საქართველოს მთავრობა
government.gov.ge

პრემიერ-მინისტრი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა

2018-09-14

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს  სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ტოივო კლაარს შეხვდა.

შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით შექმნილი ვითარება.

ყურადღება გამახვილდა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატის, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მნიშვნელობასა და აღნიშნული პლატფორმების ეფექტიანად გამოყენების აუცილებლობაზე.  

საუბარი შეეხო საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივას - „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ", რომელიც კონფლიქტის შედეგად გაყოფილ საზოგადოებებს შორის ნდობის აღდგენას ისახავს მიზნად.

შეხვედრისას, განსაკუთრებით აღინიშნა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის როლი სამშვიდობო პროცესში და  ხაზი გაესვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო მისიების შეუზღუდავი წვდომის მნიშვნელობას.

პრემიერმა და ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა ასევე განიხილეს უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა მოძიებისა და იდენტიფიკაციის საკითხში არსებული სირთულეები.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური