საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
მამუკა ბახტაძე - იყო სამშობლოს ჯარისკაცი, ყველაზე საპატიო მოვალეობაა და თქვენ ამ მოვალეობას ღირსეულად ასრულებთ
2019-04-30 იყო სამშობლოს ჯარისკაცი, ყველაზე საპატიო მოვალეობაა და თქვენ ღირსეულად ასრულებთ ამ მოვალეობას, რისთვისაც თითოეულ თქვენგანს განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ თავდაცვის ძალების დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიების მონაწილე სამხედროებს, რომლებსაც თავდაცვის ძალების დღე მიულოცა. მთავრობის მეთაურმა ქართველი ჯარისკაცების სიმტკიცეზე, თავდადებასა და გმირობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ქართულმა ჯარმა დამოუკიდებელი და დემოკრატიული საქართველოს მშენებლობის საქმეში უდიდესი წვლილი შეიტანა. მამუკა ბახტაძემ თავდაცვის ძალების დღე განსაკუთრებით მიულოცა ვეტერანებსა და საერთაშორისო მისიებში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეებს. „ჩვენი პარტნიორი და მეგობარი ქვეყნების სამხედროების მხარდამხარ ისინი მსოფლიოში მშვიდობის სადარაჯოზე დგანან. ჩვენ დიდად ვაფასებთ მათ ღვაწლს უსაფრთხო მსოფლიოსთვის და ვამაყობთ იმით, რომ ქართველმა ჯარისკაცებმა სახელი გაითქვეს, როგორც თავდადებულმა და შეუპოვარმა მეომრებმა. ნებისმიერი ერისა და ქვეყნის სახელმწიფოებრივი აზროვნება იზომება იმით, თუ როგორი დამოკიდებულება აქვს მას თავისი ჯარისა და ჯარისკაცების მიმართ, იმ მოქალაქეების მიმართ, რომლებიც თავიანთი სიცოცხლის ფასად იცავენ საქართველოს სუვერენიტეტს, თავისუფლებას, ღირსებასა და უსაფრთხოებას", - აღნიშნა პრემიერმა.
პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური
|