასტურებს. 2008 წლიდან მოყოლებული ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის 20% რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. ოკუპაციის შემდეგ ჩვენი მოსახლეობის 8% იძულებული გახდა, დაეტოვებინა საკუთარი სახლები. ჩვენი ქვეყანა ამაყობს თავისი ისტორიით. ჩვენ გავუძელით საბჭოთა ოკუპაციის 70 წელს და, რასაკვირველია, არ მივცემთ რუსეთს უფლებას, განსაზღვროს ჩვენი მომავალი. ჩვენ სრულად ვაკონტროლებთ ჩვენს ბედს და ჩვენი მომავლის ხედვა ეფუძნება ამბიციას, გავხდეთ მსოფლიო დონის ქვეყანა, საცხოვრებლად, სამუშაოდ და წინსვლისთვის. ტერიტორიების დასაბრუნებლად ჩვენ შეიძლება გარკვეული დრო დაგვჭირდეს, მაგრამ ეს აუცილებლად მოხდება. ცხადია, ეს არ მოხდება ძალის გამოყენებით. ამისთვის გამოყენებული იქნება დემოკრატია, დიპლომატია, შესაძლებლობები, განვითარება და ჰუმანურობა", - განაცხადა პრემიერმა.

საქართველოს წარმატებებზე საუბრისას, მამუკა ბახტაძემ ხაზი გაუსვა რეგიონის კონტექსტის გათვალისწინების მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ საქართველო წარმოადგენს მისაბაძ მაგალითს ბევრი ქვეყნისთვის დემოკრატიის კონსოლიდაციისა და ეკონომიკური ტრანსფორმაციის თვალსაზრისით.

მთავრობის მეთაურმა ასევე ყურადღება გაამახვილა საქართველოს განათლების მასშტაბურ რეფორმაზე, რომლის თანახმად განათლებაზე ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 6% დაიხარჯება.

"საქართველოს პარლამენტში განიხილება ახალი კანონი, რომლის თანახმად ჩვენი მთლიანი შიდა პროდუქტის 6%, ანუ, ბიუჯეტის 25% გამოყოფილი იქნება განათლებაზე და რომლის შესრულებაც სავალდებულო გახდება ყველა მომდევნო მთავრობისთვის მომდევნო ათწლეულების განმავლობაში. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ადამიანური კაპიტალის განვითარება ნებისმიერი ხელისუფლების და ნებისმიერი ქვეყნის უდიდესი მისიაა", - აღნიშნა პრემიერმა.  

მთავრობის მეთაურმა სიტყვით გამოსვლისას ამერიკელ მეწარმეებს მოუწოდა, ისარგებლონ იმ შესაძლებლობებით, რომელსაც მათ საქართველო სთავაზობს. მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, რომ საქართველო მე-3 ადგილზეა მსოფლიოში საგადასახადო რეჟიმის სიმსუბუქის თვალსაზრისით, ხოლო ინფრასტრუქტურაში და ადამიანურ კაპიტალში მზარდ ინვესტიციებსა და დაბალი გადასახადების შენარჩუნებას შორის ჯანსაღი ბალანსი არსებობს.

პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოს აქვს ყველაზე ღია ეკონომიკა მსოფლიოში, რასაც ადასტურებენ მსოფლიო ბანკი, საერთაშორისო სავალუტო ფონდი და საქართველოს მსხვილი საერთაშორისო ინვესტორები.

"ჩვენ მივესალმებით, მოვუწოდებთ და ვიწვევთ ამერიკელ მეწარმეებს, ისარგებლონ ამ შესაძლებლობებით, რომელსაც მათ საქართველო სთავაზობს. ჩვენი მდებარეობის წყალობით, ჩვენი უშუალო რეგიონული ბაზარი მოიცავს 500 მილიონ ადამიანს. ამერიკულ ბიზნესებს ჩვენ ვთავაზობთ უნიკალურ და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან გასასვლელს ევროპის და აზიის ბაზრებზე. საქართველო ზღვაზე გასასვლელის არმქონე 8 ქვეყნის კარიბჭეა ევროპაში. ეს არის მსოფლიოში ყველაზე მზარდი სამომხმარებლო ბაზარი. ამ რეგიონში თავმოყრილი მსოფლიოს ყველა მინერალური რესურსის 18%. ჩვენი სტრატეგია მდგომარეობს ამ ქვეყნების დახმარებაში, სრულად გამოიყენონ ეკონომიკური პოტენციალი. ჩვენ მნიშვნელოვან ინვესტიციებს ვახორციელებთ ჩვენს ინფრასტრუქტურაში. სწორედ ამიტომაც ვაშენებთ ღრმაწყლოვან პორტს საქართველოში", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურმა სიტყვით გამოსვლისას ასევე ისაუბრა მწვანე ეკონომიკის სტრატეგიაზე, რომელიც კონცენტრირებულია ქვეყნის მასშტაბით გარემოს დაცვაზე და მომავალი თაობებისთვის ბუნებრივი რესურსების შენარჩუნებაზე.

"ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი ყველაზე ამბიციური მიზნისკენ წინსვლას, მათ შორის დამწყები ბიზნესებისა და ინოვაციებისთვის სათანადო ეკოსისტემის შექმნის მიმართულებით. საქართველოში არსებობს ყველა წინაპირობა მსგავსი ეკოსისტემის განსავითარებლად. საქართველოს აქვს უნიკალური ისტორიული მემკვიდრეობა. ჩვენი ქვეყანა ყოველთვის იყო საგანმანათლებლო, სამეცნიერო და ინოვაციების საკვანძო ცენტრი.საქართველოს უმნიშვნელოვანესი ასპექტია ჩართულობა. 21-ე საუკუნეში კი წარმატების ისტორია მთლიანად უნდა ეყრდნობოდეს ჩართულობას.  საქართველო სავსეა იმედით და მისწრაფებებით. ჩვენ ვამაყობთ ჩვენი უძველესი ისტორიით. ჩვენ ვართ გლობალური საზოგადოების ნაწილი. ჩვენ გვერდში ვუდგავართ აშშ-ს და სხვა სახელმწიფოებს, რომლებიც ერთგულად ემსახურებიან დემოკრატიის, ჩვენი ცივილიზაციის და ღირებულებების შენარჩუნების და დაცვის საქმეს მათგან, ვინც გვემუქრება. წინსვლისთვის ჩვენ გვჭირდება ისეთი მეგობრები, როგორიცაა ამერიკა", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურმა სიტყვით გამოსვლის შემდეგ საბჭოს წევრების კითხვებს უპასუხა. დისკუსიას მოდერირებას უწევდა სიეტლის მსოფლიო ურთიერთობათა საბჭოს პრეზიდენტი და აღმასრულებელი დირექტორი ჟაკლინ მილერი.

 

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური