საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
EBRD-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი საქართველოს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პარტნიორად აფასებს
2019-05-14 საქართველო არის რეგიონის ლიდერი ქვეყანა ეკონომიკური ზრდის კუთხით და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი მასთან პარტნიორობას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძისა და EBRD-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტის, იურგენ რიგტერინქის შეხვედრისას აღინიშნა. საუბრისას ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და ევრობანკის წარმატებულ თანამშრომლობაზე, რაზეც საქართველოში EBRD-ის დივერსიფიცირებული პორტფელიც მიუთითებს. მთავრობის მეთაურმა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პირველ ვიცე-პრეზიდენტს საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრისას საუბარი შეეხო EBRD-ის სამომავლო გეგმებს და პროექტებს, რომელთა განხორციელებასაც ბანკი საქართველოში აპირებს. განსაკუთრებული ხაზგასმით აღინიშნა და დადებითად შეფასდა განათლების მასშტაბური რეფორმა, რომელიც სექტორის მთლიანი შიდა პროდუქტის 6%-ით დაფინანსებას გულისხმობს. განხილვის ერთ-ერთი თემა იყო ინვესტორთა საბჭოს საქმიანობა, რაც მთავრობისა და ინვესტორების ურთიერთობის მნიშვნელოვანი პლატფორმაა. EBRD-ის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ამ ფორმატის მხარდაჭერისა და მასში აქტიური მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური |