საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 75 000-ზე მეტი პირი (II ჯგუფი) 2019 წლის პირველი იანვრიდან გაზრდილ სოციალურ პაკეტს მიიღებს
2018-11-12 მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 75 000-ზე მეტი პირი (II ჯგუფი) 2019 წლის პირველი იანვრიდან გაზრდილ სოციალურ პაკეტს მიიღებს, - ეს გადაწყვეტილება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ აღნიშნული ჯგუფის წარმომადგენლებთან დღევანდელ შეხვედრაზე გაახმოვანა. „ეს ეხება 75 000-ზე მეტ ჩვენს თანამოქალაქეს და რა თქმა უნდა, მათი საჭიროება უნდა გავითვალისწინოთ. ჯანდაცვისა და ფინანსთა სამინისტროებს ექნებათ დავალება, რომ აუცილებლად მოვიძიოთ ეს რესურსი მომავალი წლის ბიუჯეტში", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ. შეხვედრაზე სხვა საკითხებთან ერთად იმსჯელეს შშმ პირთა სათემო მომსახურების პროგრამის ფინანსურ მხარდაჭერაზე. „ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბოლო 5-6 წლის განმავლობაში ამ მიმართულების განვითარებისთვის გვაქვს გარკვეული რესურსები გამოყოფილი, იზრდება სოციალური პაკეტიც, თუმცაღა ისიც გვესმის, რომ ეს საკმარისი არ არის და მეტია გასაკეთებელი. საჭიროა განვითარებული ქვეყნების პრაქტიკა უკეთ გავაცნობიეროთ და დავნერგოთ ევროპული მოდელი, გავზარდოთ ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ჩართულობა ამ პროცესში, რაც უფრო ინკლუზიურს გახდის ამ მიმართულებას", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ. პრემიერ-მინისტრმა, ფინანსური მხარდაჭერის გარდა, ხაზი გაუსვა საზოგადოებრივ საქმიანობაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა აქტიური ჩართულობის, დასაქმების, კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებში მათი მონაწილეობის აუცილებლობას, ხელმისაწვდომი ჯანდაცვითა და დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფის მნიშვნელობას.
|