საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
ქართველი სამხედროებისა და მათი ოჯახებისთვის ახალი უბნის მშენებლობა იწყება
2019-04-30 ქართველი სამხედროებისა და მათი ოჯახებისთვის მახათას მთაზე ახალი უბნის მშენებლობა იწყება, - პროექტის პრეზენტაცია საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს თავდაცვის მინისტრთან ერთად გამართა. პროექტი, რომელიც სამხედრო მოსამსახურეების სოციალური პირობების გაუმჯობესებას ისახავს მიზნად, სახელმწიფოს თანადაფინანსებით განხორციელდება. მთავრობის მეთაურის შეფასებით, საქართველოს ღირსეული შვილების - სამხედრო მოსამსახურეების შესაბამისი პირობებით უზრუნველყოფა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. "საბოლოო ჯამში, მთავრობის ამოცანაა, ყველა ადამიანს, რომელიც მსახურობს საქართველოს თავდაცვის ძალებში, ჰქონდეს რწმენა იმისა, რომ სახელმწიფო აკეთებს ყველაფერს, რათა მათ შრომა, თავდადება და სამშობლოსადმი ერთგულება დაუფასდეთ. ბოლო წლების განმავლობაში ჩვენ შრომის ანაზღაურება გავუზარდეთ თავდაცვის უწყებაში დასაქმებულ ჯამში 2200-ზე მეტ სამხედრო მოსამსახურესა და სამოქალაქო პირს. 2019-2020 წლებში დამატებით 9000-მდე სამხედრო მოსამსახურესა და სამოქალაქო პირს გავუზრდით ხელფასს. საერთო ჯამში ბოლო 4 წლის განმავლობაში სახელფასო ანაზღაურების ზრდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის ძალებში 11 000-ზე მეტ ჩვენს მოქალაქეს შეეხო" - განაცხადა მთავრობის მეთაურმა. მთავრობის მეთაურმა სამხედროებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მათი ასეთი წარმატება საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. სამხედროებისთვის განკუთვნილი ახალი უბანი თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე არსებულ ტერიტორიაზე აშენდება. საცხოვრებელი ფართების მშენებლობა „ამხანაგობის" პრინციპით განხორციელდება და ბინის საფასურის 40%-ს სახელმწიფო დაფარავს. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური
|