საქართველოს მთავრობა
government.gov.ge

2018 წლის 10 მაისის მთავრობის სხდომა

2018-05-10

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 19 საკითხი განიხილა. დღის წესრიგი

მთავრობამ მოიწონა „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდსა და უცხოური არასამეწარმეო იურიდიული პირის ფილიალს - „Save the Children International-ის" საქართველოს წარმომადგენლობას შორის გასაფორმებელი საგრანტო ხელშეკრულების პროექტი", რომელიც 556 960 ლარის ოდენობის გრანტის გამოყოფას გულისხმობს. პროექტი სოციალურად დაუცველი ახალგაზრდების სამეწარმეო პოტენციალის განვითარების ხელშეწყობას, ახალგაზრდების საგანმანათლებლო შესაძლებლობებთან წვდომის გაფართოების უზრუნველყოფას, დასაქმების პოტენციალის გაზრდის მიზნით ადგილობრივ, ეროვნულ და რეგიონალურ დონეზე თანმიმდევრული და დისციპლინათაშორისი ახალგაზრდული პოლიტიკის ადვოკატირებას ითვალისწინებს.
მთავრობამ ასევე დაეთანხმა გარდაბნის მუნიციპალიტეტისთვის მიერ მუნიციპალური განვითარების ფონდიდან 8 824 505 ლარის ოდენობის სესხის აღებას, რომლითაც გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლების - ნორიოს, მარტყოფის, ახალსოფლის, ახალი სამგორის და ვაზიანის წყალმომარაგების პროექტის მე-2 ეტაპი განხორციელდება. სამუშაოების დასრულების შემდეგ აღნიშნულ სოფლებში მცხოვრები 35 000 ბენეფიციარი 24-საათიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი.

საქართველოს მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე მხარი დაუჭირა ბინადრობის ნებართვებთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს, რომელიც იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა წარადგინა. კანონპროექტზე მუშაობის პროცესში მონაწილეობდნენ საგარეო საქმეთა, შინაგან საქმეთა და ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროები, აგრეთვე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.
საკანონმდებლო ცვლილებების მიზანი არალეგალური მიგრაციის პრევენციის დამატებითი მექანიზმის შემოღებაა. საქართველოში მყოფი უცხოეთის მოქალაქეები ვეღარ შეძლებენ, ხელოვნურად შექმნან სამართლებრივი საფუძველი ქვეყანაში დასარჩენად, კერძოდ:

• არალეგალის მიერ თავშესაფრის მოთხოვნა აღარ ჩაითვლება საქართველოში ლეგალურად ყოფნად ბინადრობის ნებართვის მიღებისათვის;
• თუ მიღებულია უცხოელის გაძევების შესახებ გადაწყვეტილება, მას სასამართლოში საქმისწარმოების მოტივით საქართველოდან გასვლის ვალდებულება არ გადაუვადდება;
• საქართველოში ბინადრობის ნებართვა აღარ გაიცემა უცხოელზე, რომელიც საქართველოში იმყოფება საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადების საფუძველზე;
• შრომითი ბინადრობის ნებართვა, სასწავლო ბინადრობის ნებართვა, ბინადრობის ნებართვა ოჯახის გაერთიანების მიზნით, საქართველოს ყოფილი მოქალაქის ბინადრობის ნებართვა, მოქალაქეობის არმქონე პირის ბინადრობის ნებართვა, მუდმივი ცხოვრების ნებართვა და მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვა არ გაიცემა С კატეგორიის ორდინარული ვიზის საფუძველზე. გამონაკლისი იქნება მხოლოდ საინვესტიციო ბინადრობის, ტრეფიკინგის მსხვერპლისთვის განკუთვნილი სპეციალური ბინადრობის ან ოჯახში ძალადობის მსხვერპლისთვის განკუთვნილი დროებითი ბინადრობის ნებართვა.
საკანონმდებლო ცვლილებები უცხო ქვეყნის ზოგიერთი მოქალაქის მხრიდან არსებული რეგულაციების არაკეთილსინდისიერად გამოყენების აღმოფხვრას ისახავს მიზნად.

გარდა ამისა, საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის თანახმად, საქართველოში მუდმივი ცხოვრების ნებართვის მოსაპოვებლად უცხოელი ბოლო 10 წლის განმავლობაში უნდა ცხოვრობდეს ქვეყანაში. დღეს ეს ვადა 6 წელს შეადგენს.
12 წლამდე იზრდება დროებითი ბინადრობის ნებართვის ვადა. დღეს მისი მაქსიმალური ხანგრძლივობა 6 წელია. იუსტიციის სამინისტროს საკანონმდებლო ინიციატივით, თუ უცხო ქვეყნის მოქალაქეს არ აქვს საქართველოში მუდმივად დარჩენის მოტივი, 6 წლის გასვლის შემდეგ ის კვლავ მიიღებს დროებითი ბინადრობის ნებართვას, ნაცვლად მუდმივი ცხოვრების ნებართვისა. კანონპროექტი განსახილველად პარლამენტს გაეგზავნა.
მთავრობამ ასევე დაეთანხმა საქართველოს მთავრობას, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკსა (KFW) და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) შორის განზრახულობათა დეკლარაციის გაფორმებას, რომელის ფარგლებში, საქართველო, პარტნიორ ევროპულ ქვეყნებთან ერთად, გაატარებს რეფორმებს ენერგეტიკის, ენერგობაზრის განვითარების და ენერგოეფექტურობის მიმართულებით. რეფორმის მხარდამჭერი პროგრამა 2018-2021 წლებისთვის არის დაგეგმილი. პროგრამის ფარგლებში განსაზღვრული ღონისძიებების შესრულების შემდეგ, წელსვე შესაძლებელია გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკმა გამოყოს 49 მლნ ევროს ოდენობის, ხოლო საფრანგეთის განვითარების სააგენტომ 25 მლნ ევროს ოდენობის ფინანსური რესურსი.

პროექტ Check in Georgia-ს ფარგლებში დაგეგმილია გამოფენა „აღორძინების ეპოქის გრაფიკა", რომლის ფარგლებში საქართველოში ლეონარდოს, მიქელანჯელოს, რაფაელის, ბოტიჩელის, ვაზარის, ტიციანის რენესანსის პერიოდის სხვა ცნობილი დიდოსტატების ნამუშევრები გამოიფინება. ამ მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებები, რომლებიც კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ წარადგინა, მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცა.