საქართველოს მთავრობა
government.gov.ge

პრემიერ-მინისტრი ბრიუსელში „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლის იუბილესთან დაკავშირებულ ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას

2019-05-10

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე 13-14 მაისს ბრიუსელს ეწვევა. მთავრობის მეთაური „აღმოსავლეთ პარტნიორობის" ინიციატივის 10 წლის იუბილესთან დაკავშირებულ ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას.

როგორც პრემიერმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, დღეს საქართველოსა და ევროპას შორის ურთიერთობები ყველაზე მაღალ დონეზეა.

„წელს აღინიშნება „აღმოსავლეთ პარტნიორობის" დაარსებიდან 10 წელი. ამ თარიღთან დაკავშირებით 13-14 მაისს ჩვენ გვექნება ვიზიტი ბრიუსელში, სადაც მონაწილეობას მივიღებთ ევროკომისიისა და ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის, რუმინეთის ორგანიზებით გამართულ „აღმოსავლეთ პარტნიორობის" მინისტერიალში.

მოგეხსენებათ, რამდენიმე თვის წინ ევროპელ მეგობრებს წარვუდგინეთ ჩვენს მიერ მომზადებული საგზაო რუკა, რომლის მთავარი ამოცანაა, მეტ ინტეგრაციას მივაღწიოთ ევროკავშირთან. საქართველოსა და ევროპას შორის ურთიერთობები დღეს ყველაზე მაღალ ნიშნულზეა, რასაც, ბუნებრივია, განსაკუთრებული გაფრთხილება, შენარჩუნება და გაღრმავება სჭირდება", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური