საქართველოს მთავრობა
government.gov.ge

მამუკა ბახტაძისა და ჟან-კლოდ იუნკერის ხელმძღვანელობით ბრიუსელში საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის ახალი, უმაღლესი დონის ფორმატის პირველი შეხვედრა გაიმართა

2018-11-21

საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძისა და ევროკომისიის პრეზიდენტ ჟან-კლოდ იუნკერის ხელმძღვანელობით, ბრიუსელში დღეს საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის ახალი, უმაღლესი დონის ფორმატის პირველი შეხვედრა გაიმართა, რომელშიც საქართველოს მთავრობის წევრები და ევროკომისრები მონაწილეობდნენ.

ევროკომისია და საქართველოს მთავრობა კონკრეტული ნაბიჯების მეშვეობით თანამშრომლობის შემდგომ განმტკიცებასა და გაღრმავებაზე შეთანხმდნენ. აღინიშნა, რომ ახალი ფორმატი საქართველოსა და ევროკავშირს კიდევ უფრო აახლოებს.

მხარეებმა იმსჯელეს ევროკომისიასთან ახალი ფორმატის ფარგლებში განსახილველ თემატიკაზე, რომელიც ეკონომიკის, ვაჭრობის, კომუნიკაციების; განათლება-მეცნიერების, ინოვაციებისა და კულტურის სფეროებთან ერთად, მოიცავს მართლმსაჯულებასა და შიდა უსაფრთხოებას, სამოქალაქო დაცვის ჩათვლით.

უმაღლესი დონის პირველი შეხვედრის ფარგლებში, ევროპულ მხარესთან რამდენიმე შეთანხმება გაფორმდა, რომლებიც საქართველოსთვის ჯამში 231 მილიონ ევრომდე დახმარების გამოყოფას ითვალისწინებს.

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ფედერიკა მოგერინიმ ხაზი გაუსვა ასოცირების შეთანხმების მიერ ორივე მხარისთვის მოტანილ ხელშესახებ შედეგებს და აღნიშნა, რომ ევროკავშირს, პარტნიორებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მტკიცე და ამომწურავი ურთიერთობა საქართველოსთან აკავშირებს.

"ასოცირების ხელშეკრულებას მოაქვს ხელშესახები შედეგები როგორც საქართველოს, ისე ევროკავშირის მოქალაქეებისთვის და იძლევა უფრო მჭიდრო თანამშრომლობის შესაძლებლობას. ჩვენი მტკიცე გადაწყვეტილებაა კონკრეტული პოზიტიური შედეგების უზრუნველყოფა ყველა მიმართულებით - იქნება ეს ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლის უნარების განმტკიცება საქართველოში, მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის დაფინანსებისა და მასზე წვდომის უზრუნველყოფა, ინვესტიციები სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაში, თუ ახალგაზრდა ქართველებისთვის განათლების მისაღებად თუ ტურიზმისთვის ევროპაში ჩამოსვლის მეტი შესაძლებლობის შეთავაზება", - განაცხადა ფედერიკა მოგერინიმ.

ევროკავშირი და საქართველო შეთანხმდნენ 25-ზე მეტ კონკრეტულ ნაბიჯზე სამ სამიზნე სფეროში - ეკონომიკის, ვაჭრობის, კომუნიკაციების; განათლება-მეცნიერების, ინოვაციებისა და კულტურის; მართლმსაჯულებისა და შიდა უსაფრთხოების; რომელთა მეშვეობით ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში თანამშრომლობა გაფართოვდება.



პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური