საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
მთის განვითარების ეროვნული საბჭოს გადაწყვეტილებით, დაბა ბახმაროს მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მიენიჭა
2019-03-18 „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული სოციალური შეღავათებით ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის დაბა ბახმაროს მოსახლეობაც ისარგებლებს, - გადაწყვეტილება ბახმაროსთვის მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მინიჭების შესახებ მთის განვითარების ეროვნული საბჭოს მე-10 სხდომაზე მიიღეს, რომელიც პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ხელმძღვანელობით დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. საბჭოს სხდომაზე ასევე განიხილეს მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან 2019 წელს განსაზღვრული თანხების განაწილების პროექტი და მაღალმთიანი დასახლებების განვითარების 2019-2023 წლების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა. დოკუმენტი მიზნად ისახავს საქართველოს რეგიონების ინკლუზიური და მდგრადი განვითარების სტრატეგიული ხედვის ჩამოყალიბებას და საქართველოს მოქალაქეებისთვის თანასწორი შესაძლებლობების გაჩენას, ცხოვრების დონის გაუმჯობესებას და ქვეყნის ტერიტორიის თანაბარი სოციალური და ეკონომიკური განვითარების უზრუნველყოფას. ამასთან, მთის განვითარების ეროვნულ საბჭოს შეემატა ორი ახალი წევრი - მესტიის მუნიციპალიტეტის მერი კახა ჟორჟოლიანი და აკადემიკოსი ავთანდილ არაბული, რომელიც საბჭოს მუშაობაში ექსპერტის სტატუსით ჩაერთვება.
პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური
|