საქართველოს მთავრობა
government.gov.ge

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის 2018 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა

2018-12-20

.

..  ...

თქვენო უწმინდესობავ,

ბატონო პარლამენტის თავმჯდომარე,

პატივცემულო პარლამენტის წევრებო, მთავრობის წევრებო, პატივცემულო დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებო!

მივესალმები ჩვენს სახელოვან ჯარისკაცებს, პოლიციელებს, ექიმებს, მასწავლებლებს სპორტსმენებს, ჩვენს მეწარმეებს.

უღრმესი მადლობა მობრძანებისთვის!

მსურს, დღეს თქვენთან ერთად ქართულ საზოგადოებას წარვუდგინო საქართველოს მთავრობის მუშაობის 2018 წლის ანგარიში. შევეცდები, კიდევ ერთხელ შევხედოთ, რისი მიღწევა შევძელით 2018 წელს და რა პრობლემები გვაქვს ქვეყნის წინაშე, რომელიც ერთობლივი ძალისხმევით უნდა გადავჭრათ. მე ყოველთვის აღვნიშნავდი, რომ საქართველოს წინაშე ორი ყველაზე მტკივნეული გამოწვევაა - ოკუპაცია და სიღარიბე. ეს არის სწორედ ჩვენი ეროვნული ამოცანა, რომ ორივე გამოწვევა ერთობლივი ძალისხმევით დავძლიოთ. სწორედ ამის გარშემო უნდა იყოს ჩემი აზრით გაერთიანებული საქართველოს თითოეული მოქალაქის ძალისხმევა. ყველას გვინდა, რომ ჩვენი ქვეყანა იყოს სიღარიბის გარეშე, სადაც თითოეულ მოქალაქეს ექნება ღირსეული ცხოვრების უფლება.

ჩვენი მიზანია, საქართველო დაუბრუნდეს თავის დიდ ევროპულ ოჯახს, სადაც ადამიანის თავისუფლება და ადამიანის უფლებები, სასამართლოს და მედიის თავისუფლება, კანონის უზენაესობა, კერძო საკუთრება წარმოადგენს მთავარ ღირებულებას; სადაც დღის წესრიგი განისაზღვრება დემოკრატიული, ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტების და ეკონომიკური განვითარების პარადიგმაზე დაყრდნობით. რა თქმა უნდა, ამ ყველაფრის მიღწევა ძალიან რთული ამოცანაა იმ გამოწვევებიდან გამომდინარე, რომელიც გვაქვს დღეს ჩვენ საქართველოს წინაშე.

ჩვენ 2012 წლიდან რეალური ცვლილებები დავიწყეთ და ჩემი ყველა წინამორბედი მაქსიმუმს აკეთებდა იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგარი ყველაზე რთული პრობლემა - სიღარიბე, რაც შეიძლება სწრაფი ტემპებით შეგვემცირებინა. ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანი შედეგები გვაქვს. ჩვენ შევძელით და დაახლოებით 10 პროცენტით შევამცირეთ სიღარიბე, მაგრამ, ამის მიუხედავად, სამწუხაროდ, ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილი ჯერ კიდევ ცხოვრობს სიღარიბეში.

სამწუხაროდ, მთავარ ეკონომიკურ გამოწვევად ჯერ ისევ რჩება უმუშევრობა და ეს არის ძალიან რთული ბარიერი იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა კიდევ უფრო სწრაფი ტემპებით განვითარდეს. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, ჩვენთვის მთავარ ამოცანად რჩება სწორედ სიღარიბის დაძლევა. როდესაც ვსაუბრობთ ნებისმიერ ეკონომიკურ ინიციატივაზე, მთავარი შეფასების კრიტერიუმი გახლავთ სწორედ ის, რამდენად დაგვეხმარება ესა თუ ის ინიციატივა, რომ საქართველოში ერთხელ და საბოლოოდ დავძლიოთ სიღარიბე. ჩვენ ვახორციელებთ ძალიან მნიშვნელოვან რეფორმებს და დარწმუნებული ვარ, ამ რეფორმების შედეგად, საბოლოო ჯამში სიღარიბე იქნება დაძლეული, მაგრამ ამასაც გარკვეული პერიოდი სჭირდება. მთავარია, თითოეული ჩვენგანი იყოს დარწმუნებული, რომ საქართველოს მთავრობა ადგას სწორ გზას და ეს გზა საბოლოო მიზნამდე მიგვიყვანს. ვფიქრობ, ამის შეფასებისთვის აუცილებლად უნდა შევხედოთ იმ საერთაშორისო რეიტინგებს, რითაც ფასდება ამა თუ იმ ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკა და წარმატება. მინდა, რამდენიმე მათგანი ჩამოგითვალოთ - წელს საქართველო მსოფლიო ბანკმა ბიზნესის კეთების თვალსაზრისით მე-6 ადგილზე დაასახელა და ეს ძალიან დიდი წარმატებაა. ამავე დროს, ჩვენ დავწინაურდით სხვა რეიტინგებში. მინდა, განსაკუთრებით გამოვყო „ფრეიზერის ინსტიტუტის" ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი, რომელიც ფაქტობრივად 360-გრადუსიან ანალიზს უკეთებს ამა თუ იმ მთავრობის საქმიანობას. აქ ჩვენ 162 ქვეყნიდან მეშვიდე ადგილზე ვართ. Heritage Foundation-ის ძალიან ცნობილი რეიტინგში - ჩვენ ვართ 16-ე ადგილზე 180 ქვეყნიდან. ღია ბიუჯეტის ინდექსში, რომელიც ზომავს ბიუჯეტის გამჭვირვალობას, თუ როგორ გამჭვირვალედ იხარჯება ბიუჯეტის სახსრები - ჩვენ ვართ მეხუთე ადგილზე. ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესი გვაქვს საკუთრების დაცვის საერთაშორისო რეიტინგში. თუ 2012 წელს 131-ე ადგილზე ვიყავით, წელს 45-ე პოზიციაზე ვართ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ყოველწლიურად აუმჯობესებს რეიტინგს მედიის თავისუფლების ინდექსში და თუ ჩვენ 104-ე ადგილზე ვიყავით 6 წლის წინ, დღეს  61-ზე ვართ. ამასთან ერთად, ჩვენი ეკონომიკის სტრატეგიის მთავარი ხედვა გახლავთ ის, რომ საქართველომ დაიბრუნოს თავისი ისტორიული როლი. ეს როლი ყოველთვის გახლდათ ის, რომ საქართველო იყო რეგიონის ეკონომიკური და კულტურული ცენტრი. სწორედ ამისთვის გვჭირდება, რომ მაქსიმალურად წარმატებულები ვიყოთ საერთაშორისო რეიტინგებში. ჩვენი ამოცანაა, კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ ეს მიღწევები და ყველა რეიტინგში საქართველო იყოს ტოპ ხუთეულში. ამავე დროს, ჩვენი ძალიან ამბიციური, მაგრამ მიღწევადი ამოცანა გახლავთ ის, რომ 2023 წელს საქართველომ მიიღოს საინვესტიციო რეიტინგი, რომელიც არის მთავარი წინაპირობა იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა განვითარებული ეკონომიკების მქონე ქვეყანათა რიცხვში შევიყვანოთ.

არც ერთ რეიტინგს, არც ერთ სტრატეგიას არანაირი აზრი არ აქვს, თუ ეს არ ემსახურება მთავარს - ჩვენს შემთხევაში სიღარიბის დაძლევას და ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობის ამაღლებას. ჩვენ ვართ მცირე ზომის ეკონომიკა, მაგრამ, ამავე დროს, გვაქვს კონკრეტული ხედვა, თუ როგორ შეიძლება, სწორედ მცირე ეკონომიკის შემთხვევაში მივაღწიოთ ამ ყველაფერს.

მთავრობის განახლებულ პროგრამაში, რომელიც ხუთ პრინციპს ეყრდნობა, სწორედ ეს გახლავთ პირველი პრინციპი, რომ ჩვენ შევძლოთ და ღირსეულად მივიყვანოთ ბოლომდე ჩვენი ერის ცივილიზაციური არჩევანი - საქართველო გახდეს ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი, ჩვენ დავუბრუნდეთ ჩვენს ევროპულ ოჯახს, ვიყოთ ევროატლანტიკური სივრცის სრულფასოვანი წევრი და სრულფასოვანი მონაწილე. ამ თვალსაზრისითაც 2018 წელი იყო განსაკუთრებული და, ვფიქრობ, ძალიან წარმატებული.

აუცილებლად მინდა ვახსენო მართლაც ისტორიული რეფორმა - ჩვენ გადავედით ახალ კონსტიტუციაზე, რომლის მიხედვითაც საქართველო ჩამოყალიბდა ევროპულ საპარლამენტო დემოკრატიად. ვფიქრობ, სწორედ საპარლამენტო რესპუბლიკა გახლავთ საუკეთესო მოდელი იმისა, რომ საქართველო იყოს წარმატებული. ეს გახლავთ საკონსტიტუციო მოდელი იმისთვის, რომ ჩვენ გავხდეთ ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი. ამავე დროს, უკვე 2018 წელს საქართველოს ჰყავს პირველი ქალი პრეზიდენტი. მსურს, კიდევ ერთხელ მივულოცო ქალბატონ სალომეს ეს ღირსეული გამარჯვება და დარწმუნებული ვარ, პრეზიდენტის ინსტიტუტი კიდევ უფრო დაგვეხმარება ჩვენ ჩვენი მიზნების მიღწევაში.

სამწუხაროდ, ჩვენი ტერიტორიების 20 პროცენტი ჯერ კიდევ ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ. ის არ ახდენს თავისი ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას, რომელიც ჯერ კიდევ 2008 წელს იქნა მიღწეული და არ გაჰყავს თავისი საოკუპაციო ჯარები საქართველოს ტერიტორიებიდან. ყოველდღე ვადევნებთ თვალს ე.წ. ბორდერიზაციის პროცესს და მავთულხლართების აგებას. ეს არის ძალიან მძიმე და მტკივნეული გამოწვევა. ჩვენ ყველა ტრიბუნას და ყველა პლატფორმას ვიყენებთ იმისთვის, რომ მსოფლიო საზოგადოებას მივაწვდინოთ ჩვენი გზავნილი  და ჩვენი ხმა. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მსოფლიო საზოგადოების კონსოლიდირება, რათა ეს ყველაზე მტკივნეული გამოწვევა ერთობლივი ძალებით დავძლიოთ. მე ამისთვის ვიყენებ ყველა ტრიბუნას ჩემს კოლეგებთან ერთად. იცით, რომ გაეროს ტრიბუნიდანაც პირდაპირი მოწოდება იყო ჩვენი მხრიდან, რომ რუსეთმა აუცილებლად უნდა შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები, რომელსაც მან ჯერ კიდევ ათი წლის წინ მოაწერა ხელი.

ჩვენ ძალიან აქტიურები ვართ სამშვიდობო პოლიტიკაში. ჩვენი პასუხი ამ ყველაზე მტკივნეულ გამოწვევაზე არის მხოლოდ მშვიდობა და განვითარება. ჩვენ გვაქვს კონკრეტული სამოქმედო გეგმა, კონკრეტული ინიციატივა, რომელსაც ჰქვია „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ" და რომელიც სრულად არის მხარდაჭერილი ყველა საერთაშორისო ორგანიზაციისა და ყველა ჩვენი მეგობარი ქვეყნის მიერ. ამის შესახებ ცოტა მოგვიანებით ვისაუბრებ.

2018 წელი განსაკუთრებულად წარმატებული იყო ჩვენი საგარეო პოლიტიკისთვის. მინდა, დავიწყო 21 ნოემბერს ჩატარებული შეხვედრით, ფორმატით, რომელიც შეიქმნა სპეციალურად საქართველოსთვის, როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობაში ყველაზე წარმატებული ქვეყნისთვის. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ევროკომისიის პრეზიდენტი თავის კოლეგებთან ერთად შეხვდა ჩვენს მთავრობას. ჩვენ გვქონდა ძალიან კონკრეტული დისკუსია იმის შესახებ, როგორ უნდა მოვახდინოთ საქართველოს კიდევ უფრო  მეტად წარმატებული ინტეგრაცია ევროპულ ოჯახში. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა, ვისთვისაც სწორედ ასეთი ფორმატი შეიქმნა და მინდა, ამისთვის ჩვენს ევროპელ მეგობრებს დიდი მადლობა მინდა გადავუხადო.

განსაკუთრებით წარმატებული იყო 2018 წელი ნატოსთან ურთიერთობის თვალსაზრისით. სამიტზე კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ საქართველო ასრულებს ყველა კრიტერიუმს, აქვს ყველა მექანიზმი იმისთვის, რომ ქვეყანა ამ ნაწილშიც იყოს წარმატებული. ვფიქრობ, 2019 წელი კიდევ უფრო წარმატებული იქნება. საქართველო არასოდეს ყოფილა ასე ახლოს არც ევროპასთან და არც ნატოსთან. ეს არის ძალიან დიდი წარმატება და მინდა, ამ პროცესში ჩართულ ყველა ადამიანს დიდი მადლობა გადავუხადო.

ამავე დროს, ურთიერთობები ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან - აშშ-თან არასოდეს ყოფილა ასეთი მაღალი და ყოვლისმომცველი. ბოლო პერიოდში ჩატარებულმა მაღალი დონის შეხვედრებმა საშუალება მოგვცა, გაგვეხსნა სრულიად ახალი შესაძლებლობები ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობისთვის.

რამდენიმე დღის წინ კონგრესში მომზადდა მართლაც ისტორიული დოკუმენტი, სადაც ასახულია ფაქტობრივად ყველა გამოწვევა, რომელიც დღეს ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას და არის ძალიან კონკრეტული მხარდაჭერის გზავნილები. ძალიან სასიხარულო იყო ჩვენთვის, რომ მივიღეთ მხარდაჭერა იმ კონსულტაციებზე, რომელსაც ვაწარმოებთ თავისუფალი ვაჭრობის შემოღების თვალსაზრისით საქართველოსა და აშშ-ს შორის. ვფიქრობ, 2019 წელი კიდევ უფრო წარმატებული იქნება ამ თვალსაზრისითაც.

ამავე დროს, მინდა ხაზი გავუსვა იმ ძალიან მნიშვნელოვან ურთიერთობებს, რომელიც გერმანიასთან ჩამოყალიბდა და ახალ დონეზე ავიდა ანგელა მერკელის საქართველოში ვიზიტის შემდეგ. გერმანია კიდევ უფრო მეტად აქტიურად ერთვება ჩვენს რეგიონულ პოლიტიკაში და გვაქვს კონკრეტული ეკონომიკური პროექტები, როგორ უნდა განვავითაროთ ეს ურთიერთობები.

წელს საქართველომ პირველი რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლის იუბილე იზეიმა. პირველი რესპუბლიკის კონსტიტუციით მართლაც თითოეული ქართველი უნდა ამაყობდეს. მე ვიცი ყველა ევროპელი ექსპერტის მოსაზრება ამ საკითხთან დაკავშირებით. 100 წლის წინ, სწორედ საქართველოს ჰქონდა ყველაზე პროგრესული კონსტიტუცია და ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ჩვენი ერის ცივილიზაციურ არჩევანს. ეს არ არის მხოლოდ ჩვენი პოლიტიკური არჩევანი, რომ საქართველო უნდა გახდეს ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი, ეს არის ჩვენი ცივილიზაციური არჩევანი და ჩვენი ისტორია სწორედ ამას ადასტურებს.

სიღარიბე არის საქართველოს მტერი, ის ერთობლივი ძალისხმევით უნდა დავძლიოთ. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ამ გამოწვევის დაძლევის მიზნით მაქსიმალური ენერგია იყოს მობილიზებული.

თუ ჩვენ შევხედავთ ჩვენს ეკონომიკურ სტრუქტურას, ნათლად ჩანს, რაში გვაქვს ყველაზე დიდი ჩამორჩენა. სიღარიბის მთავარი წყარო გახდა ის ეკონომიკური მოდელი, რომლითაც ქვეყანა ცდილობდა, თავისი კონკურენტუნარიანობა განევითარებინა და ის არ აღმოჩნდა წარმატებული. რატომ?! იმიტომ, რომ მასში მრავლად იყო არასამართლიანი თამაშის წესები. ეს იყო ერთ-ერთი პირველი, რისი ცვლილებაც ჩვენ დავიწყეთ. დიახ, ჩვენ გვჭირდება ახალი ეკონომიკური მოდელი, რომელიც ორიენტირებული იქნება ისეთი ტიპის ეკონომიკურ ზრდაზე, რომელიც შეეხება საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, თითოეულ ქართულ ოჯახს. სიღარიბის ერთ-ერთ მთავარ გამომწვევ წყაროდ იქცა 2007 წელს მიღებული სრულიად უპასუხისმგებლო გადაწყვეტილება, რითაც დაიწყო ჭარბვალიანობის პრობლემა საქართველოში. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე მძიმე პრობლემა, რომელსაც ჩვენ შევეჩეხეთ. იმ წესებით, რომელიც ჩვენ სამომავლოდ დავნერგეთ,  გამოირიცხა, რომ საქართველოს მოქალაქე ოდესმე ასე არასამართლიანად აღმოჩნდეს ე.წ. შავ სიაში. მაგრამ რა გვექნა წარსულისთვის? თითქმის 600 000-ზე მეტი ადამიანი იყო „შავ სიაში", რაც ნიშნავს, რომ ჩვენი სამუშაო ძალის თითქმის ერთი მესამედი აღმოჩნდა ნორმალური, ცივილიზებული სოციალური თუ ეკონომიკური ცხოვრების მიღმა. ეს არის სრულიად წარმოუდგენელი, ვერც ერთი ეკონომიკური რეფორმა ვერ გადაფარავდა ამ უდიდეს გამოწვევას და ძალიან დიდ მინუსს. ჩვენ მივიღეთ ძალიან პრინციპული გადაწყვეტილება და დავიწყეთ მართლაც უპრეცედენტო პროექტი. ეს არის ერთჯერადი სოლიდარობის აქტი, რომლის მიხედვითაც 2019 წლის პირველ იანვარს, ახალ წელს ჩვენი 600 000 მოქალაქე, 600 000 ოჯახი ვალისა და „შავი სიის" გარეშე შეხვდება.

მსურს, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გადავუხადო ფონდ „ქართუს". რომ არა მათი მხარდაჭერა, ჩვენ ძალიან გაგვიჭირდებოდა ამ პროექტის რეალიზაცია. დღევანდელი დღისთვის თითქმის 580 000-ზე მეტი ადამიანი ამოღებულია ამ შავი სიიდან და, როგორც საზოგადოებას შევპირდით, 600 000 ქართული ოჯახი ახალ 2019 წელს ვალების გარეშე შეხვდება.  

ამ თვალსაზრისით, ბუნებრივია, გამოწვევები რჩება და ჩვენ განვაგრძობთ აქტიურ მუშაობას, რათა სხვა მსგავსი პრობლემებიც დროულად მოგვარდეს.

სიღარიბის დაძლევა  საქართველოში გადის მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაზე. ამ თვალსაზრისითაც ჩვენ გვქონდა ძალიან მძიმე მემკვიდრეობა. საგადასახადო დონე, ანუ გადასახადები დიდი კომპანიებისთვის იყო უფრო დაბალი, ვიდრე მცირე ბიზნესისთვის. ეს იყო ძალიან დიდი ბარიერი საქართველოში მცირე მეწარმეობის განვითარებისთვის. ძალიან დიდი ბარიერი და მე ვიტყოდი ჩვენი საგადასახადო სისტემის ქრონიკული თავის ტკივილი იყო დამატებითი ღირებულების გადასახადის დაბრუნება და ჩვენ, შეიძლება ითქვას, მართლაც შეუძლებელი შევძელით. 1 წლის წინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ჩვენ ჩვენი მეწარმეებისთვის ნახევარ მილიარდ ლარზე მეტის დაბრუნებას შევძლებდით. წელს, 31 დეკემბრამდე, ჩვენი მეწარმეები დაიბრუნებენ ნახევარი მილიარდი ლარის ოდენობის თანხას ჩვენი ბიუჯეტიდან. ეს მართლაც უპრეცედენტო მოვლენაა. 2018-2020 წლებში ჩვენ ვგეგმავთ, მილიარდ-ნახევარი დავაბრუნოთ ჩვენი მეწარმეების სასარგებლოდ. ზაფხულიდან ამოქმედდა სრულიად უნიკალური შეღავათები ჩვენი მცირე მეწარმეებისთვის, ე.წ. 1%-იანი გადასახადი. ჩვენ ხუთჯერ შევამცირეთ გადასახადები მცირე მეწარმეებისთვის, რაც იყო უპრეცედენტო რეფორმა. სულ რამდენიმე თვეში უკვე გვაქვს ძალიან კარგი შედეგები - ორჯერ არის გაზრდილი ჩვენი მეწარმეების ბრუნვა, მაგრამ ესეც არ არის საბოლოო დონე. დარწმუნებული ვარ, ამ რეფორმების შემდეგ მცირე მეწარმეების რაოდენობა კიდევ უფრო მეტად გაიზრდება და მომდევნო წელს მინიმუმ გაორმაგდება.

ჩვენ გვაქვს სხვა ინოვაციური რეფორმებიც - მაქსიმალურად ვცდილობთ, შევამციროთ ბიუროკრატია. საქართველო იქნება პირველი ქვეყანა, რომელიც 2019 წლის პირველი იანვრიდან ერთიან საგადასახადო დოკუმენტზე გადავა. ჩვენ ვართ მოწადინებული ვართ, რომ გადასახადების დონე, განსაკუთრებით ჩვენი მცირე მეწარმეებისთვის კიდევ უფრო შემცირდეს. ბოლო კვლევების თანახმად, საქართველო, დაბალი გადასახადების თვალსაზრისით, მსოფლიოს ხუთეულში შედის.

ჩვენი ამოცანა და ეკონომიკური სტრატეგიის განუყოფელი ნაწილი გახლავთ ის, რომ სწორედ საქართველო უნდა იყოს რეგიონის ეკონომიკური ცენტრი და ამ მიზნის მისაღწევად მეტი ინოვაციური რეფორმა გვჭირდება.

ჩვენ უკვე დავიწყეთ და მომავალ წელს აუცილებლად განხორციელდება  ე.წ. ელექტრონული საგადასახადო ი-რეზიდენსის რეფორმა, რომლის მიხედვითაც 36 ქვეყნის მოქალაქეები შეძლებენ საქართველოში საბანკო ანგარიშების გახსნას და კომპანიების გახსნას ისე, რომ საქართველოში არ ჩამოვლენ. ამავე დროს, ჩვენ გვაქვს უნიკალური რეფორმა, რომელიც ასევე მომავალი წლის დასაწყისიდან შევა ძალაში, რომლის მიხედვითაც ტრანსნაციონალურ კომპანიებს, რომლებიც საქართველოში გახსნიან მთავარ ოფისებს, ინოვაციურ ცენტრებს, ლაბორატორიებს, ექნებათ უნიკალური საგადასახადო შეღავათები, რომ სწორედ საქართველოდან მოემსახურონ დანარჩენ რეგიონს.

ჩვენ გვქონდა ისეთი საგადასახადო და საბაჟო კოდექსი, რომელიც საქართველოს ეკონომიკის წინაშე არსებულ გამოწვევებს ვერ პასუხობდა. ამიტომაც, საქართველოს პარლამენტის მხარდაჭერით, ღია პლატფორმაზე მოვამზადეთ ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი და 2019 წლის პირველი იანვრიდან საქართველოს ექნება ახალი საბაჟო კოდექსი, რომელიც სრულ თანხვედრაშია ევროკავშირის სტანდარტებთან. ამასთან ერთად, ღია პლატფორმაზე, ჩვენს მეწარმეებთან, ექსპერტებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად ვამუშავებთ კიდევ ერთ ძალიან მნიშვნელოვან დოკუმენტს - ეს არის საგადასახადო კოდექსი, რომელიც აუცილებლად შევა ძალაში 2020 წლის პირველი იანვრიდან.

ჩვენი მცირე ეკონომიკიდან გამომდინარე, ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, მოვახდინოთ საქართველოს ეკონომიკის კიდევ უფრო  ეფექტური ინტეგრაცია გლობალურ ეკონომიკაში და ამ თვალსაზრისით, საქართველო მართლაც გახლავთ ყველაზე წარმატებული ქვეყანა. საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა ჩვენს რეგიონში, ვისაც აქვს თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი როგორც ევროკავშირთან, ისე - ჩინეთთან. ამავე დროს, ჩვენ გვაქვს თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი ყველა მეზობელ ქვეყანასთან. ჩვენთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი სავაჭრო ურთიერთობები განვავითაროთ ევროკავშირთან. ამ თვალსაზრისითაც, 2018 წელი იყო განსაკუთრებით წარმატებული. მხოლოდ ევროკავშირში ექსპორტი მიმდინარე წლის 10 თვის განმავლობაში 11%-ით გაიზარდა.

დღეს, 20 დეკემბერს, პარიზში ხელი ეწერება უმნიშვნელოვანეს დოკუმენტს, რომლის მიხედვითაც ჩვენ ავიღებთ ვალდებულებას, რომ 2019 წელს მოვახდენთ ჩვენი კანონმდებლობის სრულ ადაპტირებას საერთაშორისო არბიტრაჟისთვის, რაც ნიშნავს იმას, რომ თბილისი, პარიზის მერე იქნება მეორე ქალაქი ევროპაში, სადაც იფუნქციონირებს საერთაშორისო, ყველაზე უფრო მაღალი რეპუტაციის მქონე კომერციული არბიტრაჟი. ეს იქნება ძალიან დიდი წინაპირობა იმისთვის, რომ საქართველო ვაქციოთ რეგიონის ეკონომიკურ ცენტრად.

ბუნებრივია, ვერც ერთი ეკონომიკური რეფორმა ვერ იქნება წარმატებული, თუ ჩვენ უზრუნველყოფილი არ გვაქვს სტაბილურობა და უსაფრთხოება.

თავდაცვის მიმართულებით რეფორმები 2018 წელს იყო განსაკუთრებით წარმატებული და ეს ძალიან კარგად აისახა ნატოს ყოველწლიურ სამიტსა და იმ დოკუმენტში, სადაც დაფიქსირდა ჩვენი პროგრესი. მაგრამ, ბუნებრივია,  ჩვენი რეფორმათა პაკეტი, ითვალისწინებს გაცილებით მეტს და მთავარს - ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი პოტენციური აგრესიის თავიდან ასაცილებლად და ქვეყნის დასაცავად.

მინდა, განსაკუთრებით გამოვყო ტოტალური თავდაცვის რეფორმა, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი წინაპირობა იმისთვის, რომ საქართველო იყოს უფრო მეტად დაცული და წარმატებული. ჩვენი გმირი ჯარისკაცები განაგრძობენ საერთაშორისო მისიებში მონაწილეობას და გმირულად  ასრულებენ თავიანთ როლს, პასუხისმგებლობას. სწორედ, ქართველი ჯარისკაცები ითვლებიან ყველაზე უფრო წარმატებულ და პროფესიონალ ჯარისკაცებად. ეს არ არის მხოლოდ ჩემი შეფასება, ეს არის ჩვენი პარტნიორების შეფასება. ჩვენ, ბუნებრივია, განვაგრძობთ ამ პროგრამას, მაგრამ გვინდა, კიდევ უფრო მეტი დრო, მეტი რესურსი დავუთმოთ სოციალურ საკითხებს ჩვენი ჯარისკაცებისთვის.

მიმდინარე წელს უკვე რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა. განსაკუთრებით მინდა გამოვყო ჯანდაცვის ნაწილი. ჩვენ გავხსენით ქუთაისში ძალიან მნიშვნელოვანი სამედიცინო ცენტრი ჩვენი სამხედროებისთვის. მომავალ წელს, აშშ-ის დახმარებით, საქართველოში გაიხსნება ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სამედიცინო ცენტრი. ამავე დროს, განსაკუთრებული აქცენტი ჩვენ გვსურს გავაკეთოთ სხვა სოციალურ პროექტებზე. 2019-2020 წლებში ხელფასი წოდების მიხედვით 7 526 სამხედროს გაეზრდება, ამავე დროს 1 634 ქართველი სამხედრო დაკმაყოფილდა ბინით.

ტერორიზმი არის ყველაზე დიდი გამოწვევა მსოფლიო თანამეგობრობისთვის. ჩვენ საერთაშორისო მედიაში ყოველდღიურად ვადევნებთ თვალყურს, რომ ეს გამოწვევა ყოველდღე უფრო და უფრო მტკივნეული ხდება. სიამაყით მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი უწყებები, რომლებიც იცავენ საქართველოს უსაფრთხოებას, მართლაც უმაღლეს დონეზე ასრულებენ თავიანთ მოვალეობას და ყველა პარტნიორი ქვეყანა აღნიშნავს მათ ძალიან მაღალ პროფესიონალიზმს.

ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და ჩვენს პოლიციელებს, 13 200 ადამიანს გავუზარდეთ ხელფასი. ძალიან მნიშვნელოვანი სოციალური პროექტები ხორციელდება შინაგან საქმეთა სამინისტროში. 5 ქალაქში - თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ბათუმსა და ზუგდიდში ხორციელდება შეღავათიანი ბინათმშენებლობის პროექტები.

ბოლო კვირების განმავლობაში განვითარებულმა მოვლენებმა ქართულ საზოგადოებას კიდევ ერთხელ დაანახა, თუ როგორი პროფესიონალებით არის დღეს ქართული პოლიცია დაკომპლექტებული. ძალიან მაღალი პროფესიონალიზმი გვაქვს შინაგან საქმეთა სამინისტროში და ძალიან დიდი თავდადება და პატრიოტიზმი საქართველოს, მისი მთავარი ინტერესების დასაცავად. მსურს, კიდევ ერთხელ განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ჩვენს პოლიციელებს იმ თავშეკავებისთვის, იმ ძალიან მაღალი პროფესიონალიზმისთვის, რასაც ისინი ყოველდღიურ საქმიანობაში გვაჩვენებენ თითოეულ ჩვენგანს, ქართულ საზოგადოებას.

რა თქმა უნდა, ეს გახლავთ იმის შედეგი, რომ ჩვენ ძალიან მნიშვნელოვან რეფორმებს ვახორციელებთ შინაგან საქმეთა სამინისტროში. ჩვენ ორიენტირებულნი ვართ მეტ გამჭვირვალობასა და საზოგადოებასთან ანგარიშვალდებულებაზე. დაიწყო ძალიან დეტალური სტატისტიკის გამოქვეყნება, რომელიც თითოეულ ჩვენგანს აძლევს ძალიან კარგ სურათს, რომ დავინახოთ ჩვენს რეფორმებში არსებული პროგრესი და დინამიკა.

მინდა, შევეხო ძალიან მნიშვნელოვან საკითხს, რომელიც ასევე გვერგო მემკვიდრეობით. შინაგან საქმეთა სამინისტროში ფაქტობრივად არ გვქონდა საგამოძიებო კომპონენტი, რომლის ერთ და ორ დღეში შექმნა, რა თქმა უნდა, ძალიან რთულია. მაგრამ, ჩვენ ძალისხმევას არ ვიშურებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში აუცილებლად იყოს ძალიან ძლიერი საგამოძიებო კომპონენტი.

სისტემური დანაშაულის ფარგლებში ჩვენ გვაქვს 3 ძირითადი მიმართულება - საგამოძიებო საქმიანობა, ოპერატიული საქმიანობა და საზოგადოებაზე ორიენტირებული საპოლიციო საქმიანობა და მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტის დანერგვა.

ამავე დროს, მნიშვნელოვანი რეფორმები ხორციელდება სასაზღვრო პოლიციაში. ჩვენ მნიშვნელოვანი ინვესტიციები განვახორციელეთ ინფრასტრუქტურაში, მათ შორის, სანაპირო დაცვის საკითხში. ამ მიმართულებით ჩვენ ძალიან ნაყოფიერი თანამშრომლობა გვაქვს ევროკავშირთან და აშშ-თან. წელს ჩვენმა ამერიკელმა პარტნიორებმა „აილენდის" კლასის ორი ხომალდი გადმოგვცეს, რაც მნიშვნელოვნად გააძლიერებს ჩვენი სანაპირო დაცვის რესურსებსა და შესაძლებლობებს. წარმატებით ფუნქციონირებს ერთიანი მომსახურების ცენტრი, სადაც კიდევ უფრო დაიხვეწება ჩვენი მომსახურების ხარისხი. ძალიან დიდი ინვესტიციები განვახორციელეთ თანამედროვე ტექნოლოგიებში და მნიშვნელოვნად გაიზარდა ვიდეო და სამეთვალყურეო სისტემების მოცვის არეალი. განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ კრიმინალურ მენტალიტეტთან ბრძოლას და დარწმუნებული ვარ, როგორც მიმდინარე, ისე 2019 წელი ამ თვალსაზრისით ძალიან წარმატებული იქნება.

განსაკუთრებულ პრიორიტეტს წარმოადგენს ადამიანის უფლებების დაცვის კომპონენტის გაძლიერება შინაგან საქმეთა სამინისტროში და შესაბამისი დეპარტამენტიც შეიქმნა. ყველა ეს წარმატება სახეზეა და აისახება თითოეულ რეიტინგში, მაგრამ, რა თქმა უნდა, ამით დაკმაყოფილებას არავინ აპირებს.

დემოკრატიის მშენებლობის პროცესში სამოქალაქო საზოგადოების, არასამთავრობო სექტორის ჩართულობას განმსაზღვრელი როლი აქვს, განსაკუთრებით ჩვენი დემოკრატიისთვის, რათა უზრუნველვყოთ ქვეყნის სწორი და ჰარმონიული განვითარება.

2017-2018 წლებში საქართველო იყო ღია მმართველობის პარტნიორობის თავმჯდომარე ქვეყანა და ეს იყო ძალიან დიდი წარმატება, ვინაიდან, ღია მმართველობა, როგორც პრინციპი, გახლავთ ჩვენი პოლიტიკური გუნდის განუყოფელი ნაწილი და ჩვენი ხედვის ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი. ჩვენ გვსურს, კიდევ უფრო წარმატებულები ვიყოთ ამ მიმართულებით. სწორედ, აქედან გამომდინარე, რამდენიმე დღის წინ, როდესაც ჩვენ ვმასპინძლობდით აღმოსავლეთ პარტნიორობის ღონისძიებას საქართველოში მე გავაჟღერე კიდევ ერთი ინიციატივა - ღია მმართველობის პარტნიორობის ფარგლებში, საქართველოს მთავრობა, პარლამენტი, სასამართლო და ადგილობრივი თვითმმართველობა, წელიწადში ერთხელ და შეიძლება ორჯერაც, შევიკრიბოთ სამოქალაქო სექტორთან ერთად და კიდევ ერთხელ დავრწმუნდეთ, რომ კოორდინაციის ხარისხი გვაქვს ძალიან მაღალი და ის რეფორმები, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ ემსახურება იმ მიზნებს, რომელიც დღეს აქვს დასახული საქართველოს. ვფიქრობ, ეს ფორმატი საშუალებას მოგვცემს, კიდევ უფრო წარმატებულები ვიყოთ ამ ძალიან მნიშვნელოვან გზაზე.

სამართლიანობის განცდა არის სოციალური მშვიდობის მთავარი კომპონენტი. ხელისუფლებისადმი ნდობასაც ხშირ შემთხვევაში სწორედ საზოგადოებაში ამ განცდის არსებობა ან არარსებობა განაპირობებს. საქართველოს ისტორიას თუ შევხედავთ, სამწუხაროდ, უკანასკნელი 100 წელი ჩვენი ხალხი ცხოვრობდა გარემოში, სადაც საკუთარი სახელმწიფო მას ხან ჩაგრავდა, ხან - ატყუებდა. ადამიანის ინტერესებისგან დაცლილი, ჰუმანიზმს მოკლებული პოლიტიკა არის ყველაზე მძიმე მემკვიდრეობა, რაც ჩვენ მივიღეთ. ვფიქრობ, ამ 6 წლის განმავლობაში „ქართულმა ოცნებამ" შეძლო, მოეხდინა გარღვევა და მომხდარიყო საქართველოს დემოკრატიული ტრანსფორმაცია. ამაზე მეტყველებს ყველა საერთაშორისო რეიტინგი, სასამართლო სტატისტიკა თუ პატიმრების რაოდენობა, მაგრამ მიღწეულზე გაჩერება იქნება ყველაზე დიდი შეცდომა, რაც შეიძლება ნებისმიერმა ხელისუფლებამ დაუშვას, რადგან სტატიკურ მდგომარეობას პოლიტიკა და დემოკრატია არ ცნობს. დემოკრატია არის ბინარული, ან წინ მიდიხარ, ან ჩერდები და გეწყება მომენტალური სტაგნაცია. ამ კონტექსტში, რა თქმა უნდა, ჩვენ ვაპირებთ ძალიან აქტიურ რეფორმებს. დემოკრატიული რეფორმებით უზრუნველვყოფთ მართლწესრიგს და ნებისმიერ შემთხვევაში აღვასრულებთ მართლმსაჯულებას. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ამ რეფორმაში ვიქნებით განსაკუთრებით წარმატებულები.

ჩვენი პოლიტიკური გუნდისთვის ადამიანი მუდამ იყო, არის და იქნება მთავარი ფასეულობა. 2012 წლიდან, მას შემდეგ რაც „ქართული ოცნება" მოვიდა ხელისუფლებაში, ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი, რაც ჩვენ გადავდგით, იყო ის, რომ მნიშვნელოვნად გაგვეზარდა ჯანდაცვისა და სოციალური დახმარების ბიუჯეტი. წელს უკვე ჩვენ მივაღწიეთ ფაქტობრივად ისტორიულ მაქსიმუმს და მილიარდ ლარზე მეტი გვაქვს გამოყოფილი ჩვენი ჯანდაცვის სექტორისთვის. ჯანდაცვის პოლიტიკა, ერთი მხრივ, აქცენტირებულია პრევენციულ ღონისძიებებზე, ადრეულ დიაგნოსტიკაზე, მაგრამ ამავე დროს, ჩვენ ვცდილობთ, ყველა სხვა პროგრამა კიდევ უფრო განვავითაროთ და ახალი პროგრამები დავამატოთ ჩვენს საყოველთაო ჯანდაცვას. უპრეცედენტოდ წარმატებული აღმოჩნდა საქართველო C ჰეპატიტთან ბრძოლაში. საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა დღეს, რომელსაც აქვს ყველა წინაპირობა იმისთვის, რომ C ჰეპატიტის ელიმინაცია სრულად მოხდეს. ჩვენ მნიშვნელოვნად გავზრდით ჩვენს აქტივობას ამ ნაწილში და დამერწმუნეთ, 2019 წელი იქნება კიდევ უფრო წარმატებული. ჩვენ მნიშვნელოვნად დავაკორექტირეთ სოციალური დაცვის პოლიტიკაც. UNICEF-ის კვლევამ გვიჩვენა, რომ ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ხარვეზები გვქონდა. მომავალი წლიდან, 16 წლამდე სოციალურად დაუცველი ბავშვების ოჯახები ყოველთვიურად მიიღებენ 50 ლარს. მომავალი წლიდან ჩვენი პენსიონერების პენსია გაუტოლდება 200 ლარს. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ჩვენი მოქალაქეების და ბავშვების სოციალური პაკეტები გაიზრდება 20 ლარით. გაიზრდება ამავე დროს სოციალური პაკეტი მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის. სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახებისთვისაც დახმარებები მნიშვნელოვნად გაიზრდება. ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას დავუთმობთ დემოგრაფიას. ჩვენ მნიშვნელოვანი პრობლემები გვაქვს დემოგრაფიაში და გვექნება პროგრამები, რითაც ხელს შევუწყობთ ახალგაზრდებს, რომ მათ თავიანთი საოჯახო პრობლემები და გამოწვევები უფრო ადვილად დაძლიონ, რაც თავის მხრივ, დემოგრაფიული პრობლემების გადაჭრაში დაგვეხმარება.

სოციალურ პოლიტიკაში ჩვენ გვქონდა გარკვეული მიმართულებები, რომლებიც დახვეწას მოითხოვდა. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ის ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება, რომელიც 2019 წლის იანვრიდან შევა ძალაში. სოციალური დახმარების მიმღებ ნებისმიერ ადამიანს, მუშაობის დაწყების შემთხვევაში, ერთი წლის განმავლობაში არ შეუწყდება სოციალური დახმარება. ვფიქრობ, რომ ეს რეფორმა დაგვეხმარება იმაში, რომ უმუშევრობის დონე საქართველოში კიდევ უფრო შევამციროთ.

ვაგრძელებთ ძალიან მნიშვნელოვან პროექტებს, რომელიც გულისხმობს ჩვენი დევნილებისთვის სახლების მშენებლობას და ბინებით უზრუნველყოფას. 491 დევნილ ოჯახს ახალაშენებულ კორპუსში გადაეცა ბინა. 623 დევნილი ოჯახისთვის შესყიდული იქნა სახლები. იპოთეკური სესხები დაეფარა 116 დევნილ ოჯახს. ამ თვალსაზრისით ჩვენი პროგრამა მომავალ წელს კიდევ უფრო მასშტაბური იქნება. 2019 წელს 1100 დევნილ ოჯახს ჩვენ გადავცემთ ახალაშენებულ ბინას. 1500 ოჯახს საკუთრებაში გადაეცემა საცხოვრებელი ფართები, ხოლო თითქმის 3000 დევნილი ოჯახი მიიღებს ახალ საცხოვრებელ სახლს.

ინფრასტრუქტურაში გასულ წელს ჩვენ მივაღწიეთ ჩვენი ინვესტიციების მაქსიმუმს, ხოლო 2019 წელი მასზე გაცილებით მეტი იქნება. 2018 წელს ჩვენ გავხსენით ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები. კერძოდ, ქობულეთის 18-კილომეტრიანი შემოვლითი გზა, რომლის ერთ-ერთი ხიდი, მართლაც უნიკალური საინჟინრო ნაგებობაა. მომავალ წელს დაიწყება ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გრიგოლეთი-ჩოლოქის მონაკვეთზე აქტიური სამშენებლო სამუშაოები. დაიწყება ძალიან მნიშვნელოვანი და საინჟინროდ ყველაზე რთული პროექტები რიკოთის უღელტეხილზე, რომელიც გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული ადგილი ჩვენი ინფრასტრუქტურისთვის. ჩვენ გვჭირდება კონკურენტუნარიანი ინფრასტრუქტურა და დარწმუნებული ვარ, რიკოთის უღელტეხილზე ამ პროექტის რეალიზაციის შემდეგ ჩვენი, როგორც ქვეყნის კონკურენტუნარიანობა ძალიან მაღალი იქნება. ვგულისხმობ, როგორც რკინიგზის, ასევე - ავტობანის მშენებლობას, რომელიც ოთხი სეზონის განმავლობაში უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. მინდა განსაკუთრებით აღვნიშნო კიდევ ერთი პროექტი, რომელიც ძალიან დაგვეხმარება ტურიზმის განვითარებაში სტეფანწმინდაში. დასრულდა გერგეთის სამებამდე მისასვლელი ახალი გზა. ტურისტების ნაკადიც არ წყდება და განსაკუთრებით მიხარია, რომ თვალსაჩინოა, ინფრასტრუქტურული პროექტები როგორ ავითარებს ეკონომიკას.

2018 წელს თუ შევაჯამებთ, რეაბილიტაცია ჩაუტარდა 210 კილომეტრ გზას, 20 ხიდს და დასრულდა 17 ნაპირსამაგრი პროექტი. წელს დასრულდა საქართველოს ისტორიაში ყველაზე უფრო მასშტაბური დევდორაკის თითქმის 2-კილომეტრიანი გვირაბის მშენებლობა, რომელიც მართლაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის. ყოველდღე, როდესაც ჩვენ ვერ ვახერხებდით ავტომობილების გატარებას და იკეტებოდა გზა, საქართველოს ეკონომიკა კარგავდა მილიონ ლარზე მეტს. ეს პრობლემა საქართველოსთვის ერთხელ და სამუდამოდ მოხსნილია. ამავე დროს, ევროპული სტანდარტით აშენდა საკმაოდ რთული წყნეთი-ბეთანიის საავტომობილო გზა და გათვალისწინებული იქნა ყველა ის ხარვეზი, რომელიც ჰქონდა წინა პროექტს. საბოლოო ჯამში, ჩვენ მომდევნო წლების განმავლობაში, კერძოდ, 2022 წლის ჩათვლით დავასრულებთ ყველა ინფრასტრუქტურულ პროექტს, რომელიც კავშირშია საქართველოს ეკონომიკურ აღმავლობასთან, იმასთან, რომ ინფრასტრუქტურა აღარასოდეს იყოს ბარიერი საქართველოს ეკონომიკის განვითარებისთვის.

მინდა შევეხო იმ მნიშვნელოვან პროექტს, რომელსაც თბილისის მერიასთან ერთად ვახორციელებთ. 2019 წელს დაიწყება მიწისზედა მეტროს მშენებლობა და თბილისს დაემატება 8 ახალი მეტროსადგური. ჩვენ ამ პროექტს გავაკეთებთ იმ პროექტის სანაცვლოდ, რომელსაც ეწოდებოდა თბილისის შემოვლითი რკინიგზა, რომელიც იყო სრულიად გაუაზრებელი და საინჟინრო თვალსაზრისით მიუღებელი. ამ პროექტის სანაცვლოდ თბილისი მიიღებს მართლაც ისტორიული მნიშვნელობის მქონე პროექტს. რამდენიმე თვეში ჩვენ გვეცოდინება ტექნიკურ-ეკონომიკური ანალიზის შედეგი, როგორ შეიძლება ავაშენოთ ახალი მონაკვეთი და მეტროს საშუალებით თბილისი რუსთავს დავუკავშიროთ. ეს იქნება მართლაც ისტორიული მნიშვნელობის პროექტი და ძალიან ვარ მოწადინებული, რომ ეს პროექტი შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში აუცილებლად განვახორციელოთ.

ინფრასტრუქტურის პარალელურად, ჩვენ, რა თქმა უნდა, უნდა გამოვყოთ ეკონომიკის ის სექტორები, რომელიც განსაკუთრებით წარმატებით ვითარდება. რა თქმა უნდა, ტურიზმი იქცა ჩვენი ეკონომიკის მამოძრავებელ ძალად. პირველი 10 თვის განმავლობაში ტურისტების და ვიზიტორების რაოდენობამ 8 მილიონ ადამიანს გადააჭარბა, რაც თითქმის 11-პროცენტიანი ზრდაა. სასტუმროები იხსნება საქართველოს თითქმის ყველა კუთხეში. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ტურიზმის საშუალებით განვავითაროთ ჩვენი რეგიონები. ყველა რეგიონი უნდა გრძნობდეს საქართველოში ეკონომიკურ აღმავლობას. ამასთან ერთად, ჩვენ ვიწყებთ ახალი ტურისტული პროექტების, ახალი ატრაქციების შემუშავებას, რაც საშუალებას მოგვცემს, უფრო მეტი ტურისტი მოვიზიდოთ ევროკავშირის ქვეყნებიდან.

ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ეკოლოგიას და მწვანე პოლიტიკას. მთელს მსოფლიოში არის ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტების მიწოდების დეფიციტი და ვფიქრობ, საქართველო არის ერთ-ერთი ყველაზე უფრო მაღალი პერსპექტივის ქვეყანა, რომ მსოფლიოს მიაწოდოს ეკოლოგიურად სუფთა პროდუქცია. ამ მხრივ ჩვენს პოლიტიკაში გვქონდა ძალიან ცუდი მემკვიდრეობა, რომელიც ძალიან მძიმედ აისახა ჩვენს ბევრ მოქალაქეზე, განსაკუთრებით დიდ ქალაქებში. იმ ახალი რეგულაციებით, რომელიც ჩვენ შემოვიღეთ, ვფიქრობთ, ეს პრობლემა აუცილებლად იქნება დაძლეული. მეტიც, იმ პროექტებით, რომელსაც ჩვენ ვგეგმავთ სოფლის მეურნეობაში - რომ ყველა გადასახადისგან გავათავისუფლოთ ორგანული პროდუქციის წარმოება - საქართველო გახდება ლიდერი ეკოლოგიური პროდუქციის წარმოებაში.

ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს საქართველოს მთას. კანონმა „მთის შესახებ" ძალიან დადებითი შედეგები მოუტანა მთაში მცხოვრებ მოსახლეობას. ჩვენ ვაპირებთ, კიდევ უფრო გავზარდოთ ბიუჯეტი. 2019 წლის ბიუჯეტი ამ თვალსაზრისით გაზრდილია და გვსურს, მეტი ინვესტიცია განვახორციელოთ აღნიშნული კანონის ფარგლებში ჩვენს მთაში. ვფიქრობ, შემუშავებული სტრატეგია იქნება ძალიან წარმატებული, ვინაიდან ის ეფუძნება ჩემი აზრით მსოფლიოში საუკეთესო პრაქტიკას - კერძოდ, ავსტრიისა და შვეიცარიის მაგალითებს. მინდა, ავსტრიისა და შვეიცარიის მთავრობებს განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო მთის განვითარების სტრატეგიის ერთობლივად მომზადებაში გაწეული მხარდაჭერისთვის.

ჩვენთვის ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობა განსაკუთრებული ფასეულობაა. ამაზე დიდი სიმდიდრე ჩვენ ნამდვილად არაფერი გვაქვს. ეს არის სწორედ ის დიადი წარსული, რითაც ვამაყობთ. ძეგლთა დაცვა ჩვენი მთავრობის ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. ბოლო წლების განმავლობაში ამ მიმართულებით ბევრი საქმე გაკეთდა და ბუნებრივია, ეს მომავალშიც გაგრძელდება. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია განხორციელებული რეფორმა, რომლის თანახმად, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის სამინისტროები გაერთიანდა. ხშირად ისმის კითხვა, რა იყო ამის მთავარი მოტივაცია და მიზეზი. რა თქმა უნდა, გვქონდა სტრუქტურული არგუმენტი, რომ გვჭირდებოდა მცირე მთავრობა, მაგრამ ამავე დროს გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი შინაარსობრივი არგუმენტი, ვინაიდან ვფიქრობთ, რომ სწორედ ძლიერი განათლების სექტორი, ტრადიციებსა და ძლიერ კულტურაზე დაფუძნებული საზოგადოება და სპორტი და ჯანსაღი ცხოვრების წესი არის იმ ფასეულობების კომბინაცია, რომელიც საშუალებას მოგვცემს, საქართველოში ყოველთვის იზრდებოდნენ ძლიერი თაობები, ქმნიდნენ ძლიერ საზოგადოებას და შესაბამისად - ძლიერ სახელმწიფოს.

მინდა, ორიოდე სიტყვით შევეხო სოფლის მეურნეობასაც. ძალიან ბევრი კრიტიკა მომისმენია, რომ ამ სექტორს არ აქვს მომავალი საქართველოში და ტყუილად ახდენს სახელმწიფო ამ სექტორში ამხელა თანხის ინვესტირებას. მინდა, ყველას შეგახსენოთ, რომ ჩვენი მოსახლეობის თითქმის ნახევარი დაკავებულია სოფლის მეურნეობით. ეს ეხება ფაქტობრივად ყოველ მეორე ადამიანს, რომელსაც აქვს მნიშვნელოვანი სოციალური პრობლემები. წელს ჩვენი სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტი მილიარდზე მეტი იქნება. ეს არის ყველაზე კარგი პასუხი იმ სკეპტიკოსებისთვის, ვინც ამბობდა, რომ საქართველოში სოფლის მეურნეობას მომავალი არ აქვს. საქართველოში სოფლის მეურნეობას აქვს მომავალი იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ ჩვენი პოლიტიკის განხორციელებაში ძალიან ეფექტურები ვიქნებით. წელს რთველი იყო საუკეთესო და ყველაზე წარმატებული დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში. ამავდროულად, საუკეთესო წელი იყო ღვინის ექსპორტის თვალსაზრისითაც, მაგრამ გვაქვს ძალიან მტკივნეული გამოწვევებიც. შარშან აზიურმა ფაროსანამ ძალიან დაგვაზარალა, თუმცა გამოვიტანეთ მნიშვნელოვანი დასკვნები და წელს ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული მდგომარეობა გვაქვს. ვფიქრობ, 2020 წელს ამ ძალიან მტკივნეულ გამოწვევას ჩვენ საბოლოოდ დავძლევთ და დავამარცხებთ. განსაკუთრებით მტკივნეული აღმოჩნდა აზიური ფაროსანა აფხაზეთში მცხოვრები ჩვენი თანამოქალაქეებისთვის.

მინდა, დავუბრუნდე ჩვენს სამშვიდობო ინიციატივას - „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ". ჩვენ ორიენტირებულნი ვართ სამშვიდობო პოლიტიკაზე, ხიდების მშენებლობაზე, ინტეგრაციაზე, ადამიანურ ურთიერთობებზე. ეს სამშვიდობო პროგრამა 100%-ით პასუხობს ყველა იმ ადამიანის ინტერესებს, რომელიც დღეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხოვრობს. ჩვენ ერთობლივი ძალისხმევით უნდა შევძლოთ და შევაჩეროთ ის ჰუმანიტარული კატასტროფა, რაც დღეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებობს. ჩვენ გვჭირდება, ამ ტერიტორიაზე ჩვენს მოქალაქეებს ჰქონდეთ წვდომა ჯანდაცვაზე, განათლებაზე, ელემენტარულ სამეწარმეო საქმიანობაზე, რომ მათ შეძლონ თავიანთი ოჯახების გამოკვება. ჩვენ გვჭირდება ჩვენი მეგობარი ქვეყნების, საერთაშორისო ორგანიზაციების აქტიური მხარდაჭერა და დარწმუნებული ვარ, რომ აუცილებლად მოვახდენთ ამ ყველაზე მნიშვნელოვანი სამშვიდობო ინიციატივის რეალიზებას შემდგომი წლების განმავლობაში.

მინდა, გამოვყო მნიშვნელოვანი პროექტი, ვინაიდან ყველა სოფელში, სადაც ჩავდივარ, მთავარი კითხვაა - როდის გვექნება ბუნებრივი გაზი?! ჩვენი ძალისხმევით, ფაქტობრივად მოსახლეობის 80%-ს უკვე მიეწოდება ბუნებრივი აირი. რამდენიმე კვირის წინ ზემო აჭარაში გავხსენი პროექტი, რომლის მიხედვითაც უკვე ზემო აჭარის მოსახლეობასაც აქვს წვდომა ბუნებრივ აირზე. რამდენიმე წლის წინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ზემო აჭარაში ბუნებრივი აირი გვექნებოდა.

მისვამენ კითხვას, რა იქნება შემდეგი დიდი რეფორმა საქართველოში?! საქართველოში შემდეგი დიდი რეფორმა განათლება იქნება. ყველაზე დიდი სიმდიდრე და კაპიტალი, რაც საქართველოს აქვს, ეს ჩვენი მოქალაქეებია. საქართველოში არის ძალიან დიდი ნიჭი და ტალანტი. სამწუხაროდ, საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან, აღმოჩნდა ისე, რომ სწორედ განათლების სექტორის დაფინანსება იყო ყველაზე უფრო მცირე. ეს გახლდათ ძალიან სამწუხარო ტენდენცია, რომელიც უაღრესად ნეგატიურად აისახა ამავე დროს ჩვენს ეკონომიკურ პერსპექტივებზე. ჩვენ ვაპირებთ, ეს ყველაფერი შევცვალოთ. 2019 წელს ჩვენ დავიწყებთ რეფორმას, რომლის მიხედვითაც განათლების სექტორი გახდება დომინანტი ჩვენს ეკონომიკაში - ანუ ექნება მინიმუმ 10-11%-იანი წილი მთლიან შიდა პროდუქტში (მშპ). ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ სამჯერ უნდა გავზარდოთ ინვესტიციები განათლებაში. ჩვენ შევიმუშავეთ რეფორმა, რომლის მიხედვითაც გამოვყავით 5 დონე - სკოლამდელი განათლება, საშუალო განათლება, პროფესიული განათლება, უმაღლესი განათლება და მეცნიერება. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ ხუთივე დონეზე ჩვენი ეკონომიკა ხარჯავდეს თავისი მშპ-ს 10-11%-ს. სწორედ ეს არის გამოსავალი და გზა იმისკენ, რომ საქართველო ჩავაყენოთ განვითარებული ეკონომიკების მქონე ქვეყანათა რიცხვში. დარწმუნებული ვარ, სწორედ ეს რეფორმა იქნება ყველა ძირითადი პრობლემის დაძლევის გზა. დარწმუნებული ვარ, ეს რეფორმა მოიტანს სწორედ იმ სულისკვეთებას, რომელიც დაგვეხმარება, რომ ჩვენი ეკონომიკა გახდეს სრულიად განსხვავებული, დავძლიოთ ქვეყანაში დღეს არსებული ყველა გამოწვევა, უმუშევრობის, სიღარიბის თვალსაზრისით და მოქალაქეებისთვის საქმიანობის არეალის შეზღუდვის კუთხით. ეს არის ძალიან რთული ამოცანა. რა თქმა უნდა, მხოლოდ განათლების რეფორმით ამ პრობლემას ვერ მოვუვლით, მაგრამ სწორედ განათლების რეფორმა უნდა იყოს ამ ამოცანების გადაწყვეტის მთავარი ლოკომოტივი. ჩვენ ამ თვალსაზრისით უკვე მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით მომავალი წლის ბიუჯეტის წარდგენით, მაგრამ ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია. ჩვენი ინიციატივის შედეგად, განათლების სექტორს ექნება 10-11%-იანი წილი ჩვენს მშპ-ში.

არ შემიძლია, ხაზი არ გავუსვა ძალიან მნიშვნელოვან წარმატებას, რომელიც გვქონდა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე. ეს იყო მართლაც ღირსშესანიშნავი დღე ნებისმიერი ქართველისთვის, როდესაც ჩვენ შევძელით მთელი ევროპისთვის მოგვეხდინა ჩვენი ძალიან მდიდარი კულტურის დემონსტრირება. ჩვენ გვჭირდება მეტი ასეთი ღონისძიება, რომ მსოფლიოს ერები კარგად ხედავდნენ, რამხელა წვლილი და კონტრიბუცია აქვს შეტანილი ქართველ ერს მსოფლიო ცივილიზაციის განვითარებაში. აქაც ჩვენ კიდევ უფრო მეტად აქტიურები ვიქნებით.

მინდა, შევეხო სპორტს და ჯანსაღი ცხოვრების წესს. 2018 წელი მართლაც საოცარი და ჩემთვისაც კი მოულოდნელი იყო, იმის მიუხედავად, როგორ მიყვარს სპორტი. 800 მედალზე მეტი მოიპოვეს ჩვენმა სახელოვანმა სპორტსმენებმა და მინდა, მათ განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო. მსოფლიოში არ არსებობს სხვა პრეცედენტი, რომ ასეთ მცირერიცხოვან ერს ასეთი წარმატებები ჰქონდეს. ეს არის სრულია უპრეცედენტო მოვლენა. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერში წვლილი იმანაც შეიტანა, რომ ბოლო წლების განმავლობაში ჩვენ გავასამმაგეთ ინვესტიციები ქართულ სპორტში, მაგრამ მეტი გვჭირდება. ჩვენ გვჭირდება, ყველა ახალგაზრდას და მოზარდს საქართველოს ყველა კუთხეში ჰქონდეს სპორტულ ინფრასტრუქტურაზე ხელმისაწვდომობა. ჩვენ ძალიან მნიშვნელოვან სპორტულ ღონისძიებებს ვუმასპინძლეთ. მინდა გამოვყო რამდენიმე მათგანი - რა თქმა უნდა, ჭადრაკის ოლიმპიადა. ჩვენ ვამაყობთ ჩვენი ძალიან დიდი წარსულით ჭადრაკში და ეს ოლიმპიადა უნდა იყოს ამავე დროს ახალი ფურცელი, დასაწყისი ახალი ენერგიისა. ჩვენ ვუმასპინძლეთ ძალიან მნიშვნელოვან ღონისძიებებს. საქართველო უფრო აქტიურად იმკვიდრებს ადგილს მსოფლიოს სპორტულ რუკაზე, როგორც ქვეყანა, რომელსაც შეუძლია, ღირსეულად უმასპინძლოს ნებისმიერ სპორტულ ღონისძიებას. მინდა გამოვყო ჩვენი პარაოლიმპიელების მართლაც უნიკალური შედეგები 2018 წელს. მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჩვენ თანაბრად წარმატებულები ვიყავით როგორც გუნდურ სახეობაში, ასევე ინდივიდუალურ სახეობებში. არ მინდა, ვინმე გამომრჩეს, მაგრამ ამავე დროს, არ შემიძლია, თავს უფლება მივცე, რომ რამდენიმე მათგანი არ დავასახელო. გუნდურ სახეობებში გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი წარმატებები. ჩვენმა მორაგბეებმა, ფეხბურთელებმა, კალათბურთელებმა ძალიან დიდი სიხარული აჩუქეს გულშემატკივრებს. უნიკალური წარმატებები გვქონდა ინდივიდუალურ სპორტში. საქართველოს პოპულარიზაციისთვის განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნის ტოჩინოშინს, რომელმაც იმპერატორის თასი მოიგო. ჩვენმა მოჭიდავეებმა და ძიუდოისტებმაც განსაკუთრებული შედეგი აჩვენეს 2018 წელს და რა თქმა უნდა, ყველანი ძალიან ვამაყობთ, რომ მსოფლიოს ყველაზე ძლიერი ადამიანი ქართველია - ლაშა ტალახაძე. დარწმუნებული ვარ, ასეთი გამარჯვებები ჩვენ მიგვაღწევინებს მთავარ საწადელს, გადაგვაწყვეტინებს ჩვენს ეროვნულ ამოცანებს, იმ ორ ყველაზე მტკივნეულ გამოწვევას, რითაც დავიწყე. ჩვენ გვჭირდება მეტი გამარჯვებები.

2019-2020 წლებში საქართველოს საბიუჯეტო რესურსი იქნება დაახლოებით 27 მილიარდი ლარი. რა თქმა უნდა, ეს არ იქნება საკმარისი ყველა პრობლემის დასაძლევად, მაგრამ ეს არის მნიშვნელოვანი რესურსი იმისთვის, რომ ჩვენს მოქალაქეებს შევუმსუბუქოთ პრობლემები, დავეხმაროთ ჩვენს ეკონომიკაში ახალი შესაძლებლობების შექმნას, უფრო სწრაფი ტემპებით განვავითაროთ ეკონომიკა, ინფრასტრუქტურა, უფრო აქტიურები და წარმატებულები ვიყოთ ჩვენს რეფორმებში. ამისთვის გვჭირდება ძალიან ეფექტური მმართველობითი სისტემა. ჩვენ გავაგრძელებთ საჯარო სექტორის რეფორმას და მმართველობითი სისტემის მოდერნიზაციას. ჩვენ აუცილებლად უნდა მივიღოთ ისეთი მმართველობითი სისტემა, რომელიც უმოკლეს ვადებში გადაჭრის ჩვენი მოქალაქეების წინაშე არსებულ პრობლემებს. ეს რესურსი არსებობს და ის უნდა მოხმარდეს პირველ რიგში ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობას. ჩვენ დროულად უნდა მივიტანოთ ეს სიკეთე ჩვენს მოქალაქეებამდე და ამავე დროს, უნდა გვქონდეს განსაკუთრებული კომუნიკაცია და უკუკავშირი ჩვენს მოსახლეობასთან. ეს არის ჩვენი აბსოლუტური პრიორიტეტი.

მსურს, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო თითოეულ თქვენგანს. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით, ყველას მოგილოცოთ დამდეგი შობა-ახალი წელი, გისურვოთ ძალიან დიდი ბედნიერება და ჩემს სამშობლოს ვუსურვო წარმატებები და გამარჯვებები 2019 წელს!