საქართველოს მთავრობა
government.gov.ge

მამუკა ბახტაძე - ჩვენი სამიზნე უნდა იყოს ევროპის ბაზარი, რადგანაც ევროკავშირი არის ჩვენი მთავარი სავაჭრო პარტნიორი

2018-09-11

მიმაჩნია, რომ ჩვენი სამიზნე უნდა იყოს ევროპის ბაზარი, რადგანაც ევროკავშირი არის ჩვენი მთავარი სავაჭრო პარტნიორი; სწორედ ამაში მდგომარეობს ჩვენი სტრატეგია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მაკკეინის ინსტიტუტის და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის თბილისის საერთაშორისო კონფერენციაზე დღევანდელ მსოფლიოში საქართველოს როლის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
Financial Time-ის მთავარი რედაქტორი ედვარდ ლუსი დაინტერესდა, აუცილებელია თუ არა „ერთი სარტყელი - ერთი გზის „ინიციატივაზე მეტი ყურადღების გამახვილება იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო მდებარეობს ცივილიზაციათა გზაჯვარედინზე, ჩინეთი აშენებს მძლავრ ინფრასტრუქტურას, აღმოსავლეთ აზიისა და ევროპის დასაკავშირებლად და შეიძლება, იქცეს რუსეთის საპირწონე ფაქტორად.

პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველოს აქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ჩინეთთან, რომელიც სულ უფრო აქტიურობს თანამედროვე აბრეშუმის გზის გაყოლებაზე მდებარე ქვეყნებში.

„საქართველო წარმოადგენ კარიბჭეს ზღვაზე გასასვლელის არმქონე ქვეყნებისთვის, როგორებიცაა სომხეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი და სხვ. რა თქმა უნდა, საქართველოს აქვს თავისი როლი ხსენებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებში. ჩინეთი კიდევ უფრო აქტიურ მონაწილეობას მიიღებს ამ ქვეყნების ეკონომიკურ ცხოვრებაში, მაგრამ ჩვენი მისწრაფებები პირველ რიგში ეხება ევროკავშირის წევრობას, რასაც გავლენა აქვს ჩვენს ეკონომიკურ სტრატეგიაზე. სწორედ ამიტომ მიმაჩნია, რომ ჩვენი სამიზნე უნდა იყოს ევროპის ბაზარი, რადგანაც ევროკავშირი არის ჩვენი მთავარი პარტნიორი. სწორედ ამაში მდგომარეობს ჩვენი სტრატეგია", - აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური